12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

დირექტორთა კონკურსის მონაწილეების პროტესტი განათლების სამინისტროსთან გრძელდება

spot_img

საპროტესტო აქციის მონაწილეები საჯარო სკოლის დირექტორთა კონკურსში არსებულ კანონდარღვევებს აპროტესტებენ და იმ არსებით დარღვევებზე მიუთითებენ, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პროცესის ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე.

„მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, რომ მიიღოს ყველა ზომა, რათა სამართლიანად და ობიექტურად იქნეს არსებული საკითხების გამოკვლევა და შეფასება! მასწავლებელზე უფრო თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში არაა, დამიჯერეთ, დანარჩენს ვეღარ მოგიყვებით, უხერხულია…“ – ეს მაია ეკალაძის სიტყვებია, რომელმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ, გუშინ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

გასული ღამე დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ სამინისტროს შენობის წინ ღია ცის ქვეშ გაატარეს.

ჩვენს რეალობაში, ხელისუფლებამ დაუშვა პრეცედენტი, მასწავლებლის მიერ შიმშილობის გამოცხადებისა.

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

მხოლოდ ერთს გეტყვით ძალიან მკაფიოდ, რომ 2023 წლის 4 დეკემბრის სუსხიანი ღამე, განათლების მინისტრის ბიოგრაფიაში სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება!

მასწავლებლის შიმშილობა უკიდურესი ტრაგედიაა! – წერს დავით ფერაძე სოციალურ ქსელში.

გაფიცულმა პედაგოგებმა სამინისტროსთან შიმშილობის დაწყება 4 დეკემბერს დააანონსეს. თუმცა, დღის განმავლობაში, მინისტრის შეხვედრა შედგა გაფიცულ მასწავლებლებთან, რომელსაც მინისტრის მოადგილეებიც – თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე ესწრებოდნენ. შეხვედრიდან გამოსულ მასწავლებლებს შიმშილობის დაწყების გეგმა არ შეუცვლიათ, რადგან მათივე განცხადებით, ეს შეხვედრა არაფრის მომცემი იყო – „ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის“.

გუშინვე, მინისტრმა, პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის სხდომის დასრულებისას, განაცხადა, რომ სამინისტრო ხვდება ყველას და მათთვის მნიშვნელოვანია თითოეულის გულის წუხილი. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას, მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ.

მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება, მასწავლებლები და მშობლები სცემენ პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია– განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გაფიცული პედაგოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შესაძლოა, იმ სერტიფიცირებული კანდიდატებისთვის, რომლებიც არსად არ წარუდგენიათ, უახლოეს მომავალში, კვლავ გამოაცხადონ გასაუბრება და არჩეული დირექტორების გარეშე დარჩენილ სკოლებში დაინიშნოს არჩევნები.

პედაგოგთა გაფიცვას სოციალურ მედიაში განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე ეხმაურება და წერს, რომ მხოლოდ მოწოდებები, რომ შიმშილობა შეწყვიტონ ან მოწოდებები, რომ სამინისტრო დათანხმდეს მოთხოვნებს, საკმარისი არ არის სიტუაციის განსამუხტად, სიტუაციის განმუხტვა კი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს.

ამიტომ, ალბათ გარკვეული გამოსავალიც უნდა შევთავაზოთ:

1) გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი 1200 სკოლაში, სადაც სამეურვეო საბჭომ არ/ვერ აირჩია კანდიდატები (გვესმის, რომ უმრავლესობაში ისევ არ იქნება კანდიდატი, მაგრამ 300-350 სკოლაა, სადაც შესაძლებელია იყოს კანდიდატები და 500 სერტიფიცირებული სკოლის დირექტორობის კანდიდატია, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ხელახალ არჩევნებში, თუმცა ფრუსტრაცია და იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ ბევრმა მათგანმა შესაძლოა უარი თქვას მონაწილეობაზე, მაგრამ ერთგვარი გამოსავალია არსებულ კრიზისში);

2) შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ;

3) სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს ამ პროცესში ჩართული ადამიანებისა და ორგანიზაციებთან შეთანხმებული ან მათი მონაწილეობითი ნდობით აღჭურვილი კომისია (162 კანდიდატს ეხება ეს საკითხი) და, გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ამ 162 კანდიდატსაც მიეცეს ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

4) გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება არჩეული სერტიფიცირებული კანდიდატები, 1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც, დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები მათთვის სასურველ სკოლებში, რომ სკოლებში, მაქსიმალურად, გვყავდეს სერტიფიცირებული დირექტორები;

5) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს:

() სკოლის დირექტორბის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც, მომავალში, ჩატარდება დირექტორების კონკურსი;

() შეიმუშავებს სტრატეგიას იმ სკოლებისთვის, სადაც არ არიან სერტიფიცირებული კანდიდატები, რომ მოხდეს სერტიფიცირებული კანდიდატების ამ სკოლებში არჩევა ან დანიშვნის პროცესი;

() შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლების პროფესიონალი ხელმძღვანელებით უზრუნველსაყოფად , მათი მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულებისა და ავტონომიურობის ინსტრუმენტების შექმნას;

() შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად;

6) სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება აიღოს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ.

მესმის, რომ არ არის იდეალური ვარიანტი, ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ეს ყველაზე კომპრომისული, ოპტიმალური და განვითარებაზე ორიენტირებული გამოსავალი, ამავე დროს, ეს არის განათლების სამინისტროს შესაძლებლობაც (შეიძლება ითქვას, მისი მხარდაჭერაც), რომ რეალურად დაიბრუნოს განათლების მართვის მექანიზმები, რომელიც მას ფაქტობრივად ჩამოცილებული აქვს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები