22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

დაიხუროს თუ არა სკოლები – რას გვირჩევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი

spot_img

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც დაიკეტება. ასევე, აღნიშნა, რომ სკოლები მხოლოდ იმ გეოგრაფიულ არეალებში უნდა დაიხუროს, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

 „გვჯერა, რომ განათლების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, ამასთანავე, ბავშვების სოციალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ სკოლის დახურვის გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გეოგრაფიული განაწილებით იხელმძღვანელოს. იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, უნდა დაიხუროს, მაგრამ თუ ასეთი აუცილებლობა არ არის, სკოლებმა უნდა იმუშაოს. ასევე, გასათვალისწინებელია სკოლების დახურვის გავლენა არა მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე, არამედ თითოეულ ოჯახზე, რადგან, ამ შემთხვევაში, მშობლებს მოუწევთ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის მიტოვება“ – განაცხადა ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია სათანადო ტექნიკური მომზადება.

 „ხარისხიანი დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი ტექნიკური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იმ დროს, როდესაც სკოლები ჯერ კიდევ დაკეტილია, მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა და მომზადება რაც შეიძლება სწრაფი გახსნისთვის.

 ინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ რისკის მინიმუმამდე შემცირება უნდა მოხდეს. სკოლაში ბავშვები შეიძლება დაინფიცირდნენ და მათ შეიძლება გაავრცელონ ვირუსი. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, ნაკლებია შანსი სერიოზული დაავადების განვითარების, თუმცა საყურადღებოა, რომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო რთულია შესაბამისი ზომების დაცვა. ძალიან რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვმა ნიღაბი წესების დაცვით ატაროს, ხელები რეგულარულად დაიბანოს და რაც ყველაზე საყურადღებოა, როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური დისტანციის დაცვა,“ – განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.

მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მიღებული აქვს წესები, რომელიც, სკოლების გახსნის შემთხვევაში, შეამცირებს ვირუსის გავრცელების ალბათობას. მათ შორის მნიშვნელოვანია სკოლის სივრცის ისე ათვისება, რომ დერეფნებში, ერთდროულად, ბევრმა ბავშვმა არ მოიყაროს თავი.

„გასათვალისწინებელ წესებს შორის არის თერმოსკრინინგი, სკოლაში შესვლისას რიგის დაწესება და ბავშვების მცირე ჯგუფებად დაყოფა. მნიშვნელოვანია, ასევე, ფიზიკური გარემოს სათანადოდ ორგანიზება. როგორც იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ასე რომ, საკლასო ოთახში, მერხებს შორისაც, ერთ მეტრზე ნაკლები მანძილი არ უნდა იყოს. აუცილებელია სკოლაში მოსწავლეების გადაადგილების ორგანიზება ისე, რომ იყოს სხვადასხვა შესასვლელი და გასასველელი, დერეფნებში მოძრაობა კი ერთი მიმართულებით ხდებოდეს, რათა მოსწავლეები ერთმანეთს არ შეეჯახონ. ასევე, ყველგან უნდა იყოს ხელების სველი წესით დამუშავების შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრგან უნდა დამონტაჟდეს სანიტაიზერები, ხშირად უნდა დასუფთავდეს მერხები, მაგიდები და საზიარო ნივთები და ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის ხშირად განიავება. ნიღბები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.“ – განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები