18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

დილემებით სწავლება საგანთა ინტეგრირების საფუძველზე

spot_img

თეონა შანიძე

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ რუსთავის №5 საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასების მასწავლებელი

 

 

დილემებით სწავლების არსი და მნიშვნელობა

დილემებით სწავლება მიეკუთვნება იმ ინტერაქციულ მეთოდთა რიცხვს, რომლებიც მოსწავლეს რეფლექსური და გადაწვეტილების მიღებისკენ ორიენტირებული ქცევისკენ განაწყობს. მისი მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ის მიეკუთვნება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს. მსგავსი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები რეალური, ცხოვრებისეული პრობლემის კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

დილემის შეტანა შესაძლებელია როგორც კონკრეტული საგნის, ასევე ინტეგრირებულ გაკვეთილებზე. დილემის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის უკავშირდებოდეს შესასწავლ საკითხსა და იმ აქტუალურ თემას, რომელიც საინტერესოა მოსწავლისთვის და სასკოლო საზოგადოებას აღელვებს.

დილემა – ეს არის ამბავი, რომელსაც ჰყავს მოქმედი პირები. ეს პირები ცხოვრებაში, მოულოდნელად, სხვადასხვა დილემის წინაშე დგებიან. მათ არასასურველ ალტერნატივებს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი. დილემის შინაარსი შეიძლება ეხებოდეს ეკოლოგიას, ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებს, ბიზნესს და სხვ.

VaKe მეთოდი და დილემებით სწავლება

 დილემებით სწავლება VaKE (Valuable and Knowledge Education – ღირებულებებისა და ცოდნის შეძენა) მეთოდის განუყოფელი ნაწილია. VaKE არის კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე აგებული სწავლა-სწავლების მეთოდი, რომელიც, ცოდნის შეძენასთან ერთად, მოსწავლეებს ღირებულებებს უვითარებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურზე.

VaKE-ის მიზნებია:

  • ღირებულებების გააზრება და ქცევაში ასახვა;
  • მიღებული ცოდნის გამოყენება;
  • პრობლემის გადაჭრის უნარისა და შესაბამისად, კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • დამოუკიდებელი სწავლის უნარის განვითარება და მოსწავლეთა თვითრეგულირებად შემსწავლელებად ჩამოყალიბება;
  • თანამშრომლობის უნარის განვითარება.

კონსტრუქტივისტური მიდგომის მიხედვით, ცოდნის შეძენა, აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება გარედან კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ ბავშვის მიერ მისსავე შინაგან სამყაროში უნდა აიგოს. მოსწავლე „საკუთარი ძალებით“ და მასწავლებლის ხელშეწყობით უნდა ცდილობდეს ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც სწავლა-სწავლების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

ღირებულებები მორალურად ან ეთიკურად ჩამოყალიბებული კონკრეტული ადამიანის სასურველი მახასიათებლებლია, რომელსაც აღიარებს როგორც ინდივიდი, ასევე ჯგუფი ან მთლიანად საზოგადოება. შესაბამისად, ღირებულებები გამოხატავს ადამიანის შეხედულებებს/წარმოდგენებს, მორალურ თუ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების სტილს, ხშირ შემთხვევაში, განსაზღვრავს მის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში და განსაზღვრავს მის გადაწყვეტილებებს.

კოლბერგის მორალური განვითარების თეორია

 ლოურენს კოლბერგმა, დილემების დახმარებით, შეძლო როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულების მორალური მსჯელობის შეფასება. გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანთა არგუმენტებზე დაყრდნობით, მან შემოგვთავაზა სწორისა და არასწორის შესახებ მორალური არგუმენტაციისა თუ მსჯელობის სტადიების დეტალური თანმიმდევრობა. კოლბერგმა მორალურ განვითარებაში გამოყო სამი საფეხური:

  1. პრეკონვენციური (preconventional) მორალური განსჯა – მხოლოდ ინდივიდის პირად მოთხოვნილებებსა და აღქმას ემყარება. ეს საფეხური მოიცავს შემდეგ სტადიებს:
  • დასჯა და ავტორიტეტისადმი მორჩილება – 6 წლამდე პატარები თავიანთ ქმედებებს აფასებენ დასჯის კრიტერიუმით. მათი მოქმედება მაშინაა სწორი, როდესაც არ დაისჯებიან და ავტორიტეტებს დაემორჩილებიან.
  • პირად ჯილდოზე ორიენტაცია – 5-დან 10 წლამდე ბავშვებში სწორსა და არასწორს განსაზღვრავს პირადი მოთხოვნილებები: „დამეხმარები – დაგეხმარები“.
  1. კონვენციური (conventional) მორალური განსჯა – ეფუძნება სხვათა მოწონებას, ოჯახის მოლოდინს, ტრადიციულ ფასეულობებს, საზოგადოების კანონებსა და სამშობლოს ერთგულებას. ეს საფეხური მოიცავს შემდეგ სტადიებს:
  • სოციალური ჯგუფის მოლოდინები – მოზარდობის ასაკში აზროვნება ისე ვითარდება, რომ ის რომელიმე სოციალურ ჯგუფს უკავშირდება.
  • ორიენტაცია კანონსა და წესრიგზე – ამ სტადიაზე მნიშვნელოვანია კანონი და წესრიგი იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ მთლიანი სისტემა შენარჩუნდეს.

 პოსტკონვენციური მორალური მსჯელობა (postconventional) – ეფუძნება აბსტრაქტულ, უფრო მეტად სამართლიანობის პირად პრინციპებს და არაა აუცილებელი, ეს პრინციპები განსაზღვრული იყოს საზოგადოების კანონებით. ეს საფეხური მოიცავს შემდეგ სტადიებს:

  • ფუნდამენტურ (ძირითად) უფლებებზე ორიენტაცია – ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს წარმოადგენს სიცოცხლე ან თავისუფლება. ადამიანები იღებენ ერთნაირ თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს ამ საფეხურზე.
  • ორიენტაცია უნივერსალურ მორალურ პრინციპებზე – ინდივიდუალური მორალური პრინციპები ემსახურება შინაგან უნივერსალურ სტანდარტებს. ადამიანები ემორჩილებიან წესებსა და კანონებს, თუ ისინი მათ პრინციპებს ეთანხმება. ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობს სოციალური წესრიგიც.

VaKE მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილზე მოსწავლე იღებს ცოდნას და მსჯელობს მორალური განვითარების მაღალი საფეხურის ღირებულებებზე.

 გაკვეთილის წარმართვა VaKE მეთოდით

VaKE მეთოდით მუშაობა გულისხმობს სასწავლო პროცესში დილემების შეტანას. დილემა (ბერძნ. იძულებითი მდგომარეობა) შეიცავს ორ ურთიერთგამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია, რაც ხშირად მორალური ღირებულებების კონფლიქტის საბაბი ხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს ორი არასასურველი შესაძლებლობიდან ერთ-ერთზე.

VaKE-ის სასწავლო პროცესში შეტანა 11 ნაბიჯით ხორციელდება:

პირველ ოთხ ნაბიჯზე მოსწავლეები განიხილავენ დილემას და მსჯელობენ მასთან დაკავშირებულ ღირებულებებზე. დისკუსიისას გამოიკვეთება ამ ღირებულებების მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტები.

მე-5 და მე-6 ნაბიჯზე მოსწავლე იძენს იმ დამატებით ცოდნას, რაც სჭირდება დისკუსიაში სრულყოფილად ჩართვისთვის. მე-7 და მე-8 ნაბიჯზე კი ხელახლა მონაწილეობს დისკუსიებში. თუ ხელახლა გამართულ დისკუსიებში ცოდნა ვერ გადაიჭრა, არასაკმარისი ცოდნისა და არამყარი არგუმენტების გამო, ეს პროცესი უნდა გამეორდეს. შესაბამისად, მე-9 ნაბიჯზე მოსწავლე ხელახლა ერთვება ახალი ინფორმაციის მოძიების პროცესში. პროცესი სრულდება მე-10 და მე-11 ნაბიჯზე შედეგების პრეზენტაციით – მოსწავლე, თანატოლებთან ერთად, ჭრის დილემაში წარმოდგენილ პრობლემას შეძენილი ცოდნის საფუძველზე.

დილემებით სწავლება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში

დილემებით სწავლების ეფექტურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, სასკოლო პრაქტიკაშიც დამენერგა სწავლების აღნიშნული მეთოდი და მე-3 კლასისთვის შევქმენი „მე და საზოგადოებისა“ და მათემატიკის ინტეგრირებული მატრიცა, რომელშიც მთავარ საკითხად შევიტანე ჩემ მიერ შექმნილი რესურსი – „ანდრიას დილემა“. მის მიხედვით განვახორციელე კომპლექსური დავალება: მოსწავლეები, ჯგუფური მუშაობის გზით, უნდა დახმარებოდნენ მთავარ გმირს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და პრეზენტაციის სახით წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები. ჯგუფის მიერ შერჩეული პრობლემის გადაჭრის გზა და მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი არგუმენტებით.

რესურსი „ანდრიას დილემა“ განკუთვნილია „მე და საზოგადოების“ და მათემატიკის დაწყებითი საფეხურის სტანდარტის შედეგების მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის სწავლების ხელშეწყობისთვის: ადამიანის მოთხოვნები და საჭიროებები; აღიარების საჭიროება; ღირებულებები და მსოფლმხედველობა; საზოგადოებრივი ჯგუფი – ოჯახი; ურთიერთობები; ჯანსაღი ცხოვრება; რიცხვი, ასოითი გამოსახულება, განტოლება, უტოლობა; შესაბამისობა, სიდიდეებს შორის დამოკიდებულება; მსჯელობა. (საზ.მეც.დაწყ.(I).3, 5, 7. მათ. დაწყ. (I). 3, 5, 6).

რესურსის გამოყენების მიზანია, მოსწავლეებს, საგნობრივი ცოდნის ათვისებათან ერთად, განუვითარდეთ მსჯელობის, დასაბუთების, არგუმენტირების – ე.ი. კრიტიკული აზროვნების უნარი, რეალური, ცხოვრებისეული სიტუაციიდან აღებული პრობლემის გადაჭრისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ასევე, მათ განუვითარდებათ თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და მეტაკოგნიტური უნარები. პრობლემაზე მსჯელობითა და გადაწყვეტილების მიღებით, ცოდნასა და ზემოთ ჩამოთვლილ გამჭოლ კომპეტენციებთან ერთად, მათ უვითარდებათ მორალური ღირებულებები.

რესურსი წარმოდგენილია ციფრული სახით, თუმცა შესაძლებელია მისი დაბეჭდვა და მატერიალურ რესურსადაც გამოყენება. დილემის შინაარსის უკეთ აღსაქმელად და მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მის მიხედვით შევქმენი ანიმაციური ვიდეო, რათა ნებისმიერი აღქმის უნარის მქონე მოსწავლისთვის გამემარტივებინა მასზე მუშაობა. იხ. ბმული:

https://drive.google.com/file/d/1aDm5u5AkDf3HKZTxc5-2Et7Efjk5qfY6/view?usp=sharing

ანიმაციის ბმული:

https://www.youtube.com/watch?v=Mr-RCYq43Jc

დილემაში წარმოდგენილი საკითხების უკეთ გასააზრებლად შევქმენი დამატებითი ელექტრონული რესურსი თემაზე „ბიუჯეტი და ფულის მართვა“, რაც მოსწავლეებს დაეხმარება ბიუჯეტის არსის წვდომაში, გაიგებენ, როგორ უნდა დაგეგმონ ბიუჯეტი, როგორ მართონ ფული და რა რჩევები გაითვალისწინონ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ცოდნის საფუძველზე, ისინი უკეთ შეძლებენ მსჯელობას დილემაში წარმოდგენილი პრობლემისა და მისი გადაწყვეტის გზების შესახებ. იხ. ბმული:

https://read.bookcreator.com/tHbX6SVyktPJ1pX6ifcPNmh72QU2/pIOn_cGxQwyqHOKmbqW9qA

ასევე, შევქმენი დამატებითი რესურსი – ამოცანა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები დილემაში წარმოდგენილ პრობლემას განიხილავენ რეალურ, ცხოვრებისეულ მაგალითზე დაყრდნობით, საჭირო გამოთვლების შესრულებით ისინი განიმტკიცებენ ცოდნას მათემატიკურ საკითხებთან მიმართებით და მიღებული შედეგები დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით. რესურსის ბმული:

https://drive.google.com/file/d/1XoRGv-Py1BuICF1q2ykArnsFrU4t8lZZ/view?usp=sharing

დამატებით შევქმენი აღნიშნული რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების გზამკვლევი, რომელიც დაინტერესებულ მასწავლებლებს გაუადვილებს წარმოდგენილი დილემის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას და მსგავსი რესურსების შექმნას. იხ. ბმული: https://drive.google.com/file/d/1CfnXe51GrcX-yjsQ1R50nY3AGxCWI6qD/view?usp=sharing

მოცემულ ბმულზე კი შეგიძლიათ უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ დილემებით სწავლებას, VaKE მეთოდს, კოლბერგის მორალური განვითარების თეორიას და ამ საკითხებზე ჩატარებულ კვლევებს: https://drive.google.com/drive/folders/1TMLQFQvYLcSe02DdPc7D5hmeRm7zG9z7?usp=sharing

ვიმედოვნებ, წარმოდგენილი რესურსები და პროფესიული ლიტერატურა დახმარებას გაუწევს ამ საკითხებით დაინტერესებულ მასწავლებლებს და შეძლებენ მათ წარმატებით გამოყენებას სასწავლო პროცესში. აქვე გიზიარებთ ბმულს, სადაც ყველა ზემოთჩამოთვლილი რესურსი ერთად არის წარმოდგენილი: https://drive.google.com/drive/folders/1C1sd8sw1rkDpiTex_afhcrvT-UW0M1jD?usp=sharing

უკუკავშირი შეგიძლიათ გამიზიაროთ შემდეგ ელფოსტაზე: Teonashanidze96@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!

 

გამოყენებული ლიტერატურა

Duska, R. & Whelan, M. Moral development. A guide to Piaget and Kohlberg. Paulist Press: New York. 1975.

Mead, Nick. Values and Professional Knowledge in Teacher Education. Routledge: New York. 2019.

Weinberger, A. Patry, J.L. & Weiringer, S. Improving Professional Practice through Practice-Based Research: VaKE (Values and Knowledge Education) in University-Based Teacher Education. Springerlink.com: Berlin. 2015.

ბერკი, ლორა. ბავშვის განვითარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2010.

ბოჭორიშვილი, მანანა. ლომიძე, ნინო. მეგრელიშვილი გურამ და სხვები. დილემებით სწავლება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი: 2023.

მალაზონია, დავით. ლობჟანიძე, სოფიკო. მაღლაკელიძე, შორენა და სხვები. მოქალაქეობრივი განათლება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2021.  

მოსიაშვილი, თამარ და შავერდაშვილი, ეკატერინე. ცოდნა და ღირებულებითი განათლება. შესავალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2018.

 

დანართი №1 – ფოტოსურათები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები