საჯაროობა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება რომ ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ გამოხატვის ხელოვნებას ცოტანი თუ ფლობენ. ჩვენი ქვეყნის უფროსი და საშუალო თაობის მოქალაქეებს ამის პრაქტიკული გამოცდილებაც არ აქვთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მთელი 70 წლის განმავლობაში, მათ აზრს არავინ ეკითხებოდა. კიდევ უფრო წარმოუდგენელი იყო საჯარო დისკუსიების გამართვა და რაიმე საკითხზე მსჯელობა ფართო საზოგადოების ჩართულობით. უკვე 30 წელია, ეს უფლება კონსტიტუციით მოგვენიჭა და აქტიურადაც ვიყენებთ. ბეჭდური და ელექტრონული მედია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია – აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსიები, დებატები, თოქშოუები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მაგრამ ხომ არსებობს რაღაც სტანდარტი, რომლის ცოდნა და დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ პროცესი ხარისხიანად წარიმართოს, მსჯელობა ან კამათი საქმიანი, არგუმენტირებული იყოს, რათა მკითხველმა ან მაყურებელმა აზრის სწორად გამოტანა შეძლოს? დიახ, რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი სტანდარტი/გამოცდილება და იგი განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების მონაპოვარია. მისი სწავლა კი ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
➡?სწორედ ეს მისია აკისრია „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე უფრო დეტალურად გვიამბობს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
რეგიონული ტურნირი დასრულდა
ვიდრე ორგანიზაციის საქმიანობასა და ამოცანებზე ვისაუბრებ, მინდა იმ მასშტაბური ღონისძიების შესახებ გითხრათ, რომელიც ახლახან დასრულდა. ვგულისხმობ დებატების რეგიონულ ტურნირს, რომელიც წელს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ სივრცეში ჩატარდა. 5 დატვირთული დღე გრძელდებოდა ეს ღონისძიება, მასში მონაწილეობდა 500-მდე მოდებატე, დებატკლუბის ხელმძღვანელი და მსაჯი. ტურნირში ქვეყნის 6 რეგიონი ჩაერთო: კახეთი, თბილისი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა და რაჭა, სულ – 123 გუნდის მოდებატეები.
ტურნირი განხორციელდა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ეგიდით, Visegrad Fund-ის პროექტის „დებატები მუზეუმებში“ ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად.
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომლის ფინანსური მხარდაჭერის გარეშეც, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა ტურნირისთვის მზადებაც და მისი ჩატარებაც. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო გამოდგა პროექტში ჩართული მუზეუმებისთვის ტურნირში მონაწილეობა — შეირჩა 10 გამარჯვებული მუზეუმი მთელი საქართველოდან. დებატებმა ისინი ევროპელ კოლეგებს დააკავშირა, რაც მათი შემდგომი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და საქმიანი ურთიერთობის საწინდარი იქნება.
ზოგადი შეფასების სახით, შემიძლია ვთქვა, რომ გასაოცარი ცოდნა და დებატების კვალიფიკაცია გამოავლინეს მონაწილე მოსწავლეებმა, რაც, რა თქმა უნდა, მათი დებატკლუბების ხელმძღვანელების დამსახურებაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი მსაჯების თავდადებული შრომაც მთელი ტურნირის განმავლობაში. მათი კვალიფიკაციური და ფილიგრანული სიზუსტით გაკეთებული შეფასების შედეგად გამოვლინდნენ გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალურ ტურნირში. შემდეგ იქნება ნახევარფინალი და ფინალი, ბოლოს საუკეთესო ადგილების მფლობელები ინგლისურ ენაზე გაივლიან გასაუბრებას ენის ცოდნისა და სპიკერობის უნარის შემოწმების კუთხით. ამის შემდეგ დაკომპლექტდება გუნდი საერთაშორისო დებატების ტურნირში მონაწილეობისათვის, სადაც სხვა დროსაც არ შეგვირცხვენია თავი, ყოველთვის მოწონებას ვიმსახურებდით და დიდი იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება.
თავისუფალი მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობა
ეს ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, უფრო კონკრეტულად, დებატების უნარის გამომუშავება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია (სხვა უნარებთან ერთად) ამისათვის. პროგრამის წარმომავლობაც – აშშ და ევროპის ქვეყნები – სწორედ ამაზე მიუთითებს. ჩვენი ინსტიტუტი კი 2009 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ამიტომაც, პროგრამის შემოსვლისთანავე, დავიწყეთ საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციასთან საქმიანი ურთიერთობა. ჩვენი აქტიურობა ნაციონალურ დონეზე და საერთაშორისო შეხვედრებსა თუ დებატებში მონაწილეობა გახდა ჩვენი ასოცირებულ წევრად მიღების საფუძველი, რასაც მოგვიანებით, სრულუფლებიანი წევრობა მოჰყვა, ეს კი გულისხმობს მკაცრად განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებითა და კრიტერიუმებით მუშაობას. როცა ვამბობთ, რომ პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, ინფორმაციის მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვ., ვგულისხმობთ, რომ ამ უნარების გამომუშავების მთავარი ინსტრუმენტი დებატების ხელოვნების დაუფლებაა. ეს კი, თავის მხრივ, ბევრ ნიუანსს გულისხმობს. დებატების ტექნიკის შესწავლა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომავალი მოდებატისთვის, ეს პერიოდი კი 60 აკადემიურ საათს მოიცავს, რაც საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტით მიღებული აუცილებლობა. ტექნიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია დრო, თანმიმდევრობა, სტრუქტურა, დაპირისპირების ტექნიკა, გუნდურობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქცია, თემის დამუშავების ტექნიკა და ბევრი სხვა ფრაგმენტი.
პროგრამაზე ხელმისაწვდომობა და სამიზნე ჯგუფები
დებატების უნარი სჭირდება ყველას, მოზარდსაც და ზრდასრულ ადამიანსაც, სტუდენტსა და სახელმწიფო მოხელეს, მეცნიერსაც და ხელოვანს, შეუზღუდავია ასაკიც. ჩვენი მისია ხომ გამართული და დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა, ეს კი ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, მაგალითად პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, ძირითადად, რეგიონებზეა ორიენტირებული – პროექტში ჩართული 50-მდე სკოლიდან, მხოლოდ 8 სკოლაა თბილისში. გვინდა, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში, ისწავლებოდეს დებატების ხელოვნება. ნელ-ნელა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი ქსელი, აქაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. მსგავსი ფინანსური მხარდაჭერა იშვიათად აქვთ საგანმანათლებლო პროექტებს და ეს ნამდვილად საუკეთესო გამონაკლისია. სწორედ ამ ფონდმა მოგვცა საშუალება, დებატების ხელოვნება მხოლოდ ერთდჯერადი და ხანმოკლე აქტივობებით კი არ შემოფარგლულიყო, არამედ გრძელვადიანი და მაქსიმალურად მაღალ შედეგებზე ორიენტირებული სწავლება გამხდარიყო. შესაბამისად, რამდენიმე კერძო სკოლის მოსწავლეებისა და სხვა მცირე ჯგუფების პრივილეგია კი არა, ახალგაზრდების რაც შეიძლება დიდი ნაწილისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. სკოლებში წელსაც გრძელდება დებატკლუბების შექმნა, იზრდება მსურველი მოსწავლეების რაოდენობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლებს აქვთ რესურსი, როტაციულად, ყოველწლიურად, მოამზადონ ახალ-ახალი ბავშვები, საგანგებო წესით დააკომპლექტონ ორი ასაკობრივი ჯგუფი – VII-IX და IX-XII კლასებით. ამ პროცესში ჩვენც ვართ ჩართული – მთელი წლის განმავლობაში, 3-4-ჯერ მაინც, ვესწრებით ხოლმე მეცადინეობებს, თუმცა, ეს არ არის კონტროლი, ეს კარგი, საქმიანი თანამშრომლობაა.
ჩვენი პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელთან გვიმუშავია, მათ შორის, პოლიტიკოსებთან, საჯარო მოხელეებთან, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. მათ ძალიან კარგად ესმით, მოზარდებზე უკეთაც, მოდებატის უნარების შეძენით რამდენად უკეთ გამოუვათ ის საქმე, რასაც აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ, ამ შემთხვევაში, შედეგი არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც მოზარდებში, მთავარია, მათ აქვთ სურვილი და ინტენსიურადაც მოგვმართავენ, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.
რა ნიშნებით შეირჩევიან დებატების კლუბის წევრები, მათი მასწავლებლები და მსაჯები
კლუბის დაკომპლექტებასაც თავის წესები აქვს, აქაც ბევრი ნიუანსია, ვადგენთ მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობას, მაგრამ რაკი შევდივართ სკოლაში, ვცდილობთ დაფარვა მაქსიმალური იყოს. სისტემა ისეა აწყობილი, იმდენად საინტერესო პრეზენტაციები კეთდება, რომ ძალიან ბევრი ბავშვი ინტერესდება. შერჩევისას უპირატესობა მაღალი მოტივაციის მქონეთ ენიჭებათ, რადგან კლუბის წევრებს ეწყებათ სისტემატური მეცადინეობები და მოტივაციის გარეშე ამ დატვირთვისთვის გაძლება რთულია. წარმოიდგინეთ, ისეთი პასუხისმგებლიანები ხდებიან, რომ პანდემიის არასტაბილურ ვითარებაშიც კი, როცა ხან წყდებოდა სასწავლო პროცესი, ხან ხელახლა იწყებოდა, კლუბები სრულფასოვნად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, სადაც როგორ ხერხდებოდა — დისტანციურად თუ პირისპირ. რაც შეეხება მეცადინეობებს, კლუბებს ე.წ. სამოქმედო გეგმას ვთავაზობთ, კლუბების ხელმძღვანელები ქმნიან და ჩვენთან ათანხმებენ მოკლე კურსებს და, როგორც გითხარით, თითქმის მთელი სასწავლო წელი ეთმობა დებატების ტექნიკის შესწავლას. რა თქმა უნდა, ვარჯიშობენ სადებატო თემის შექმნაზეც, არჩევენ და განიხილავენ ვარიანტებს, თუმცა, თავად დებატთან შეხება ცოტა მოგვიანებით აქვთ, მას შემდეგ, რაც ყველაფერი მომწიფდება და გადავა საჯარო სივრცეში, ამას მოჰყვება რეგიონული ტურნირი, ნაციონალური და ბოლოს საერთაშორისო დებატებში მონაწილეობა. ფორმატში, რომელსაც ვასწავლით, არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მრავალმხრივი სადებატო თემები, მაგალითად, გვქონდა დებატი ონლაინ სწავლების შესახებ, დიდი ჰესების მშენებლობაზე, პანდემიურ რეგულაციებთან დაკავშირებითაც, ანუ ეს არის განყენებული თემები, რომელთაც სასკოლო პროგრამასთან არ აქვს შეხება, თუმცა შესაძლებელია, დებატი გაიმართოს ნებისმიერი საგნის, ნებისმიერი საკითხის ირგვლივაც კი. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა ინფორმაციის მოძიება ისწავლონ, იცოდნენ რა არის მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში და შეძლონ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გადმოცემა ნებისმიერ საკითხზე დებატისას.
იმისათვის, რომ მოდებატეთა აკადემიური დონე საერთაშორისო სტანდარტის იყოს და არა ისეთი, როგორსაც არც ისე იშვიათად ვხედავთ საჯარო სივრცეში, ვიწყებთ მასწავლებლების მომზადებით. თავდაპირველად, კონკურსის წესით ვირჩევთ სკოლებს, შემდეგ შეხვედრები გვაქვს დირექტორებთან და მსურველ პედაგოგებთან, რომლებიც ასევე კონკურსით შეირჩევიან. ალბათ მოულოდნელი იქნება ჩვენი მკითხველისთვის იმის გაგება, რომ კონკურსითა და ათასგვარი ტრენინგით გაბეზრებული პედაგოგები დიდ ინტერესს იჩენენ ჩვენი პროექტის მიმართ და ენთუზიაზმით ელოდებიან ჩვენს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის თავიანთ რიგს, რათა შემდეგ გადამზადების კურსი გაიარონ. სწორედ ახლახან გადავამზადეთ მეორე ტალღის კონკურსში გამარჯვებულები. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი საგნის მასწავლებელია კონკურსანტი, თუმცა სასიხარულოა, რომ ჩვენი პროგრამით ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებიც დაინტერესდნენ; ადრე მოდებატეთა მომზადება უფრო ჰუმანიტარების საქმედ ითვლებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. შემდეგ უკვე დატრენინგებული პედაგოგები იწყებენ მუშაობას თავიანთი სკოლების დებატების კლუბებში. აქ ისინი ზუსტად იცავენ დებატების ტექნიკის შესწავლისა და წარმართვის ყველა სტანდარტსა და პროცედურას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა გულისხმობს. ამ პროცესს ჩვენი ინსტიტუტი უწევს მუდმივ მონიტორინგს.
რაც შეეხება მსაჯებს, ეს ჩვენი პროგრამის, კერძოდ, ნებისმიერი ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. მათ მომზადებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. შეფასებები უნდა იყოს უზუსტესი, რანგების მიხედვით, სხვადასხვა უნარს, სხვადასხვა მსაჯი აფასებს, თითოეული მომხსენებელი გუნდიდან ცალკე ფასდება, გუნდი კი რამდენჯერმე თამაშობს. საბოლოოდ, ზღვა მასალა გროვდება, რომელიც გაციფრულდება და აბსოლუტური სიზუსტით ვლინდება გამარჯვებული. მსაჯთა შემადგენლობას ხშირად პედაგოგთა გუნდიდან ვაკომპლექტებთ, ამის სანდო და პროფესიონალურად ძლიერი რესურსი გვაქვს.
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მდგრადობის აუცილებელი პირობა
იმისათვის, რომ ჩვენ მართლაც შევძლოთ ხელშესახები ცვლილების განხორციელება, მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი ორიენტირი ავიღოთ. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, თავისი რამდენიმეწლიანი, ფუნდამენტურად და სკრუპულოზურად დაგეგმილი ნაბიჯებით, ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად გვყავს სანდო და ძლიერი პარტნიორები აკადემიურ სფეროში, განსაკუთრებით კი უმაღლეს სასწავლებლებში. მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მიმდინარეობს დებატების ტექნიკის სწავლება და მუდმივმოქმედი, ძალიან აქტიური დებატების კლუბიც წარმატებულად ფუნქციონირებს, ჩვენი პროექტის სახით, ახლა, სრულიად სხვა სიახლის შეტანის შესაძლებლობა მოგვეცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. შარშან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სწავლებაში დებატების ტექნიკის გამოყენების კურიკულუმი შევიმუშავეთ, რომელიც უკვე დაინერგა ილიაუნი-ში, თსუ-ში, სამცხე-ჯავახეთის და ბათუმის უნივერსიტეტებში, პედაგოგიური და განათლების მიმართულების ფაკულტეტებზე, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ სამომავლოდ, ჩვენ არა მხოლოდ უკვე არსებული პედაგოგების გადამზადება მოგვიწევს, არამედ ჯერ კიდევ საწყის, სტუდენტობის ეტაპზევე მოხდება მათთვის იმ სასწავლო ტექნიკების სწავლება, რომელიც ასეთი მნიშვნლოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემისთვის.
ჩვენ ვესაუბრეთ პროექტის რამდენიმე მონაწილეს. აი, რა გვითხრეს მათ:
➡? ხათუნა დოლიძე, ბათუმის №10 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელი: „პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მნიშვნელოვან უნარებს უვითარებს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელსაც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არაფორმალური განათლების მიღების საუკეთესო გზაა.“
➡? მარიამ გურაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფ. ტიბაანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე: „პროექტში ჩართვამ მეტი თავდაჯერებულობა, საკუთარი აზრის გამოხატვის, ლოგიკური მსჯელობისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი შემძინა. ამ შესაძლებლობისთვის, მადლობელი ვარ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და დებატებისა და განათლების ინსტიტუტის.“
➡? დიანა ალიმოვა, ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტი: „დებატების კურსი არის თანამედროვე სწავლებისა და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო კამათის ხელოვნება. მისასალმებელია, ამ კურსის შესწავლის საშუალება რომ მომეცა. ვიცი, თუ როგორ გამომადგება ჩემს პროფესიაში.“
➡? ლიკა გომართელი, საჩხერის ილ. ჭავჭავაძის სახ. №2 საჯარო სკოლის დირექტორი: „ესგ-ს უმთავრეს მიზანს მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების განვითარება წარმოადგენს, დებატები კი აღნიშნული მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სადებატო თემა ყოველთვის რეალურ ცხოვრებას, რეალურ პრობლემას უკავშირდება, რაც უფრო შინაარსიანს და საინტერესოს ხდის პროცესს. დებატკლუბის მოსწავლეები სკოლაში უკვე ინიციატორებად გვევლინებიან. ამ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ნამდვილად იძლევა საუკეთესო შედეგების მიღწევის გარანტიას. მადლობა.“
➡?თინათინ ბოჭოლაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ართანას საჯარო სკოლის დირექტორი: „დებატების მსაჯობა ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოწვევაა. საქმე გვაქვს ახალგაზრდის შეფასებასთან, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და უნდა ეცადო, არაფერი შეგეშალოს.“
???
ჩვენთან საუბარში ქალბატონი თინათინი იმასაც აღნიშნავს, რომ მათი მიზანი, სამომავლოდ, სკოლების ჩართულობის გაფართოებაა. მოთხოვნა ძალიან დიდია არა მარტო მოსწავლეების, არამედ მათი მშობლების მხრიდანაც: „დებატების კლუბები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ჩვენ მხოლოდ სხვადასხვა ფონდებისა თუ ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით ვახერხებთ პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ჩართულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ ყველა სერვისი, დაწყებული სისტემატური მეცადინეობებითა თუ ტრენინგებით, დამთავრებული საერთაშორისო გაგზავნებით. თუმცა, ცხადია, ეს ყველა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ბოლო ხანებში იმდენად გაიზარდა ინტერესი, რომ მშობლები თანადაფინანსების ფორმით მონაწილეობასაც გვთავაზობენ. ახლახან, ჩვენი პროექტის ფარგლებში, თბილისში გავხსენით კიდეც დებატების სკოლა, რომლის მსგავსიც მალე რამდენიმე დიდ ქალაქშიც გვექნება. ასე რომ, საბოლოო მიზნის მისაღწევად სწორედ მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და სასიხარულოა, რომ ტენდენცია სწორედ ასეთია“ – ამბობს თინათინ ცერცვაძე.
ანა ფირცხალაიშვილი