27 ივლისი, შაბათი, 2024

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება

spot_img

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირებაზე რეგისტრაცია 24 ოქტომბერს დაიწყო და 4 დეკემბრის ჩათვლით გასტანს. ცნობილია, რომ სერტიფიცირება ორ ეტაპად განხორციელდება – ტესტირება და გასაუბრება. დირექტორობის მსურველთა კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თუმცა, ჯერჯერობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ოფიციალურად, თარიღი არ გამოუცხადებია როდის შეძლებენ დირექტორობის მსურველები ტესტირების გავლას ან როდის ჩატარდება გასაუბრება.

სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს, დირექტორების სერტიფიცირების საკითხებზე გამართულ ვებინარზე, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, პირველი ეტაპი, ანუ ტესტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, მეორე ეტაპი კი – გასაუბრება, მომდევნო წელს გაიმართება. ზუსტი თარიღი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცნობია.

„წლის ბოლომდე ჩატარდება ტესტირება ფიზიკურ რეჟიმში, სადაც თქვენ ჩვეულებრივად, სერტიფიცირების ფარგლებში, დაწერთ ტესტს, რომლითაც უნდა დაადასტუროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. აქ მიღებული (ანუ ტესტში) დადებითი შეფასებით, უკვე მომდევნო წლისთვის (2023 წელს), შესაძლებლობა გექნებათ, გამოხვიდეთ გასაუბრებაზე. გავიმეორებ, პირველი ეტაპი – ტესტირება წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო გასაუბრება მომდევნო წლის ფარგლებში დაინიშნება. როდესაც ორივე ეტაპს გადალახავთ, მოგენიჭებათ სერტიფიკატი და უკვე შესაძლებელი იქნება, განიხილებოდეთ სკოლის დირექტორობაზე.

იმასაც დავაზუსტებ, რომ ეს სერტიფიკატი, 7 წლის განმავლობაში, გაძლევთ დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საშუალებას.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ გვყავს სისტემაში ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატები – ერთხელ უკვე ჩატარდა სერტიფიცირება 2012-2013 წლებში. ზოგიერთი მათგანი მუშაობს, ნაწილი არ მუშაობს, თუმცა, ყველა შემთხვევაში, მათთვისაც და სხვებისთვისაც, დაგეგმილია პროფესიული განვითარება/მხარდაჭერა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ასეთია დღევანდელი მოცემულობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათი მხარდაჭერისთვის და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა სერტიფიკატი. რეალურად, ეს ორი ეტაპია გადასალახი, რომ დირექტორობის მსურველებმა მიიღონ სერტიფიკატი, რაშიც, იმედია, ჩვენი ვებინარები დაეხმარებათ.“ – განაცხადა ნიკო სილაგაძემ.

რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი და მაინცდამაინც ახლა რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი, ნიკო სილაგაძე ხსნის, რომ ზოგადი განათლების რეფორმა კარგა ხანია მიმდინარეობს და ამ პროცესში ცენტრალური იდეის, ანუ რეფორმის გარშემო, ოთხ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ სკოლის ლიდერის მხარდაჭერაა, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, რომელიც განსაზღვრავს – რა, როგორ და რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში; არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლის ავტორიზაციის პროცესი, რომელიც საჯარო სკოლებისთვის წელს იწყება და რეალურად იმაზე ინიცირებით წარიმართება მუშაობა, თუ როგორ განვითარდეს სკოლა მთლიანობაში და მეოთხე მიმართულება – მასწავლებლის პროფესიული განვითარება. მისივე განმარტებით, ეს მიმდინარე პროცესებია, ზოგიერთი კი განხილვის სტადიაშია. „განათლების რეფორმაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მთლიანობა და ურთიერთდაკავშირებულობა მნიშვნელოვანი სიტყვებია. ამდენად, ზოგადადაც, მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებით, რომ დირექტორის როლი მნიშვნელოვანია სკოლის განვითარებისა და წინსვლის საქმეში, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს რგოლი იყოს შესაბამისობაში და კიდევაც უსწრებდეს წინ სხვა რგოლებს,“ – ამბობს ნიკო სილაგაძე.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge და რეგისტრაციასა და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური 35 ლარს შეადგენს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები