1 დეკემბერი, პარასკევი, 2023

დეზინფორმაცია

spot_img

მარინა აბაშიძე
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

დღევანდელი ინფორმაციული „ბუმის“ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორად მოპოვების, დახარისხების, გაფილტვრის, გაანალიზებისა და შეფასების უნარის ქონა. ყოველდღიურად, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ტელევიზიით, რადიოთი, ჟურნალ-გაზეთებსა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. 21-ე საუკუნის მოსწავლეზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი აუცილებელი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულობა და კრეატიულობა. ამ უნარების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს როგორც ფორმალურმა, ისე არაფორმალურმა განათლებამ. ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია იწარმოება და ვრცელდება, მათ გარეშე კი მცდარი და რეალური ამბების ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელია, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეს, მარტივი მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით, დეზინფორმაციის ამოცნობაში.

⇔ როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან და როგორ დავიცვათ თავი, არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი?

 მოდი, სანამ კონკრეტულად დეზინფორმაციის განმარტებასა და ფორმებს განვიხილავთ, უკან დავიხიოთ და წარსულში გადავინაცვლოთ. თუ დავფიქრდებით, დეზინფორმაციას საუკუნეების ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძვ.წ. 1274 წელს, ქალაქ კადეშის დაბრუნების მიზნით, ეგვიპტის ფარაონ რამზეს II-სა და ხეთებს შორის ბრძოლა გაიმართა. ფარაონმა ქალაქი დაიბრუნა, თუმცა, ჯაშუშებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, რომ ხეთები შორს იყვნენ, ფარაონმა კი დაიჯერა. ამით ჩასაფრებულმა ხეთებმა ისარგებლეს და თავს დაესხნენ, რომ არა დამხმარე რაზმები, ეგვიპტელები ამ ბრძოლას წააგებდნენ. რამზესს რეპუტაციის შელახვის ეშინოდა, ამიტომ ყველა ტაძარში დაახატვინა სურათები, სადაც ის ხეთებს მარტო ამარცხებდა, სინამდვილეში ომი დაზავებითა და ხეთების მეფის უფროსი ქალიშვილის ცოლად შერთვით დასრულდა. ეს ინფორმაცია იმიტომ მოვიყვანე, რომ ნათელი გახდეს, დეზინფორმაციას დიდი ხნის ისტორია აქვს და იგი გამიზნულად ხორციელდება.

⇔ ახლა კი, რა არის დეზინფორმაცია?

დეზინფორმაცია გულისხმობს მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც იქმნება, ქვეყნდება და ვრცელდება მიზანმიმართულად, რათა გამოიწვიოს საზოგადოებრივი ზიანი, დანერგოს გაურკვევლობა და დაბნეულობა სამიზნე აუდიტორიაში.

პროპაგანდა არის კომუნიკაციის ფორმა, ჭეშმარიტი ან მცდარი ინფორმაცია, რომელიც, ფაქტების შერჩევითი გამოყენებით, ფაბრიკაციითა და ნახევარ-სიმართლეებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედებას გულისხმობს.

მისინფორმაცია მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომლის უკან მიზანმიმართული განზრახვა არ დგას.

ყალბი ამბავი (Fake News) ცალკე აღებული ამბავი, ის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეიცავს და შესაძლოა, სრულიად გამოგონილი იყოს ან შეიცავდეს ნამდვილ ამბავსაც; კონტექსტიდან ამოგლეჯილადაა წარმოდგენილი, გაზვიადებულია, რათა მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.

ყალბი ამბების გავრცელება სხვადასხვა მიზანს ემსახურება, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ მკითხველის გამხიარულება, სარეკლამო შემოსავლის მიღების მიზნით, პოლიტიკური და ა.შ.

ყალბი ამბების გავრცელებაზე როცა ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ტროლებს, ბოტებსა და კიბორგებს, რა არის თითოეული მათგანი?

ბოტი ავტომატიზირებული პროფილია, კომპიუტერული პროგრამით მართული მომხმარებელი.

ტროლი პიროვნებაა, რომელიც არაავთენტური სახელით მოქმედებს ონლაინ სივრცეში.

კიბორგი – ბოტის ანგარიში, მას კონკრეტული ადამიანები აკონტროლებენ, რათა რეალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ.

⇔ დეზინფორმაციის ზეგავლენა:

გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება;

უნდობლობა;

პანიკა;

ქაოსი და სხვა.

⇔ როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია?

დეზინფორმაციის გამავრცელებლები ხშირად იყენებენ ფოტომანიპულაციას. ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ფოტომანიპულაციის ამოცნობა ფოტოზე კარგი დაკვირვებით შეიძლება (მაგ., ნივთების არაპროპორციული განლაგება), ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩრდილი, ყურადღება მიაქციეთ რამდენად ირეკლება ჩრდილი საგნებზე. ყალბი ფოტოს ამოსაცნობად, ასევე, შეიძლება გამოიყენოთ, გუგლში, ფუნქცია Search image with Google Lens, რომელიც ყველა დაკავშირებულ წყაროს აჩვენებს, სადაც მსგავსი ფოტოა გამოყენებული და მარტივად გაარკვევთ, შეესაბამება თუ არა მოცემული ფოტო რეალობას.

რაც შეეხება ვიდეომასალას, ტექნოლოგიების განვითარება ამ სფეროშიც დაიხვეწა და, უფრო და უფრო, რთული ხდება ნამდვილის ყალბისაგან გარჩევა. შესაძლებელი გახდა ფოტოზე მიმიკის, ჟესტიკულაციის, მოძრაობის, ხმის ტემბრის ცვლა, სხვა პიროვნების სახეზე სხვა ადამიანის სახის ისე „შერწყმა“, რომ მახვილი თვალის გარეშე სიყალბის გარჩევა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, კარგად დააკვირდით ბმულს და წყაროს სანდოობას, პირველწყაროს საძიებლად უნდა გამოვიყენოთ გაფართოებული ძიების მეთოდი, გუგლში უნდა ვეძებოთ კონტექსტის, თემის ან პიროვნების განცხადება და ყველა წყარო გულდასმით გადავამოწმოთ.

⇔ როგორ დავიცვათ თავი?

პირველ რიგში, დაფიქრდი, სანამ მასალას გაავრცელებ, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლად არ იქცე. დააკვირდი სანდოობას, რა წყარო ავრცელებს ინფორმაციას, გადაამოწმე სხვა წყაროებში, დააკვირდი სათაურს, გადაამოწმე შინაარსი და გამოქვეყნების თარიღი, შეისწავლე ფოტო, ავტორი, მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც ავრცელებს კონკრეტულ მასალას, დააკვირდი ბევრი ანონიმური წყარო ხომ არ არის სტატიაში.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები