16 მაისი, ორშაბათი, 2022

დიორამა მულტიპლიკაციური ფილმის მიხედვით

spot_img

ხელოვნების გაკვეთილი ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ ის შემოქმედებითია და კრეატიული უნარების გარდა, ავითარებს მოზარდის ესთეტიკურ გემოვნებას. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეებთან ხელოვნების გაკვეთილები მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება-დაბრუნებითა და სახელმძღვანელოში მოცემული ილუსტრაციების დათვალიერებით შემოიფარგლება. კომპლექსური დავალება, როგორც სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვის საშუალება, გვეხმარება ხელოვნების გაკვეთილზე ძირითადი საკითხ(ებ)ის, თემ(ებ)ის შესასწავლად. აქვე დავამატებ, რომ სწორად შექმნილი დავალების პირობა გრძელვადიან მიზნებზე (სასწავლო ცნებამდე, როგორც უნივერსალურ მიზნამდე) მისვლასაც აადვილებს და აყალიბებს ე.წ. მკვიდრ წარმოდგენებსაც.

წარმოგიდგენთ კომპლექსური დავალების პირობას, რომლის განხორციელება მოსწავლეებისთვის სახალისოა და კოგნიტურ უნარებსაც ავითარებს. შევარჩიოთ რომელიმე მოკლემეტრაჟიანი, მულტიპლიკაციური ფილმი (ვთქვათ, „სიზმარა“), ვაჩვენოთ მოსწავლეებს და შევთავაზოთ, რომ აარჩიონ რომელიმე ერთი ეპიზოდი. უმჯობესია, თუ კლასი ერთ ეპიზოდზე შეჯერდება (ამისთვის გამოვიყენოთ  გონებრივი იერიში, მოსწავლეებს დავასახელებინოთ ეპიზოდები, შემდეგ კენჭისყრით გამოვკვეთოთ ერთი). ამის შემდეგ ვაცნობთ კომპლექსური დავალების პირობას (ეფექტურად ითვლება დავალების პირობის ფლიპჩარტით წარდგენა):

შექმენი დიორამა მულტიპლიკაციური ფილმის ეპიზოდის მიხედვით. გამოძერწე პერსონაჟები, გარემოს ელემენეტები (ცხოველები, სოკოები, მცენარეები…). ამისათვის გამოიყენე სხვადასხვა გეომეტრიული, ბუნებაში არსებული ფორმა. დიორამის შექმნისას გამოიყენე აპლიკაციისა და ფერწერის ტექნიკა.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:

♦ რომელი ტექნიკა შეარჩიე ჩანაფიქრის განსახორციელებლად;

♦ როგორი ფორმები გამოიყენე ნამუშევარში;

♦ რა სტრატეგიები გამოიყენე/ რა ნაბიჯები გადადგი დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე;

♦ რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას.

დავალების შესრულებამდე ბავშვებს ყველა ის საკითხი უნდა შევასწავლოთ, რომლებიც საჭიროა პროდუქტის შესაქმნელად. ზოგი საკითხი, შესაძლოა, მოსწავლისთვის ცნობილი იყოს, თუმცა  ეფექტიანი აქტივობა მაინც საჭიროა წინარე ცოდნის გასააქტიურებლად. პარალელურ რეჟიმში, მოსწავლეებს ვახსენებთ, რატომ გვჭირდება ამ საკითხის შესწავლა/გახსენება. ამით მოსწავლე ხედავს მოკლევადიანი (საკითხის შესწავლასა) და საშუალოვადიანი მიზნების (კომპლექსური დავალების) ერთმანეთთან კავშირს.

მოცემული კომპლექსური დავალების პირობის  მიხედვით ორ სამიზნე ცნებამდე უნდა მივიდეთ: სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები) და სახვითი ხელოვნების ტექნიკა.

 დავალების შესრულებისას უნდა ჩამოყალიბდეს მკვიდრი წარმოდგენები:

  1. სათქმელის (ამბის, გრძნობის, აზრის, შთაბეჭდილების, განწყობილების, ემოციების, დამოკიდებულებების, დაკვირვების შედეგების), მხატვრული ჩანაფიქრის გადმოსაცემად ადამიანი იყენებს ხელოვნების ენას, ანუ სახვითი ხელოვნების ელემენტებს (ფერი, ხაზი, ფორმა) და პრინციპებს (მაგ., რიტმი, ძირითადის გამოყოფა, კონტრასტი და სხვ.);
  2. ადამიანი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად იყენებს სხვადასხვა მასალასა და ტექნიკას.

რაც შეეხება საკითხთა ტიპოლოგიას, აქტიურდება ამ კონკრეტული დავალების შესრულებისას:

  1. ფერი
  2. ხაზი
  3. ფორმა
  4. ფერწერა
  5. ძერწვა

შესაძლოა, რომ დავალების შექმნის დროს გავითვალისწინოთ მესამე ცნებაც (სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები),  თუმცა, მასწავლებელმა არ უნდა გაიხადოს თვითმიზნად ცნებათა სიმრავლის დაფარვა ერთი დავალებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სასწავლო პროცესში არის მოსწავლის თვითრეფლექსია. მოსწავლეებს ძალიან უყვართ, როცა საუბრობენ, როგორ შეძლეს ნაშრომის შექნა, რა ნაბიჯები გადადგეს, რა გაურთულდათ/გაულიოლდათ. როცა მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს თვითრეფლექსიის საშუალებას, ამით მოსწავლე აღიარებულად და პატივცემულად თვლის თავს (მასლოუს მიხედვით: პატივისცემის მოთხოვნილება). თვითრეფლექსიის დროს ვითარდება თვითშეფასების უნარიც (შეფასება – ბლუმის მიხედვით, მაღალი სააზროვნო უნარია და ბლუმის „პირამიდის“ სათავეშია).

მოცემული სარეკომენდაციო ხასიათის სტატია ეყრდნობა ჩემს პრაქტიკას და მისი ეფექტიანობა დადასტურებულია დაწყებით საფეხურზე.

ეთერ გოგელიძე – სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, მხატვარი

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები