24 ნოემბერი, კვირა, 2024

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“, ანუ პროფესია – მასწავლებელი

spot_img

ერთი წელიც არ იქნება, რაც ბავშვობის ოცნება ავიხდინე და მასწავლებელი გავხდი. მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. იმედია, ცოტათი მაინც დავეხმარები მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას. იქნებ, მოქმედ მასწავლებლებსაც სხვა კუთხით დავანახო თავიანთი საქმიანობა.

მასწავლებელი – ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებათა დიდი სკივრია ეს სიტყვა. ღიმილის გარეშე დღესაც ვერ ვამბობ… ჯერ კიდევ ვერ ვიგუე მიმართვა: „ლალი მასწ“.

ყოველ ჯერზე, როცა ჩემი მოსწავლეების ხმა მესმის, შიში მიპყრობს. მგონია, ახლა ბებო შემოვა და გამაღვიძებს.

ძალიან სენტიმენტალურ-რომანტიკულად დავიწყე. სინამდვილეში მასწავლებლობა რთულია! ძალიან რთული! სანამ ამ გზას დაადგებით, კარგად დაფიქრდით და დარწმუნდით, რომ ეს ის არის, რაც ნამდვილად გინდათ. პირველი სირთულე გარშემომყოფთა სკეპტიკური დამოკიდებულებაა. ბევრი „მასწავლებელი უნდა გამოხვიდე?“, „შენ ხომ კარგად სწავლობდი?“, „მასწავლებლობას რა უნდა?“-ს მოსმენა მოგიწევთ. მზად იყავით, რომ ღიმილით უპასუხოთ: „დიახ, მე მასწავლებელი ვარ!“ თავიდან შიში შეგიპყრობთ. შეიძლება ისიც იფიქროთ, ვერასოდეს ვერავის ვასწავლიო. ეს მალე გაივლის. თუ არ გაიარა, ახალი გზების ძიებამაც არ შეგაშინოთ. აქედანვე შეეგუეთ, რომ ბევრი რამის გადაფასება მოგიწევთ. ნგრევა ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა ამის გარეშე ახალს ვერ ააშენებ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მწამს. როგორც ვამბობდი, მასწავლებლობას დასაწყისიდანვე ახლავს სირთულეები. შენ თვითონ ძალიან ბევრი უნდა ისწავლო, რომ სხვისთვის გაბედო სწავლება. ამ შემთხვევაში, მონდომება და რწმენა დაგეხმარებათ. რწმენა იმისა, რომ რაღაც ღირებულს აკეთებთ. მე, მაგალითად, სულ ასე ვიმხნევებდი თავს: „შენ ხომ მასწავლებელი უნდა იყო! კეთილი ინებე, შეუძლებელი შეძელი! ჯერ შენ ისწავლე, რათა სხვისთვის სწავლების უფლება მოიპოვო!“ ახლა გაკვეთილს აღარ იტყვით! ყოველ გაკვეთილზე ისე ვნერვიულობ, თითქოს მე ვიყო მოსწავლე. თეორიული ცოდნა ცოდნად, მაგრამ ვერც ერთ წიგნში ვერ ამოიკითხავ გამზადებულ რეცეპტს: ასეთი და ასეთი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და კარგი გაკვეთილიო. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, გაკვეთილი კი – ცოცხალი პროცესი. არა, იმას კი არ ვამბობ, უნივერსიტეტი და მასწავლებლის გადამზადების პროგრამა ვერაფერში გეხმარება-მეთქი. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ მთავარი შენ ხარ და შენი მოსწავლეები. თეორია კარგი მეგობარია, რომელიც, ერთი ჩემი ლექტორის თქმისა არ იყოს, განხორციელების გარეშე უბრალო ქაღალდად იქცევა.

ცოტა დაგზაფრეთ, მგონი. მასწავლებლობა მხოლოდ ბრძოლა და ნერვიულობა არ არის. სწავლა-სწავლებას ბევრი სიხარულიც ახლავს, მთელი ცხოვრების მანძილზე გულის გამათბობელი მომენტებიც. ვერაფერი შეედრება განცდას, როცა ბავშვების სიხარულით ანთებულ სახეებს ხედავ და გრძნობ, რომ გამოგივიდა. არ მოგატყუებთ და არ ვიტყვი, ყველა გაკვეთილი ასეთია – მეთქი. არსებობს „გაფუჭებული გაკვეთილებიც“. ამასაც გმირულად უნდა შეხვდეთ და თვითგანვითარებისათვის რესურსად აქციოთ. კარგად დაკვირვება გაკვეთილის „ჩამგდებ“ მიზეზებზე დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ შემდგომი გაკვეთილები. დიახ, სწავლა-სწავლება ტყუილად კი არ ჰქვია! მასწავლებლებიც სწავლობენ, თურმე.

ახლა მთავარზე გადავიდეთ. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე პირადად, მასწავლებლისთვის ყველაზე მთავარი ბავშვებისა და საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარული მგონია. მიხვდით, რატომ დავარქვი სტატიას ასე? მასწავლებლობა ხომ პროფესია კი არა, ცხოვრების წესია. იმისთვისაც მზად იყავით, შუაღამისას რომ მოგივიდეთ მაგარი იდეა და წამოვარდეთ ჩასაწერად. კიდევ ბევრი უცნაურობა შეიძლება დაგჩემდეთ. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებსაც შეაპარებთ ამას ნელ-ნელა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენი მოსწავლეებიც იგრძნობენ თქვენს ემოციებს და ათმაგად დაგიბრუნებენ.

რომ შევაჯამოთ, ბევრი იფიქრეთ, სანამ პროფესიას აირჩევთ. ყველას რჩევა მოისმინეთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა გულს დაუთმეთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, თუ მასწავლებლობას მოინდომებთ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. იცოდეთ, რომ ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სულს ეხებით. მათი პატარა, თხელი ფრთების დაზიანება ძალიან ადვილია, გასწორება – რთული. გიყვარდეთ თქვენი მოსწავლეები და მიეცით მათ საშუალება, იფრინონ. რა ვიცით, იქნებ ამასობაში ჩვენც გვასწავლონ ის, რაზეც ბავშვობაში ერთხელ მაინც გვიოცნებია. ისევ „წავულიტერატორე“, მაგრამ მეპატიოს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ხომ გაგიგიათ, მე კი – ფილოლოგი გახლავართ.

ლალი კუკავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები