მზია სალაძე
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი
მსოფლიოს (გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების)
შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება
მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, დიალოგის, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება გულისხმობს იმ სხვადასხვა სფეროთა შესახებ ფართო და კომპლექსურ ცოდნასა და მათ კრიტიკულ გააზრებას, რომელთა შორისაა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.
გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხების ცოდნა და კრიტიკული გააზრება მოიცავს: ბუნებრივი გარემოს, მასზე მოქმედი ფაქტორების, გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკების, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების ცოდნასა და გააზრებას, პასუხისმგებლობით მოხმარებასა და გარემოს დაცვისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საჭიროების გააზრებას.
დაწყებით კლასებში საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია, აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, გაიაზროს უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს უვითარდება სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რომელთაგან პრიორიტეტულია: გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა. ბუნებისადმი არასწორმა დამოკიდებულებამ გარემოზე უარყოფითად იმოქმედა, შეიცვალა ეკოლოგია, იმატა ბუნებრივმა კატასტროფებმა. გაჩნდა მეტი ინტერესი სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართ. რამდენად იციან ბავშვებმა, როგორ იზრუნონ გარემოზე, უსაფრთხო ქცევის წესები, თუ არიან მზად კატასტროფების შემთხვევებისგან თავის დასაღწევად ან როგორ დაეხმარონ სხვებს უბედური შემთხვევების დროს?
ტყეების შენარჩუნება და მეტი დაცული ტერიტორიები იმისთვის, რომ მთიანი საქართველო ხანძრის და მეწყერის კატასტროფული შედეგებისგან ნაწილობრივ მაინც იყოს დაცული, შესაძლებელი იქნება, თუ ისეთი აქტივობები დაიგეგმება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის მომზადებას, ისწავლოს ამ პრობლემისადმი სწორი დამოკიდებულება.
საქართველოში ტყეებს ტერიტორიის 40% უჭირავს და თან ტყის 90% ფერდობებზეა განლაგებული. ამიტომაც მათ, პირველ რიგში, დაცვითი ეკოლოგიური ფუნქცია გააჩნიათ – როგორც კი ეს საფარი ნადგურდება, ინტენსიურად წარმოიშობა ხანძრის, ღვარცოფისა და მეწყრის საფრთხე. ეს ყველაფერი მძაფრდება, როცა გლობალური დათბობა მიმდინარეობს, დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს და ნალექების რაოდენობა იზრდება, რის შედეგადაც ეკოლოგიური კატასტროფები მატულობს.
ამ ორ ფაქტორს ისიც ემატება, რომ საქართველოში გარემოს დაცვითი კანონმდებლობა მთლიანად განადგურებულია. საჭიროა სახმელეთო ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება; ტყეების მდგრადი გამოყენება; გაუდაბნოების, ნიადაგის დეგრადირებისა და ბიომრავალფეროვნების განადგურების დაძლევა.
პროექტ-გაკვეთილი: ვიზრუნოთ გარემოზე და უსაფრთხოდ დავისვენოთ ბუნებაში
პროექტ-გაკვეთილი მოიცავდა 2 საგაკვეთილო საათს (დაწყვილებული გაკვეთილი. 90 წუთი. პირველი გაკვეთილი – საკლასო ოთახში, მე-2 გაკვეთილი გრძელდება ახლომდებარე ტყეში) და 4 არასაგაკვეთილო საათს – ლაშქრობა ტყეში.
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი: მეორე
პროექტ-გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეებმა ისწავლონ გარემოს დაცვა, მასზე ზრუნვა, ბუნებაში უსაფრთხო დასვენება, ტყეში ქცევის წესების თავისებურებები და ცხოვრებისეულ სიტუაციაში ტყეში უსაფრთხოდ ყოფნისათვის აუცილებელი პირობების დაცვა. გააცნობიერონ, რომ ტყეში ხანძართან, მეწყერთან დაკავშირებული რისკის მართვა შესაძლებელია მოსწავლისათვის უსაფრთხო მოქმედების წესების სწავლებით ხანძრის, მეწყრის გაჩენამდე, მის დროს და შემდეგ.
პროექტ-გაკვეთილის მიზნები და შედეგები:
♦ გარემოს დაცვისა და მასზე ზრუნვის გაცნობიერება;
♦ ბუნებრივ გარემოში ადამიანისათვის მოსალოდნელი საფრთხეების გაცნობიერება;
♦ ბუნებაში უსაფრთხო დასვენების წესებზე საუბარი;
♦ ბუნებაში ყოფნისას სწორად ქცევის გაცნობიერება;
♦ ტყეში ხანძრის, მეწყრის დროს გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის მიმართვა და სიმულირებული განგაშისას ევაკუირება;
♦ ხანძრის, მეწყრის გაჩენამდე, მის დროს და შემდეგ მოქმდების წესების დემონსტრირება.
პროექტ-გაკვეთილის მიზანი: შედეგზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდები შეესაბამებოდა დაგეგმილ აქტივობებს, რაც ხელს უწყობდა სასურველი შედეგის მიღწევას. პროექტ-გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და ჩართულობა. მოსწავლეებმა ორგანიზებულად და მოტივირებულად იმუშავეს – წარმატებულად შეასრულეს დავალებები. მიზნის მიღწევას სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი.
პროექტ-გაკვეთილზე გამოყენებული მქონდა შემდეგი აქტივობები:
- წინარე ცოდნის გააქტიურება. გონებრივი იერიში
მოსწავლეები საუბრობენ ბუნებრივ გარემოზე, ტყეში ქცევის თავისებურებებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე; ასახელებენ რა სახის სტიქიური მოვლენები იციან.
- კითხვა-პასუხი – გარემო, ტყე; მეწყერი, ხანძარი ტყეში
პასუხობენ რა არის გარემო; როგორ ვიზრუნოთ მასზე; საკუთარი სიტყვებით განმარტავენ რა არის მეწყერი და ხანძარი; რა იწვევს ტყეში მეწყერს და ხანძარს; რა საშიშროება არსებობს ტყეში ხანძრისა და მეწყრის ჩამოწოლისას.
- ვიდეოფილმი ტყის ხანძარს და მეწყერზე
მოსწავლეები უყურებენ ვიდეოფილმს ტყეში მეწყრის და ხანძრის წარმოშობისა და საფრთხის შესახებ. ფილმის ნახვის შემდეგ საუბრობენ რა ნახეს ფილმში, საკუთარი ვარაუდებისა და მოსაზრებებისაგან განსხვავებული.
- მინი-ლექცია/კითხვა-პასუხი გადაუდებელ სამსახურზე, ტყეში სტიქიის დროს ქცევის წესებზე
მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს დამატებით ინფორმაციას თემის ირგვლივ; ესაუბრება გადაუდებელი სამსახურის დანიშნულებაზე; მოსწავლეები ასახელებენ იმ პირებს, ვისაც საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის უნდა მიმართონ; ამოიცნობენ მათ სიმბოლიკას; ასახელებენ ნივთებს, რომლებიც კლასის საგანგებო სიტუაციების ჩანთაში ალაგია; პასუხობენ კითხვებს: რა დანიშნულება აქვს გადაუდებელ სამსახურს? ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის (ასახელებენ პირებს) და როგორ მოიქცნენ ტყეში ხანძრის, მეწყრის დროს.
- ლაშქრობა/ექსპედიცია ტყეში. ნახანძრალი და დამეწყრილი ადგილების დათვალიერება
ტყეში ლაშქრობა/ექსპედიცია – ნახანძრალი და დამეწყრილი ადგილების დათვალიერება. აკეთებენ დასკვნებს: რა იწვევს ტყის ხანძარს და მეწყერს? რა უნდა გავაკეთოთ მათი თავიდან ასაცილებლად? როგორ აზიანებს ტყეს ხანძარი და მეწყერი? როგორ ვიქცევით, თუ ტყეში ყოფნისას გაჩნდა ხანძარი ან ჩამოწვა მეწყერი?
- ტყეში პრაქტიკული მუშაობა ჯგუფებში: მეწყერი, ხანძარი
შეარჩიეს ადგილი კოცონის დასანთებად, დანთების წესების დაცვით დაანთეს კოცონი პიკნიკისათვის; შეასრულეს დავალება, გააკეთეს პრეზენტაცია: ტყეში კოცონის ისე დანთების შესახებ, რომ არ გაჩნდეს ხანძარი. როგორ მოვიქცეთ, თუ ტყეში ხანძარია?
ააგეს მიწის მთა. მასზე დააწყვეს მცირე ზომის სათამაშო სახლები, ასანთის კოლოფები, ხის პატარა ტოტები. პრეზენტაცია – ,,მთის რომელიმე ფერდობს პატარა ნიჩბით გაუჩინეს ნაპრალი და აჩვენეს, როგორ ჩამოსრიალდება მთის კალთა. ისაუბრეს რა იწვევს მეწყერს, რა გავაკეთოთ მეწყრის თავიდან ასაცილებლად, როგორ მოვიქცეთ მეწყრის დროს.
- ტყეში მოქმედების წესების გათამაშება
თამაში: „როგორ გავექცეთ მეწყერს?“ და „ჩაიკუზე და გაცოცდი“.
- სასწავლო თამაში „საიდუმლო ყუთი“ – წესების გამეორება
თითოეული ჯგუფიდან, მორიგეობით, გამოდის ერთ-ერთი მოსწავლე და ამოაქვს ყუთიდან ბუნებაში ყოფნისას და სტიქიის დროს ქცევის ერთ-ერთი წესი, ეცნობა მას და შემდეგ ეცდება ამ წესის მხოლოდ მოქმედებით ახსნას. გუნდის დანარჩენი წევრები ცდილობენ ამ წესის გამოცნობას. თუ ჯგუფი არასწორ პასუხს ასახელებს, მაშინ მეორე ჯგუფის წევრს ეძლევა სწორი პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
- ტყეში დამეწყრილ და ნახანძრალ ადგილებში ხეების დარგვა
მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებული ნერგები დარგეს დამეწყრილ და ნახანძრალ ადგილებში.
- პროექტ-გაკვეთილის შეჯამება
პროექტ-გაკვეთილმა აჩვენა მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია, ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხი, ახალი ცოდნის სიღრმისეული გააზრება-განმტკიცების, ბუნების ობიექტებსა და ცნებებს შორის კავშირის ჩამოყალიბების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების, ზეპირი მტყველების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა შეძლეს ბუნებრივი გარემოს, მასზე მოქმედი ფაქტორების, გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკების, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლა და გააზრება; პასუხისმგებლობით მოხმარებისა და გარემოს დაცვისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საჭიროების გააზრება; კატასტროფების რისკისაგან თავის დაცვა.