ყოველ ერს ჰყავს უსაყვარლესი შვილი, ყველასგან გამორჩეული, ყოველმხრივ შემკული თავისი კაცობითა და მამულიშვილობით. ქართველი ერისთვის კი ერთ-ერთი ასეთთაგანია დიდი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი, რომლის დაბადების 185 წლისთავი წელს აღინიშნება.
„…რაც უნდა გამოჩენილი პედაგოგი დაიბადოს ჩვენს ქვეყანაში მომავალში, – წერდა „ბათუმის გაზეთი“ 1912 წელს, – გოგებაშვილი მუდამ დარჩება პედაგოგიის მამამთავრად და პირველ მოძღვრად… როგორც ყოველმხრივ სამაგალითო ადამიანი, იაკობ გოგებაშვილი არა მარტო სიტყვით იყო დიდი მასწავლებელი თავისი საყვარელი ხალხისა, არამედ პირადი ცხოვრებითაც, იგი საქმით ამტკიცებდა, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე.
თავისი უბადლო სახელმძღვანელოებით, მარად უკვდავი საბავშვო მოთხრობებით იაკობ გოგებაშვილმა ჰიმნი უმღერა ხალხის სიბრძნეს, ჰუმანიზმს, შრომის სიყვარულსა და პატრიოტიზმის უპირველეს გრძნობას.
„ამჟამად ქართული ენის უმთავრესი სახელმძღვანელოები დაბალ სკოლებში, – წერდა იაკობის თანამედროვე, საქართველოს დიდი მოჭირნახულე, ცნობილი გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არტურ ლაისტი, – არის „დედა-ენა“ და „ბუნების კარი“ იაკობ გოგებაშვილისა… ორივე ეს სახელმძღვანელო სასახელოდ შეიძლება შედარებულ იქნას ევროპის განათლებულ ხალხთა საუკეთესო სახელმძღვანელოებთან.
მაღალადამიანური თვისებებით, პატრიოტული სულისკვეთებით აღჭურვილი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, შედგენის პრინციპითა და იდეური მიმართულებით, უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ყოველმხრივ განვითარებული და განათლებული თაობის აღზრდას. მასში მოცემული ყოველი მოთხრობა, ლექსი თუ ხალხური შემოქმედების ნიმუში ემსახურება მოსწავლეებში სწავლის, შრომის, მშობლიური ბუნებისა და ხალხის სიყვარულის აღზრდას, მათში მტკიცე ხასიათის, ნებისყოფის, ჰუმანიზმის, მეგობრობის, პატიოსნების, სამართლიანობისა და სხვა თვისებების ჩამოყალიბებას. „ვინც იაკობის „დედა-ენას“ თავიდან ბოლომდე შეისწავლიდა, – წერს იოსებ იმედაშვილი, – უკვე მომზადებულ ადამიანად ითვლებოდა, ხოლო თუ „ბუნების კარსა“ და მის სხვა წიგნებსაც ყურადღებით წაიკითხავდა, მაშინ ხომ ყოველმხრივ განათლებული, ნასწავლი და განვითარებული, ცხოვრებაში გამოსადეგი მოსწავლე იქნებოდა“.
მოზარდი თაობის სიკეთე, ბედნიერება, მისი ზნეობრივი სრულყოფა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება იყო იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების ქვაკუთხედი, რასაც მისი ავტორის პიროვნული მსოფლმხედველობა, დიდი მამულიშვილური შთაგონება ასაზრდოებდა.
„დედა ენა“ მდიდარია ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშებით, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ მოზარდი თაობის აღზრდაში. მასში მოცემული ნაწარმოებების უმრავლესობა მოსწავლეთა ზნეობრივ აღზრდას ემსახურება, რადგან იაკობს ღრმად სწამდა: „პატიოსნების, კეთილშობილის გრძნობების აღზრდა მოზარდი თაობის გულში კიდევ უფრო საჭირო და ძვირფასია, ვიდრე გონების გამდიდრება სხვადასხვა ცოდნითა. ადამიანის ზნეობრივი დაცემის მთავარ ნიშნად ი. გოგებაშვილს მიაჩნდა სიზარმაცე, სხვისი შრომის ხარჯზე ცხოვრება და მუქთახორობა. ამიტომ „დედა ენაში“, მეტწილად, ისეთი ნაწარმოებები შეიტანა, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში სიზარმაცისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამომუშავებასა და შრომისმოყვარეობის აღზრდას. ამ მიზანს ემსახურება „დედა ენაში“ (ანბანის შემდეგ საკითხავ წიგნში) შეტანილი შემდეგი ნაწარმოებები: „ზარმაცი და ბეჯითი“, „სწავლაზედ ზარმაცი, ჭამაზედ მამაცი“, „თხა და გიგო“, „ბებერი და გოგოები“, „ჯერ შრომა, მერმე ხტომა“, „მკერავი გოგოცუნების სიმღერა“, „სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს“ და მრავალი სხვა. ამ უკანასკნელში დაგმობილია პატარა სანდროს საქციელი, რომელსაც წიგნი თვალის დასანახად ეჯავრებოდა და „სულ თამაშობასა და ეშმაკობაში იყო გართული“. მოთხრობიდან ბავშვები იგებენ, თუ როგორ ჩააფიქრა ზარმაცი სანდრო მათხოვრის ნაამბობმა, რომელიც სიზარმაცემ, ცელქობამ, სწავლაზე გულის აცრუებამ, შრომის უნარ-ჩვევების უქონლობამ დაუძლურებამდე და მათხოვრობამდე მიიყვანა. მოთხრობის დასასრულს ვკითხულობთ: „გლახის სიტყვები სანდროს გულს ელდასავით ეცა და ეს ელდა უებარ წამლად გაუხდა მის სიზარმაცეს. ამ დღიდან სანდრო სრულიად სხვა ბავშვად გადაიქცა. სიზარმაცე, უსაქმურობა და ეშმაკობა ჭირივით შეიძულა, ბეჯითობა კი სულითა და გულით შეიყვარა. დღე და ღამ სულ სწავლაში იყო გართული და ძილშიაც კი გაკვეთილებს იმეორებდა…
სანდრომ ბოლოს სწავლა ჩინებულად დაამთავრა და ცხოვრებაში დაიმსახურა მხნე და სასარგებლო მოღვაწის სახელი“.
შრომის გამაკეთილშობელ, მის უდიდეს გარდამქნელ ძალაზეა საუბარი მოთხრობაში „ორი სახნისი“, რომელთაგან ერთი სულ მუშაობს და პრიალაა, მეორე კი (კუთხეში მიგდებული) ლამის ჟანგმა შეჭამოს. ჟანგიანი სახნისის კითხვაზე – „აგრე რამ გაგამშვენიერაო“, – პრიალა პასუხობს: „შრომამაო“.
აქედან ბავშვები ასკვნიან, რომ ბეჯითი შრომა ამშვენებს, ალამაზებს და აკეთილშობილებს ადამიანს.
პატარა მოთხრობაში „ურგო ამხანაგი“ დაგმობილია ეგოიზმი, პირადი ბედნიერებისთვის ბრძოლა, „სხვისი ჭირის“ არად ჩაგდება. მასში მხილებულია პატარა კოტეს ეგოისტური საქციელი, რომელმაც მელანი არ ათხოვა ამხანაგს, „შენთვის როდი მიყიდიაო“, – უთხრა და ცივი უარით გაისტუმრა, თვითონ კი ამხანაგის მიერ შეთავაზებული ვაშლის ჭამაზე უარს არ ამბობს, პირიქით, „მოიტა, ჩქარა მომეო!“ გაიძახის.
ეგოისტური, კერძომესაკუთრული თვისებებია დაგმობილი აგრეთვე მოთხრობებში „ნაპოვნი სავარცხელი“ და „ჩხუბი არაფერზე“.
პატარა მოთხრობაში „ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს“ გაკიცხულია ორი ბიჭის საქციელი, რომლებიც გზაში ნაპოვნი დამპალი თოკის მითვისებისთვის ჩხუბის დროს წუმპეში ჩავარდნენ. ეს ნაწარმოები ბავშვებს შთააგონებს ერთმანეთის პატივისცემას, თავშეკავებას და არწმუნებს, რომ „ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს“.
ჩხუბის, კინკლაობისა და ერთმანეთის გაუტანლობის წინააღმდეგაა მიმართული ასევე მოთხრობა „მეზობლები“. ერთ-ერთმა გლეხმა კარის მეზობელს, სიმინდის ნაკვეთში მისი ცხენის შეპარვის გამო, ზარალი ერთი სამად გადაახდევინა. შემდეგ, როცა ამ ეგოისტი გლეხის ხბომ იმავე კარის მეზობელს ბოსტანი გაუოხრა, კეთილმა მეზობელმა ხბო პატრონს მიგვარა და უთხრა: „აი, შენი ხბო, ჩემი ბოსტნიდან მოგიყვანე, ჩაიბარე, მეზობლებს ჩხუბი და ჯიბრი არ შეშვენითო“. მეზობელს, თავისი საქციელის გამო, შერცხვა, ბოდიში მოუხადა და უთხრა: „ჩინებული კაცი ყოფილხარ, ივანე! მიირთვი უკანვე შენი ცხენის ფული და ვიცხოვროთ მეგობრულად, როგორც კარგ მეზობლებს შეშვენითო“. სულგრძელობის ასეთი მაგალითები ხელს უწყობს მოზარდებში მაღალზნეობრივი თვისებებების ჩამოყალიბებას, რაც ამკობს და ალამაზებს ადამიანს.
ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა, მომავალ თაობაზე ზრუნვაა გადმოცემული მოთხრობაში „ბერიკაცი და ნამყენი“. მასში ავტორი გვეუბნება, რომ კაცმა დღედაღამ უნდა იშრომოს, სიკეთე უნდა თესოს ერისა და ქვეყნისთვის და არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, მოხუცებული კაცი ერთ-ერთი ბიჭის შეკითხვაზე — „ბიძია, რას ეწვალები, შენ ხომ მაგის ნაყოფს ვეღარ მოესწრებიო“, პასუხობს: „ვიცი, ვერ მოვესწრები, მაგრამ სხვები მოესწრებიან, გაიხარებენ, მომიგონებენ და ცხონებას შემომითვლიანო, ფუტკარიც კი მარტო თავისთვის არ შრომობს და ადამიანმა როგორ არ უნდა იზრუნოს თავისი მოყვასისათვისა“.
ამავე მიზანს ემსახურება „დედა ენის“ პირველ ნაწილში შეტანილი ვაჟა-ფშაველას ლექსი „ქორი და წიწილა“. რაოდენი ჰუმანიზმი და ადამიანური გრძნობებია ჩაქსოვილი ამ ლექსში. ბავშვების გული სიყვარულითა და თანაგრძნობით ივსება კრუხის ქვითინზე, ქათმების მთელი მოდგმის გლოვასა და ზარზე.
ი. გოგებაშვილი საგანგებოდ არჩევდა მეგობრობის, კაცთმოყვარეობის გრძნობის აღმძვრელ მოთხრობებს, ლექსებს, ზღაპრებს, ანდაზებსა და გამოცანებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხრობაა „კეთილი გული“, რომლის მთავარი პერსონაჟებია პატარა ბიჭები კოტე და სანდრო. კოტე მდიდარი თავადის შვილია – სანდრო კი ღარიბი გლეხისა. როცა კოტეს სადილზე ეძახიან, სანდრო მას სთხოვს, მალე დაბრუნდეს, რათა თამაში განაგრძონ, თვითონ კი საჭმლის საჭმელად არ მიდის, რადგან შინ არაფერი ეგულება. კოტემ ეს მეგობრისგან გაიგო და სათანადო გადაწყვეტილებაც მიიღო. „კოტე სახლში რომ შევიდა, – წერს ავტორი, – მამას ყელზედ მოეხვია და მოსთხოვა ფული, რომლითაც მისთვის სააღდგომოდ ტანისამოსი უნდა ეყიდათ. მამას გაუკვირდა, როცა გაიგო რისთვისაც სჭირდებოდა კოტეს ფული და სიხარულით აღუსრულა სურვილი. კოტემ ფული თავის ტოლ სანდროს მიურბენინა“ და თავისი კეთილი საქციელით გაახარა იგი.
უანგარო დედაშვილურ სიყვარულზეა აგებული პატარა მოთხრობა „ვანო და ფრინველები“, რომელიც ბავშვებში მშობლებისადმი მოწიწების გრძნობას, დედისადმი ღრმა პატივისცემასა და მისი ამაგის დაფასების შეგრძნებას იწვევს. ანალოგიური შინაარსის ნაწარმოებები შეესატყვისება უმცროსკლასელთა სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას. ამიტომ ბავშვები ასეთ ნაწარმოებებს დიდი ხალისით, გატაცებით სწავლობენ და ჭეშმარიტ ადამიანებად ყალიბდებიან.
სიხარბე, მარტო საკუთარი მუცლისთვის ზრუნვაა გამოხატული მოთხრობებში: „ქორი და იხვი“, „ბოროტისთვის სიკეთე“, „გუგული“ და სხვა. ამ უკანასკნელს, აღმზრდელობითი მნიშვნელობის გარდა, შემეცნებითი ღირებულებაც გააჩნია. მასში ბავშვები პირველად იგებენ, რომ გუგული კვერცხებს სხვა ფრინველების ბუდეში დებს, „თვითონ კი ზარმაცულად სცხოვრობენ, დაფრინავენ ტყეში და, დედობრივ სიყვარულს მოკლებულნი, მარტო თავისი მუცლისთვის ზრუნავენ“.
„მოსამართლის ლექსში“ და პატარა მოთხრობაში „მარგალიტი“ დაგმობილია ზოგიერთი ადამიანისთვის დამახასიათებელი მანკიერი თვისებები – მექრთამეობა, გამოძალვა, მომხვეჭელობა, რამაც უკანასკნელ ხანს ფართოდ მოიკიდა ფეხი ჩვენში. ასეთი ნაწარმოებები უღვივებენ ბავშვებს მექრთამეობისადმი სიძულვილსა და უვითარებენ მორალური სიწმინდისა და სისპეტაკის გრძნობას.
ასევე გამათრახებულია „დედა ენაში“ ქურდობა, სხვისი ქონების მითვისება. ამ მხრივ, აღსანიშნავია პატარა მოთხრობა „სირცხვილის აშორება“. მისი დედააზრი ასეთია: შინისკენ მიმავალმა სანდრომ, რომელსაც ძალიან შიოდა, მეზობლის ბაღში შენიშნა „წითლად დახუნძული ვაშლი“. ვეღარ მოითმინა, სულმა წასძლია და ოთხი ვაშლი მოწყვიტა. მიირთმევდა ვაშლს სანდრო, მაგრამ იგი შხამად ეჩვენებოდა. „ეგ ხომ ქურდობა ჩაიდინეო“, – ჩასძახოდა შინაგანი, იდუმალი ხმა გზად მიმავალ ბიჭს. ბავშვმა არ იცოდა, რა ექნა. ბოლოს სახე გაუბრწყინდა, ვაშლის პატრონთან მიირბინა და ყველაფერი უამბო. „შეგარგოს ღმერთმა! – უთხრა კეთილმა დიასახლისმა“ და სინდისდამშვიდებულმა, გახარებულმა სანდრომ შინისკენ მოკურცხლა.
ეს ნაწარმოები ბავშვებს აჩვევს პატიოსნებას, გულწრფელობას, ჩადენილი დანაშაულის მონანიებას და გულახდილად აღიარებას.
„დედა ენაში“ შეტანილია არაერთი ლექსი, მოთხრობა, ანდაზა და ზღაპარი, რომლებიც ლოთობის, ღრეობისა და თავაწყვეტილი დროსტარების წინააღმდეგაა მიმართული. ასე, მაგალითად, ლექსში „ღვინო“ ლაპარაკია მის „უცეცხლოდ წამოდუღების“ თვისებაზე, რომელიც „რეგვენთან წამოჩქარდების“.
იგივე აზრია გატარებული „დედა ენის“ მეორე ნაწილში შეტანილ ლექსში „პური“, სადაც ყურადღებაა გამახვილებული ამ უკანასკნელის დადებით თვისებებზე და ღვინის ნაკლოვანებებზე, რომლისგანაც გვინახავს კაცი „…შერცხვენილ თავ-ლაფდასხმული, წუნწუხში ამოთხუპნული, კლდეზედა გადავარდნილი“.
ამრიგად, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის კლასიკოსი ი. გოგებაშვილი „დედა ენის“ სახელმძღვანელოებით ბავშვებს ისეთ მასალას აწვდიდა, რომელიც ნორჩთა გულსა და გონებაზე, მათ სულსა და ზნეობრივ სახეზე წარუშლელ კვალს სტოვებდა. „დედა ენის“ ესოდენ ძლიერი გავლენა, მისი ნათელი კვალი საუკუნე-ნახევრზე მეტხანს შემოგვრჩა და კვლავაც დარჩება ყოველი ჭეშმარიტი ქართველის გულში.
გაივლის კიდევ ასეული წლები, თაობები შეცვლიან თაობებს, მაგრამ ქართველი კაცის მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება იაკობ გოგებაშვილის სახელი. იაკობი და მისი მარად უკვდავი „დედა ენა“ იცოცხლებენ მანამ, სანამ ცოცხლობს ქართველი ერი და ჩვენი მშობლიური ქართული ენა.
დიახ, ეს ასეა: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის“.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იაკობ გოგებაშვილმა, თავისი კალმითა და პედაგოგიური მოღვაწეობით, ღირსეულად მოიხადა ვალი მშობელი ერისა და ქვეყნის წინაშე. მისი ნაამაგარის შეგნებულად შესწავლა და გააზრება მოზარდი თაობის ჭეშმარიტ მამულიშვილებად აღზრდის საწინდარია.






