22 დეკემბერი, კვირა, 2024

დირექტორის ეთიკის საკვანძო საკითხები

spot_img

ნატა შოთაძე
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის 2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

 

დირექტორის ეთიკის კოდექსი არის ქცევის წესები, რომელთა დაცვით ფასდება დირექტორის კომპეტენტურობა, მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთან კორექტული თანამშრომლობა. ამრიგად, ეთიკის მიზანი სავალდებულო ერთიანი წესების დამკვიდრებაა.

ეთიკის კოდექსს უნდა ეფუძნებოდეს სკოლის შინაგანაწესი. ის ვრცელდება საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საგანმანათლებლო ლიდერი უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სამართლიანი, არ უნდა ექცეოდეს სხვისი გავლენის ქვეშ; ნებისმიერ ვითარებაში უნდა იღებდეს სამართლიან გადაწყვეტილებებს, ხელს უწყობდეს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევას, სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას, იცავდეს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, პირადი მაგალითით აჩვენებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას.

დირექტორი უნდა ზრუნავდეს სკოლაში კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე, რათა სკოლამ სათანადო კონკურენციია გაუწიოს სხვა სკოლებს; ზრუნავდეს სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნაზე. საგანმანათლებლო ლიდერი არ უნდა იყოს რელიგიური თუ პოლიტიკური პროპაგანდის გამწევი, უნდა იცავდეს თითოეული პირის კონფიდენციალურობას, კანონმდებლობის დაცვით.

სწავლა-სწავლების ხარისხს სკოლაში განსაზღვრავს დისციპლინა, ამ მხრივ, დირექტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ არავის ღირსება არ შეიბღალოს. ნებისმიერ ვითარებაში უნდა ინარჩუნებდეს სიმშვიდეს, არ იყენებდეს ემოციურ-ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თანამშრომლობდეს მანდატურთან.

სკოლის ლიდერი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, დროულად აწვდიდეს მათ ინფორმაციას სიახლეების შესახებ ზოგადი განათლების სფეროში; არ უნდა ავრცელებდეს დაუსაბუთებელ, მცდარ ინფორმაციას, ეხმარებოდეს მასწავლებლებს მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.

დირექტორი თანამდებობას არ უნდა იყენებდეს პირადი მიზნებისთვის, კეთილსინდისიერად უნდა განკარგავდეს ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს, იცავდეს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, არ ეწეოდეს სკოლაში, საკუთარ მოსწავლეებთან, ფასიან მომსახურებას.

საგანმანათლებლო ლიდერის უპირველესი საზრუნავი მოსწავლეების ხარისხიანი განათლებაა, მათში სამოქალაქო, პატრიოტული და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესში.

ლიდერი უნდა ზრუნავდეს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე, რაც, ბოლო დროს, ყველა სკოლის პრობლემაა: მშობლების გაუცხოება და სკოლაში მხოლოდ ნეგატივის დანახვა… ლიდერმა უნდა იზრუნოს მშობლებთან თანამშრომლობაზე, მათთან შეხვედრებზე იყოს თავაზიანი, არ აყენებდეს მათ შეურაცხყოფას, მეტყველებდეს ეთიკურად, ითავსებდეს მრჩევლის ფუნქციას.

დაბოლოს, ლიდერი მუდმივად უნდა ზრუნავდეს, თავისი სკოლა გახადოს სასურველი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა სასწავლო დაწესებულებებს სწავლა-სწავლების ხარისხში, კვალიფიციური კადრების სიმრავლეში, ინკლუზიურ განათლებაში, თანამშრომლებს შორის პატივისცემასა და გუნდურ მუშაობაში, სადაც თითოეული ადამიანის აზრს პატივს სცემენ და სადაც  სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები