30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

დირექტორების შესარჩევად უახლოეს მომავალში კონკურსი ისევ გამოცხადდება

spot_img

დარჩენილ სკოლებში, სადაც დირექტორები ვერ შეირჩა ახალი კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ყველა კანდიდატს მიეცემა მონაწილეობის საშუალება, როგორც სერტიფიცირების მოპოვების მსურველებს, ასევე არსებულ სერტიფიცირების კანდიდატებს – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღეს განაცხადა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე.

გიორგი ამილახვარი:  „ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ სკოლის დირექტორების კონკურსს, რომელიც მე რომ დავინიშნე, უკვე დაწყებული იყო და მიმდინარეობდა პროცესი. აქაც, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, ჩვენ დავაკვირდით პროცესს და 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები, სამინისტროსა და მინისტრის ჩარევის გარეშე. შესაბამისად, აქ მე მგონი პასუხი გაცემულია ყველა კრიტიკოსზე, როდესაც ისინი გარკვეულ არაობიექტურობაზე საუბრობენ, ვინაიდან სასკოლო საზოგადოებამ თავად გადაწყვიტა, თუ ვინ უნდა იყოს დირექტორი 840 სკოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დარჩენილ, დაახლოებით, 1000 სკოლაში კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი. სულ გვაკრიტიკებენ, რატომ არ მოხდა კანდიდატების წარდგენა. არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად კონკურსში ამდენი კანდიდატი არ მონაწილეობდა. ამიტომ, ყოველგვარი მოსაზრებებისა და ხაზგასმის გარეშე, მინდა, პირდაპირ ვუთხრა ამ ადამიანებს, უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება ან უნდა, რომ მოიპოვოს, ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველას მივცემთ შესაძლებლობას, შემოვიდეს კონკურსში. უზრუნველვყოფთ, რომ არჩევნები სკოლებში იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და სამეურვეო საბჭოებმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ სკოლის ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, იმ აკადემიური თავისუფლებიდან და ინსტიტუციური გაძლიერებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ სკოლებს უნდა მივანიჭოთ, თავად გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი დირექტორი.“ 

რაც შეეხება დისკრეციის უფლებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მართალია მას აქვს კანონით მინიჭებული უფლება (დისკრეციის უფლება) და შეუძლია ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ადგილას დანიშნოს, მაგრამ ამას მიზანმიმართულად და შეგნებულად არ იყენებს, „ვინაიდან არ გვინდა, ჩვენი შეხედულება და ჩვენი გემოვნება თავს მოვახვიოთ სკოლებს, არამედ გვინდა, თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არის მათი დირექტორი. ბუნებრივია, დისკრეციის უფლება გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ამიტომ, უახლოეს მომავალში, ეს კონკურსიც გაიხსნება და ჩვენ, 2-3 თვეში, პრაქტიკულად, ყველა სკოლაში მივიღებთ ახალ დირექტორებსა და ლიდერებს.“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები