13 ოქტომბერი, კვირა, 2024

დაფის თამაშების გამოყენება უცხო ენის შესწავლის პროცესში

spot_img

ეჭვგარეშეა,რომ თამაში სწავლების საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია სწავლების ნებისმიერ საფეხურზე, ვინაიდან სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის. მოგეხსენებათ, რომ ყველა ბავშვს აქვს მოგების სურვილი, მოგების სურვილი კი ზრდის მოტივაციას, რაც მათ მიღწევებსა და სოციალურ უნარებზე დადებითად აისახება.

მე ინგლისურ ენას ვასწავლი, უკვე ცამეტი წელია, ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლაში. ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და იმდენი პრობლემა არ გვაქვს, რაც დიდ სკოლებშია, მიუხედავად ამისა, უცხო ენის სწავლება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც ხშირად ვაწყდებოდი ჩემს პრაქტიკაში, იყო ის, რომ მოსწავლეებს უჭირთ ზმნის დროების კატეგორიებად დაყოფა, ერთმანეთისგან განსხვავება და, ამ დროების გამოყენებით, წინადადებების აწყობის თავისებურებების გარჩევა. გამოსავლის ძიება დავიწყე, როგორ და რა გზით შეიძლებოდა ბავშვებისთვის და ჩემთვისაც, როგორმე, ეს პროცესი გამემარტივებინა. ვიყენებდი სხვადასხვა თამაშს და ვაკვირდებოდი როგორ მუშაობდა თითოეული. ერთ-ერთი თამაში სწორედ დაფის თამაში იყო, რომელიც დადებითი აღმოჩენა გახდა ჩემს პრაქტიკაში. სათამაშო დაფა მე თვითონ შევქმენი და ერთი დაფა ერთი ზმნის კატეგორიისთვის გამოვიყენე, მოვარგე მის საჭიროებებს და ეს დაფები შევუტანე საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ბავშვებმა, როგორც კი გაიგეს, რომ გაკვეთილზე კამათლით უნდა ეთამაშათ და თან ევარჯიშათ ინგლისურ ენაში, თვალები აუციმციმდათ. დიდი ხალისით შეუდგნენ თამაშს და დღემდე, ყოველ ჯერზე, იმავე ემოციებით თამაშობენ ყველა საფეხურის მოსწავლეები.

დაფის თამაშების გამოყენების დადებითი მხარე ის არის, რომ მოსწავლეს, თამაშის საშუალებით, ძალიან ბევრჯერ უწევს წინადადებაში ერთი და იმავე გრამატიკული სტრუქტურის გამოყენება, რაც იწვევს ბუნებრივი გზით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მათ დამახსოვრებას. მე კი ფასილიტატორის როლს ვთამაშობ და ვაკვირდები თამაშის პროცესი. თამაშთან ერთად, მათ ასევე უქრებათ შეცდობის დაშვების შიში, რადგან ზუსტად იციან, რომ წინადადების აწყობის დროს დაშვებული შეცდომა გამარჯვებაში ხელს არ შეუშლით. ეს თამაში ერთნაირად ხელმისაწვდომია სუსტი და ძლიერი მოსწავლეებისათვის. სუსტ მოსწავლეებს შეუძლიათ, ძლიერი მოსწავლეების გამოცდილება გაიზიარონ და ისე ააწყონ წინადადებები. ეს თამაში შესაძლებელია, ყველა საგნის მასწავლებელმა გამოიყენოს. სასურველია, 5-6-მა მოსწავლემ ერთი დაფით ითამაშოს. მრავალრიცხოვან კლასში მასწავლებელს გაუჭირდება სხვადასხვა გუნდების ერთდროულად კონტროლი.

ჩემი გამოცდილება სხვა საგნის მასწავლებლებსაც გავუზიარე, ჩემსავე სკოლაში და ისინი დღესაც წარმატებით იყენებენ ამ მეთოდს. მინდა, რომ გამოცდილება რაც შეიძლება ბევრ მასწავლებელს გავუზიარო, რათა უფრო ადვილად გადალახონ სწავლების სირთულეები. გაზიარება ხომ საუკეთესო საშუალებაა, უფრო მეტი ცოდნა შეიძინო და იზრუნო სხვებზეც.

მარინე ასათიანი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები