საგანში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საბაზო საფეხურზე გამოიყოფა შემდეგი სავალდებულო თემატური ბლოკები:
- გარემო და ხელოვნება;
- ადამიანი ხელოვნებაში;
- საზოგადოება და ხელოვნება.
ესგ-ის მიხედვით, ამ თემატური ბლოკებიდან, გვაქვს სარეკომენდაციო თემები მე-7 კლასში:
- ბუნებრივი და ადამიანის შექმნილი გარემო (ბლოკიდან „გარემო და ხელოვნება“);
- ადამიანი — ხელოვნების ობიექტი (ბლოკიდან „ადამიანი ხელოვნებაში“);
- ხელოვნება და ყოველდღიურობა (ბლოკიდან „საზოგადოება და ხელოვნება“).
თემატური ბლოკი/სარეკომენდაციო თემები, ანუ ნაცნობი კონტექსტი გვეხმარება საფეხურის განმავლობაში გრძელვადიანი მიზნების (ცნებების) მიღწევაში. საბაზო საფეხურზე გვაქვს შემდეგი სასწავლო ცნებები:
- სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები);
- სახვითი ხელოვნების ტექნიკა;
- სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები;
- სხვადასხვა ეპოქის/კულტურის/მიმდინარეობის/სტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები.
ცნებებამდე მისასვლელად ვიყენებთ შემოქმედებით-შემეცნებით დავალებებს (ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემი პრაქტიკის ნიმუშს). დავალებასა და ცნებას შორის კავშირის შენარჩუნებისთვის ვიყენებთ ე.წ. საკვანძო შეკითხვებს. VII-IX კლასებისთვის, ესგ-ის მიხედვით, გვაქვს შემდეგი საორიენტაციო საფეხურის საკვანძო შეკითხვები:
♦ რა არის ხელოვნება?
♦ რატომ ქმნიან ადამიანები ხელოვნების ნიმუშებს?
♦ როგორ და რატომ იცვლებოდა ხელოვნების დანიშნულება?
♦ როგორ ზემოქმედებს ხელოვნება ადამიანზე და საზოგადოების ცხოვრებაზე?
♦ როგორ გავლენას ახდენს ხელოვნებაზე საზოგადოების მოთხოვნები და ინტერესები?
♦ რა შეგვიძლია გადმოვცეთ და გავიგოთ ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით?
♦ რატომ ვსწავლობ სახვით და გამოყენებით ხელოვნებას?
♦ რისთვის და როგორ ვიყენებ სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, ტექნიკას, მასალას და იარაღს?
ახლა კი გთავაზობთ პრაქტიკულ გამოცდილებას.
შესაქმნელი პროდუქტი: არქიტექტურული მაკეტი
(მაკეტის შექმნა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზით, დასახლებული პუნქტის გალამაზების მიზნით)
ცნებები:
- სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები);
- სახვითი ხელოვნების ტექნიკა;
- სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები.
ქვეცნებები (ცნებებთან მიმართებაში):
♦ ელემენტები და პრინციპები: ფერი, ფორმა, ფაქტურა, განათება, თანაფარდობა, პროპორცია, რიტმი.
♦ ტექნიკა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, კონსტრუირება, მოდელირება.
♦ დარგი: არქიტექტურა, მონუმენტური მხატვრობა, ქანდაკება.
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინე, რომ ხარ არქიტექტორი და ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზით (მონუმენტური მხატვრობა, რელიეფი, მრგვალი ქანდაკება, პარკის დიზაინი და ა.შ.), სხვადასხვა მასალის გამოყენებით, დასახლებული პუნქტის მაკეტი უნდა შექმნა.
გამოიყენე ძერწვის, კონსტრუირების/მოდელირების ტექნიკა.
მაკეტის შექმნისას ყურადღება მიაქციე სხვადასხვა გამოსახულებების თანაფარდობას, მათ ფორმათა და ფერთა შეთანხმებას, ნაგებობების იერსახის შესაცვლელად გამოიყენე ფაქტურაც და გარკვეული დეტალების რიტმი.
ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:
♦ რა მხატვრული მახასიათებლებით გამოირჩევა ხელოვნების სხვადასხვა დარგი;
♦ როგორ იკვეთება არქიტექტურული ნაგებობის მხატვრულ მახასიათებლებში გარკვეული იდეები და დანიშნულება;
♦ რაში მდგომარეობს შენი იდეა, რომელი დარგების სინთეზი გამოიყენე დასახლებული პუნქტის გალამაზებისთვის;
♦ რომელი ტექნიკით, გამომსახველობითი საშუალებებითა და ხერხებით, რა მასალის გამოყენებით გააკეთე დასახლებული პუნქტის მაკეტი.
♦ კომპლექსური დავალების პირობის წარდგენის შემდეგ ვსვამთ კითხვებს (დავალების პირობის გაცნობის ეტაპი):
♦ რა არის დავალების პირობიდან თქვენთვის ცნობილი? უცნობი?
♦ რაში დაგჭირდებათ დახმარება? რას გააკეთებთ დამოუკიდებლად?
პირველ ეტაპზე, გამოვკვეთთ იმ აქტივობათა ნუსხას, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება პროდუქტის შექმნაში (ვიდრე კომპლექსური დავალების მეორე, შინაარსის ეტაპზე გადავალთ).
დაგვჭირდება, ერთ-ერთ პირველ აქტივობად, მსჯელობა მაკეტის დანიშნულების, ფორმებისა და მასალის შესახებ. აქვე დავსვათ საკვანძო შეკითხვა: როგორ შევქმნათ მაკეტი, რომელშიც, სხვადასხვა დარგის სინთეზით, დასახლებული პუნქტის გალამაზების, ახალი სიცოცხლის მინიჭების იდეას წარმოვადგენთ?
ამ მომენტისთვის უნდა ველოდოთ იდეების გენერირებას მოსწავლეთა მხრიდან, რომლებსაც ჩამოვწერთ დაფაზე ან ფლიპჩარტზე სადემონსტრაციოდ, ერთმანეთისთვის გასაზიარებლად.
ამის შემდეგ ვსვამთ კითხვებს (სარეკომენდაციო ჩამონათვალია):
♦ რა არის მაკეტი?
♦ რა ნაბიჯები უნდა გადავდგა მაკეტის შესაქმნელად (მაგ.: მასალის მოძიება, ესკიზის შექმნა და სხვა)?
♦ როგორ შევქმნა მაკეტი?
♦ როგორ გამოვიყენო ბუნებრივი/ხელოვნური მასალა მაკეტის შექმნისას?
♦ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ დასახლებული პუნქტის უსახური უბნის გალამაზების იდეა წარმოვადგინო მაკეტის საშუალებით?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მერე იწყება კომპლექსური დავალების მეორე, შინაარსობრივი ეტაპი. კარგ შედეგს იძლევა ვიზუალური, კონტურული მონახაზი იმ დასახლებული პუნქტისა, რომლის „გალამაზებასაც“ ვაპირებთ. ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ მოსწავლეთა იდეების ჩამონათვალს, რომელსაც ვაფიქსირებთ და თან მსჯელობის ფორმით ვადასტურებინებთ, რატომ ფიქრობენ ასე.
იმისთვის, რომ შედეგიანი იყოს დავალება, მოსწავლეებს ვეხმარებით კითხვების დასმით:
♦ რომელ სახეობებად იყოფა არქიტექტურული ნაგებობები ფუნქციის მიხედვით?
♦ რა ფაქტორი განსაზღვრავს არქიტექტურის სახეობებად დაყოფას?
♦ როგორ შეცვალა თანამედროვე ეპოქამ არქიტექტურული ფორმები?
♦ რომელი დარგების სინთეზია შესაძლებელი არქიტექტურაში?
♦ როგორ შეიძლება გარკვეული დარგების სინთეზით იდეების გამოხატვა?
♦ როგორ ცვლის ნაგებობა გარემოს იერსახეს და რა მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს და საშუალებებს იყენებს ამისთვის არქიტექტორი?
♦ როგორ გამოვიყენო მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, მასალა და ტექნიკა ნაგებობის შესაქმნელად?
♦ როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს მეორადი მასალების გამოყენებას არქიტექტურაში?
♦ როგორ შევქმნა ძერწვის ტექნიკით ნამუშევარი?
♦ როგორ გავაცოცხლო საკუთარი ფანტაზია არქიტექტურის ჩანახატში/ესკიზში?
♦ რომელი მასალისა და ტექნიკის გამოყენება გახდის ნაგებობას უფრო ეფექტურს და რატომ ფიქრობ ასე?
♦ როგორ შევძლო ნამუშევარში ბუნებრივი და ხელოვნური მასალის გამოყენება?
♦ როგორ დავიცვა საგანთა თანაფარდობა?
♦ როგორი ფორმები გამოვიყენო ნაგებობის შექმნისას?
♦ როგორ დამეხმარება კონსტრუირების ტექნიკა მაკეტის შექმნისას?
შესაძლოა, ამ დავალების შესრულებასა და პრეზენტაციას 7-10 გაკვეთილი დასჭირდეს. ყველა იმ საკითხის/ქვეცნების შესწავლისას, რომლებიც კომპლექსური დავალების შესასრულებლად დაგვჭირდება, ნათლად უნდა მივანიშნოთ მოსწავლეებს, თუ რამდენად საჭიროა პროდუქტის შექმნისათვის. ფრთხილად ვაწოდებთ მოსწავლეებს მოსაზრებებს, რათა პროდუქტი უფრო დახვეწილი გამოვიდეს.
კომპლექსური დავალება, შესაძლოა, გარდავქმნათ პროექტულ დავალებად, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით (საერთო-საკლასო, საუკეთესო ვარიანტის შესაქმნელად). ასევე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა მხრიდან წარმოდგენილი თვითრეფლექსიის მოსმენა. იმისთვის, რომ დავალების შექმნა რესურსულად იაფი იყოს, გამოვიყენოთ მეორეული ან ადვილად ხელმისაწვდომი მასალა (ვთქვათ, პლასტმასი, მუყაო, თიხა…). კარგ შედეგს იძლევა ასეთი მაკეტის (მაკეტების) გამოფენა სასკოლო სივრცეში, კლუბური მუშაობის დროს ან სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე.
ლეილა გოგოხია – სსიპ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი