27 ივლისი, შაბათი, 2024

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე

spot_img

გვანცა ჟურულიშვილი
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

„ჩვენი დანიშნულების ობიექტური ხასიათი, კაცობრიობის ისტორიული წარსულიდანაც ნათლად ჩანს, თორემ რად იქნებოდა ჩვენთვის უკვდავი თემისტოკლე და ფიდიასი, არისტოტელე და პლატონი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომელთაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ, მოეწყოთ თავიანთი პირადი ბედნიერება. მაშინ მათ მაგიერ კაცობრიობის გმირთა პანთეონში პირველი რიგი დათმობილი ექნებოდათ ალკიბიადესა და კრასუსს, კატიკლინასა და ლუკულუსს; მაშინ მაჰმადი და ბუდა, კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ ეპიკურესა და არისტოკრატ რომაელთა წინაშე, რომელთა ცხოვრება მუდამდღე განცხრომა იყო, მაგრამ კაცობრიობა იმათ წინაშე როდი იხრის ქედს, ამათ სახელებს როდი ამობეჭდავს ოქროს ასოებით, თავის მეხსიერების დაფაზე, მას უფრო ისეთნი აინტერესებს, რომელთა ცხოვრება პირად ბედნიერებას კი არ მისდევდა, არამედ ობიექტური შინაარსის მოქმედებას ემსახურებოდა.“ – დიმიტრი უზნაძე

„ობიექტური შინაარსის“ შემოქმედება „სუბიექტივიზმის“ საწინააღმდეგოა და მოიაზრებს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს, რომელთა ქმედებაც დემოკრატიულ პრინციპებზეა აგებული და რომელთაც მოვლენათა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულებები, ცოდნის სათანადო გამოყენება და საკითხის კრიტიკული გააზრება შეუძლიათ. ამ უნარების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანებისათვის და, მით უმეტეს, მოზარდებისათვის, რომლებიც ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან. სხვადასხვა სპეციფიკური ცოდნის ქონასთან ერთად, მათ, უპირველესად, საზოგადოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებად ყოფნა ევალებათ.

მოზარდებში დემოკრატიული პრინციპების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორად შერჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაკვირვება და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაა.

იდეა, რომელიც საბაზო საფეხურზე ლიტერატურული ნაწარმოების სწავლებისას გამიჩნდა, გულისხმობდა სწორედ მხატვრულ ტექსტებში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებას, თანამედროვე კუთხით გააზრებასა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან ინტეგრირებას.

მიზნის მიღწევაში დამეხმარა ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტი „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“ და ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,სარჩობელაზედ“.

ტექსტის ამ პრინციპით გააზრება დოკუმენტის გაცნობითა და მოთხრობის თანმიმდევრული დეკოდირებით წარიმართა. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებიდან, მოსწავლეების თანამონაწილეობით, შევარჩიეთ და ვიხელმძღვანელეთ იმ კომპონენტებით, რომლებიც ჩვენი გაკვეთილის იდეისათვის მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ:

ღირებულებები:

  • ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება;
  • დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

დამოკიდებულებები:

  • პატივიცსემა;
  • მოქალაქეობრივი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • თავდაჯერებულობა;
  • გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება.

უნარები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზრივნების უნარ-ჩვევები;
  • ემპათია;
  • კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები.

ცოდნა და კრიტიკული გააზრება:

  • საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება.

საბოლოოდ, ნასწავლის შეჯამებისთვის, დავგეგმე გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო, ილია ჭავჭავაძის მიერ დასმული პრობლემა მოსწავლეებს თანამედროვე, დემოკრატიულად მოაზროვნე საზოგადოების ხედვის კუთხიდან განეხილათ და პრობლემის მოგვარების ახლებური გზა ეჩვენებინათ.

რადგან მოსწავლეებს დამუშავებული და გააზრებული ჰქონდათ ნაწარმოების თემა, იდეა, პრობლემა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებსაც კარგად იცნობდნენ, შევთავაზე როლური თამაში – ლიტერატურული სასამართლო. მე, მასწავლებელი, მიმართულების მიმცემი და გაკვეთილის ისეთივე მონაწილე ვიყავი, როგორიც მოსწავლეები. მოსამართლის მიერ ხელდასმის შემდეგ, საერთო გადაწყვეტილებით, მხარეების ინტერესები უნდა განეხილათ ნაფიც მსაჯულებს, რადგან ბავშვებმა ჩათვალეს, რომ საქმე, რომელიც თავიდან იყო „გადასახედი“, სწორედ მათი ვალდებულება გახლდათ.

კლასი გაიყო ორ ჯგუფად. თითოეული მხარე ტექსტში გამოკვეთილი ორი მთავარი პრესონაჟის, საზოგადოებისა და ბეჟანის, საქმეს განიხილავდა, წარმოადგენდა შერჩეული პერსონაჟის დაცვისა და ბრალდების მხარეს და დამნაშავეს (დანაშაულზე პასუხისმგებელ პირს), რომელსაც დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების პრინციპის დაცვით გამოკვეთდნენ, სათანადო სასჯელს გამოუტანდნენ (ამასთან ერთად, ბავშვები მოსაზრებებს ასაბუთებდნენ და გადაწყვეტილებას ამყარებდნენ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციიდან“ მოხმობილი სათანადო მუხლებით).

როგორც მოსალოდნელი იყო, გაკვეთილი აქტიური, მოსაზრებებით დატვირთული და შედეგიანი გამოვიდა. მოსწავლეთა აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა. ისინი თვლიდნენ, რომ დანაშაულის გამო პასუხი ყველამ უნდა აგოს, მაგრამ ამ ვითარების აცილება შეიძლებოდა, თუ ბიჭს საზოგადოება, კერძოდ, გარშემომყოფნი შემწყნარებლურად მოექცეოდნენ და მის მიმართ ემპათიურად იქნებოდნენ განწყობილნი. საბოლოოდ, „ნაფიც მსაჯულთა“ უმრავლესობამ დანაშაულზე პასუხისმგებელ პირად საზოგადოება, მათი თქმით, ბრბო მიიჩნია, ხოლო ბიჭი – გარემოების მსხვერპლად, რომელსაც ადამიანთა თანადგომა და მზრუნველობა არასდროს ჰქონია.

რასაკვირველია, ეს პროცესი მხოლოდ მიმბაძველობა იყო სასამართლოსი, მაგრამ, როგორც იტყვიან, „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ამ გაკვეთილმა მოგვცა, უპირველესად, ის, რომ მოსწავლეებმა ძირეულად გაიაზრეს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების არსი და მნიშვნელობა თანამედროვე ადამიანის, როგორც დემოკრატიულად მოაზროვნე პიროვნების, ჩამოყალიბებაში. და მეორე: თითოეული ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც სწავლობენ ან წაიკითხავენ, არის განსაკუთრებული იდეისა და სათქმელის მატარებელი – არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნაწარმოები რომელ ეპოქაში დაიწერა და რა ვითარებას ასახავს. ხშირ შემთხვევაში, პრობლემა, რომელიც მათშია წამოჭრილი, ადამიანთა ყოფიერებისთვის მარადიულია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა კუთხით დანახვასა და განსხვავებული ღირებულებებით გააზრებას მოითხოვს.

აქტივობა, რომელზეც ვისაუბრე, საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა, თავისი შინაარსით, საინტერესო და სტიმულის მომცემი იყო. სასიამოვნო შრომის შედეგად მივაღწიე დასახულ მიზანს, რომელიც ჩემი მუშაობის ძირითადი იდეა იყო: მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ, იცხოვრო სხვისი ცხოვრების გათვალისწინებით, ადამიანის უმთავრესი დანიშნულებაა; რომ ნებისმიერი დემოკრატიულად მოაზროვნე პიროვნება შემწყნარებელია და მისი ცხოვრების არსი, როგორც დიმიტრი უზნაძე იტყოდა, „ობიექტური შინაარსის ქმედებას ემსახურება“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სახელმძღვანელო „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“, ევროპის საბჭოს გამომცემლობა, 2016

https://rm.coe.int/georgie-competences-for-democratic-culture-geo/16808b391a

  1. დიმიტრი უზნაძე, „ცხოვრების აზრი“

https://burusi.wordpress.com/2009/05/15/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები