4 ივნისი, კვირა, 2023

დებრიფინგი გაკვეთილზე

spot_img
ნინო კვიტაშვილი
სსიპ იუნკერთა სახელობის თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

 

ტერმინი „Debriefing“, სამეცნიერო ლიტერატურასა და საძიებო სისტემებში, უამრავი სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება. მას განმარტავენ, როგორც შეხვედრას, რომელიც დასრულებული სამუშაოს შესახებ კონკრეტული, ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ტარდება. ქართულად შეესატყვისება – „ცოდნის გამოწურვა“. ეს მეთოდი, რომელიც პირველად ჯეფრი მიტჩელმა გამოიყენა (Jeffrey T. Mitchell, 1996, CISD – Critical Incident Stress Debriefing), წარმოადგენს სტრუქტურირებულ პოსტტრავმულ ჯგუფურ ინტერვენციას, პოსტტრავმული სტრესის შესამცირებლად; იყოფა შვიდ ფაზად (შესავალი, მთავარი ფაქტები, აზროვნება, რეაქცია, სიმპტომი, შესწავლა, განმეორება). მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად  სამედიცინო სფეროს პერსონალისთვის გამოსაყენებლად შეიქმნა, ეს მეთოდი შემდეგ არაერთი მიმართულებით განავითარეს.

DML (Debriefing for Meaningful Learning) არის გააზრებული სწავლის მეთოდი რეფლექსური აზროვნებისთვის, რომელიც მოსწავლეებს, არაერთ უნართან ერთად, ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებას უვითარებს. სწორედ ეს გახლავთ ჩემი, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებლის, აპრობირებული მეთოდი.

„დებრიფინგი“ არის პროცესი, რომელსაც აუცილებლად ახლავს თან უკუკავშირი და ჩართულობა, ის მიზნად ისახავს ანალიზის საშუალებით ინფორმაციის მიღებას.

მე და ჩემი მოსწავლეები „დებრიფინგის“ მეთოდს, გაკვეთილის დასაწყისში, რამდენიმე წუთს ვუთმობთ. შემთხვევითობის პრინციპით, წინასწარ შერჩეული მოსწავლე წინა გაკვეთილს მიმოიხილავს, განსხვავებულად ახსენებს თანაკლასელებს საკითხს, სვამს სპეციალურად მომზადებულ შეკითხვებს. შესაძლოა, თუნდაც თამაშით, გამოცანით, კროსვორდით ან სხვა ხერხით შეამოწმოს მეგობრების ცოდნა. ამ დროს გაკვეთილზე მყოფი ყველა მოსწავლე მობილიზებულია წინა გაკვეთილზე მიღებული და სახლში დამუშავებული ინფორმაციის გასახსენებლად, თან გასათვალისწინებელია, რომ მათ ფიქრისთვის დიდი დრო არ აქვთ, საკითხი ფუნდამენტურად უნდა ჰქონდეთ შესწავლილი, რათა პასუხები მყისიერად გასცენ. როდესაც მეგობრები პასუხობენ, ამავდროულად, „დებრიფინგის“ ავტორი „შესწავლილი საკითხების დაფას“ ავსებს და წერს მიმდინარე თემიდან საკითხებს, რომლებიც მათ იმ დღეს გაკვეთილისთვის ჰქონდათ მოსამზადებლად.

ჯეფრი მიტჩელის მიერ შემუშავებული ფაზების მსგავსად, საგაკვეთილო დებრიფინგსაც სჭირდება შესავალი, მთავარი ფაქტების გახსენება, მიზეზშედეგობრივი სააზროვნო შეკითხვები და ამ ყველაფრის განმტკიცება. ავტორმა, მომდევნო გაკვეთილის „დებრიფინგის“ დასაგეგმად, უნდა გაითვალისწინოს ეს ყოველივე. მან შეკითხვები უნდა დასვას შესწავლილი საკითხის, თანაკლასელების ასაკის, ინტერესებისა და რაოდენობის რელევანტურად, ჩართულობა თანაბარი რომ იყოს და გაკვეთილი საინტერესოდ დაიწყოს. ასევე გასათვალისწინებელია დრო, „დებრიფინგი“ უნდა იყოს ლაკონიური და 3-5 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, ამით დროის სწორად მართვას ეუფლებიან მოსწავლეები.

უკანასკნელი წლების კვლევები ადასტურებს, რომ მსოფლიოში გაიზარდა „დებრიფინგის როლი“ საგაკვეთილო პროცესში, თუმცა, საქართველოში, თითქმის, საერთოდ არ მიმართავენ ამ მეთოდს. საკუთარმა გამოცდილებამ – ჩემს მოსწავლეებზე დაკვირვებამ მაჩვენა, რომ სასკოლო სასწავლო პრაქტიკაში „დებრიფინგის“ მეთოდი მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზების, დამატებითი მასალებით საკითხის დეტალურად შესწავლის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისების, კლასის ჩართულობის, მოტივაციის გაზრდის, დეტალებზე დაკვირვების, გაკვეთილისთვის მუდმივი მზაობის, კლასზე უწყვეტი მონიტორინგის, სამომავლოდ გაკვეთილის სწორად დაგეგმარების და განწყობის ამაღლების გარანტია.

რეკომენდაცია გავუწიე „დებრიფინგის“ გამოყენებას გაკვეთილზე, გავუზიარე კოლეგებს და ბევრი მათგანი დამეთანხმა, რომ ამ მეთოდის შედეგად მოსწავლეების მოტივაციის ნიშნული მაღლა აიწია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Dyregrov, A. (1997). The process of psychological debriefing. Journal of Traumatic Stress, 10, 589-604.

Fanning RM, Gaba DM. (2007) The role of debriefing in simulation-based learning.

American Heritage Dictionary of the English Language (AHDEL) (5th Ed.).2011. Retrieved January 23, 2015, from http://www.thefreedictionary.com/Socraticþquestion. Bybee, R. W., Buchwald, C. E., Crissman, S., Heil, D. R., Kuebis, P. J., Matsumoto, C., & McInerney, J. D. (1989). Science and technology education for the elementary years: Frameworks for curriculum and instruction. Washington, DC: National Center for Improving Science Education.

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები