26 თებერვალს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგი გამართა. დასაწყისში მან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ ვერსიაზე ისაუბრა: „ჩვენ, ბოლო თვეების განმავლობაში, ფართო ექსპერტული ჩართულობით, დავიწყეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ პროექტზე მუშაობა. საზოგადოებას მინდა მოვახსენო, რომ 2004 წელს, პირველად, იქნა მიღებული ეს დოკუმენტი და მას შემდეგ არ განახლებულა, ბუნებრივია, 20 წლის პაუზის შემდგომ, აუცილებელიც იყო მისი გადახედვა“.
მინისტრმა დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზგემი პრაქტიკულად, ზოგადი განათლების კონსტიტუციაა და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებსა და პოსტულატებს, თუ როგორი მოქალაქის და ადამიანის აღზრდა გვინდა ჩვენ საქართველოში, მათ შორის ზოგადი განათლების ჭრილში. დოკუმენტი ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც სრულად უნდა დაეფუძნოს სასკოლო განათლება, ზოგადი განათლება. მისივე თქმით, დღეიდან, სამინისტრო იწყებს აღნიშნული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იქნეს მიღებული. მხოლოდ ამის შემდგომ, დასამტკიცებლად, გადაეგზავნება პარლამენტს.
„მთავარი პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, გახლავთ: ეროვნული იდენტობის შენარჩუნება; ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება; სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის პატივისცემა და ცოდნა; სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი; ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა; თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ის ძირითადი პოსტულატებია, რომელიც არის მთავარი პრინციპები ამ დოკუმენტის და, დღეიდან უკვე, ეს პროექტი იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, მათ შორის, სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს, ექსპერტებს და დარგის მცოდნეებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები, მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ამ დოკუმენტის დახვეწა, კიდევ უფრო გაუმჯობესება და, საბოლოო ჯამში, გარკვეული გონივრული ვადის შემდგომ, მთავრობას უკვე საბოლოო ვერსია წარედგინება ამ პროექტის, რომელიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს ეფუძნება, იმ ტრადიციებს, რომელიც მრავალსაუკუნოვან საქართველოში გაგვაჩნია, ეროვნულ, პატრიოტულ ღირებულებებს, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემას, ჩვენი ენის, კულტურის და ისტორიის კარგად გააზრებას, ბუნებრივია, სხვა უნივერსალურ, ეთიკურ ღირებულებებთან ერთად“.
გიორგი ამილახვარმა ამ დოკუმენტს ყველა სხვა თანმდევი რეფორმის განმსაზღვრელიც კი უწოდა: „ეს დოკუმენტი, საბოლოო ჯამში, იქნება განმსაზღვრელი ყველა სხვა თანმდევი რეფორმისა, რომელიც უკვე დაწყებულია სამინისტროში, მათ შორის, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი იქნება გადახედილი და მორგებული აღნიშნულ დოკუმენტს, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმძღვანელოც, რათა ჩვენ, ყველამ ერთად, შევძლოთ იმ ეროვნული ფასეულობების, იმ ცოდნისა და უნარების, რაც დღევანდელ სამყაროში არის აუცილებელი, შეტანა ზოგად განათლებაში და უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზება ჩვენი შვილებისთვის“.
ხომ არ გახდება საჭირო სასკოლო პროგრამაში ახალი მასალების თუ მთლიანად ახალი საგნის დამატება და როგორ წარმოუდგენია ყველა საგნის მორგება ამ დოკუმენტზე – მინისტრის განცახდებით, ეს საკმაოდ ფართო და საფუძვლიანი რეფორმაა და ბუნებრივია, ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება და ექნება სხვადასხვა გარდამავალი ეტაპი, ვინაიდან ერთ თვეში ან ერთ წელიწადში სრულად ამის ასახვა ვერ მოხდება. თუმცა, მისივე განმარტებით, ამ დოკუმენტის დამტკიცებისთანავე „ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ძირითად მიზნებსა და შედეგებს, თუ რა მიზნებზე უნდა გადიოდეს თითოეული საგანი თითოეულ კლასში, იქნება გაწერილი და განსაზღვრული. ეს არ გულისხმობს რაიმე განსაკუთრებული ახალი საგნების დამატებას ან არსებულების გაუქმებას, თუმცა გულისხმობს ყველა სასკოლო საგნის მორგებას უკვე განახლებული ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ბუნებრივია, დაიწყება სახელმძღვანელოების რომელიც თანხვედრაში არ ან ვერ იქნება განახლებულ მიზნებთან და სტანდარტებთან, სრულად განახლების ან მორგების პროცესი. ვფიქრობთ, ბუნებრივია, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, 1-2 წელი ალბათ, რომ სრულად, საფუძვლიანად განვაახლოთ მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაში ყველა სასკოლო სტანდარტი და, მათ შორის, ყველა სახელმძღვანელო. ეს არის იმ დიდი რეფორმის, პრაქტიკულად, საფუძველი და დასაწყისი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა შეძლოს, ყველა ის პრინციპები და ფასეულობები ასახოს სახელმძღვანელოებში, რომელიც აუცილებელია, დღეს, თანამედროვე ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად“.