27 ივლისი, შაბათი, 2024

დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ

spot_img
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის მე-60 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება პირადად მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვირუსის პრევენციის კუთხით, სრული მობილიზაციაა, სკოლების პერსონალის დიდი ნაწილი აცრილია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები – ყველა ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

ეკატერინე დგებუაძემ, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან საუბრისას, საგანმანათლებლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მოზარდების განვითარების პროცესში სკოლა გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ეს არის ბავშვებისთვის სოციალიზაციის მთავარი ადგილი. შესაბამისად, განათლების სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდეს: „ჩვენ უკვე გვაქვს სასკოლო სივრცეში პანდემიის მართვის საკმაო გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ. აქტიურად გავაგრძელებთ სკოლებში როგორც უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს, ასევე სასკოლო პერსონალის ვაქცინაციისა და მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირების პროცესს, რაც სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შენარჩუნებაში დაგვეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში განახლდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსის – სადეზინფექციო ხსნარების, პირბადეების, თერმოსკრინინგის აპარატებისა და დეზობარიერების მარაგით უზრუნველყო.

პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში დაბრუნებას დიდ მიღწევად მიიჩნევს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა და მასწავლებლების მასობრივი ვაქცინაციის აქტიურად გაგრძელება. „პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა. განათლების სფეროს თითოეულმა წარმომადგენელმა – მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და რა თქმა უნდა მშობლებმა – ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები