9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი გამოწვევა

spot_img
ირმა ბოჭორიშვილი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმა მთავარი ინსტრუმენტია განათლების რეფორმის მიზნების მისაღწევად. დოკუმენტი განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს სასკოლო საზოგადოებისადმი, სამი მიმართულებით:

  1. სწავლა-სწავლების პროცესის ორიენტირება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე;
  2. სასწავლო პროცესის დაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე;
  3. ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს მიმართულებები შემთხვევით არ არის არჩეული, აქცენტი კეთდება დემოკრატიული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიურ წინსვლას და პიროვნულ განვითარებას. ამიტომ, დემოკრატიული  კულტურის კომპეტენციების განვითარება თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამასთან გვაქვს ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტის (2014-2017წწ.) ფარგლებში შექმნილი კომპეტენციათა მოდელი. მასში, დემოკრატიული და ინტერკულტურული კომპეტენციების შესახებ არსებული კონცეპტუალური 101 სქემის სისტემატური ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა 55 კომპეტენცია, რომელიც მაქსიმალურად დააახლოვეს და გააერთიანეს 20 კომპეტენციად.

საბედნიეროდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვთილზე დამუშვებული ტექსტები საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ მოსწავლეებს იმ ცოდნის, ღირებულებებისა და უნარების შეძენაში, რომლებსაც უნდა ფლობდეს პასუხისმგებელი მოქალაქე, თანამედროვე, მრავალფეროვან და დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“, რომელსაც მეექვსეკლასელები საყრდენ ტექსტად სწავლობენ თემაში „შენი თანატოლების ცხოვრებიდან“. მასში ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პრობლემაა წარმოჩენილი. მათ შორისაა ბულინგი, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში, დღემდე, მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, მასზე სათანადოდ გამემახვილებინა ყურადღება. მოსწავლეებს ზოგადი წინარე ცოდნა ჰქონდათ საკითხზე, თუმცა რამდენიმე დეტალი მეტად ჩაღრმავებას ითხოვდა. ამისთვის ერთ-ერთ აქტივობად „როლური თამაში“ გამოვიყენე. მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად და საკუთარი ტექსტებით მოირგეს როგორც ბულერის, ისე მსხვერპლის როლები და თავისუფლად გამოხატეს საკუთარი ემოციები. ამის შემდეგ, ერთად ვნახეთ ვიდეორგოლი „ბულინგი სკოლაში“. საბედნიეროდ, დისკუსიაში, რომელიც ჩვენების შემდეგ გავმართეთ, მოსწავლებს არ გაჭირვებიათ იმის აღნიშვნა, რომ ხშირად პრობლემა ბულერშია. მოძალადე ვერ ახერებს თავის წარმოჩენას და საზოგადოებაში დამკვიდრებას, რისთვისაც სხვაზე ძალადობს.

მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების გზებზეც იმსჯელეს, ამისთვის მათ, დამატებით რესურსად, „დემოკრატიული კულტურის პეპელა“ შევუტანე. გავაცანი აღნიშნულ მოდელში აღწერილი დემოკრატიული კულტურის სხვადასხვა მახასიათებლები და მათთან დაკავშირებული კომპეტენციები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის დემოკრატიულ კულტურასთან ასიმილირებას. მოსწავლეთა ყურადღება ღირებულებებზე გავამახვილე, ვთხოვე დაეკავშირებინათ ბულინგის გამომწვევ მიზეზებთან, რაც მათ ადამიანის უფლებებთან დააკავშრეს და სამრთლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობის ფაქტორებიც აღნიშნეს.

ჯგუფურად მუშაობის შედეგად, მოსწავლეებმა პეპლის ფრთებზე აღნიშნული უნარების, დამოკიდებულებების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების ის დისკრიპტორები მონიშნეს და ახსნეს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბულინგის პრობლემის მოსაგვარებლად (პატივისცემა, მოქალაქეობრივი აზროვნება, პასუხისმგებლობა, ემპათია, თანამშრომლობისა და კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები, მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება). ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვე, სურვილისამებრ, დაემზადებინათ პოსტერები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებზე, დაბოლოს მოვაწყვეთ გამოფენა.

ვთვლი, რომ განხორციელებული აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის დემოკრატიული განვითარების გზაზე სრულფასოვან და აქტიურ მოქალაქედ ჩამოსაყალიბებლად.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები