30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

დიგიტალური ქართველოლოგია

spot_img

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემა მიულოცა და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვა მზექალა შანიძემ, რომლის მისასალმებელი წერილი ონლაინჟურნალის პრეზენტაციაზე  წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები და დიგიტალური ჰუმანიტარიის დარგის წარმომადგენლები, პროფესორები – იოსტ გიპერტი, ბერნარ უტიე და კრისტა მიულერ-კესლერი, რომელთა სტატიები ონლაინჟურნალის პირველ ნომერშია გამოქვეყნებული. გამომსვლელებმა, საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ახლად დაარსებული ჟურნალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ ქართველოლოგებისთვის, ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ჟურნალის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა. მან ონლაინჟურნალის შექმნისა და გამოცემის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ჩართულ მხარეებს და, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა: „საქართველოს სამეცნიერო სივრცე ონლაინჟურნალის დახმარებით საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად იქნება გაზიარებული, რაც ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის საქართველოს შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით მასალებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის“.

სამეცნიერო ონლაინჟურნალი, რომელშიც 8 ქართველი და 6 უცხოელი მეცნიერის სტატიაა გამოქვეყნებული, მიზნად ისახავს საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობას, ინტერნაციონალიზაციასა და დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მომუშავე სპეციალისტებისათვის სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად შესაბამისი აკადემიური პლატფორმის შექმნას.

ონლაინჟურნალი დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია-საქართველოს მიერ არის დაარსებული და, ფრანკფურტის უნივერსიტეტთან ერთად, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივ სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენს.

ჟურნალს, რომლის რედაქტორია ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი მანანა თანდაშვილი, სამეცნიერო საბჭო განაგებს. სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით საქართველოდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები