ირმა ბოჭორიშვილი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მასწავლებლებს კარგად გვესმის, რომ სწავლა-სწავლების პროცესში მიღებული ცოდნა არაფერია, თუ მოსწავლემ მისი სათანადო სიტუაციაში გადატანა (ტრანსფერი) და გამოყენება ვერ შეძლო. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება კომპლექსური დავალება, რომელიც ჩვენ, პედაგოგებს, მესამე თაობის ესგ-ის დანერგვაში, ხოლო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის ყველა საჭირო უნარ-ჩვევის შეძენა-განმტკიცებაში ეხმარება. ისიც კარგად ვიცით, რომ მოსწავლეები ვერ შეძლებენ სათანადოდ შეასრულონ ასეთი ტიპის დავალება, თუ მათ შესაბამისი ეფექტური აქტივობები არ შევთავაზეთ.
გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკას. სწავლების საბაზო საფეხურზე, VIII კლასში, პირველ თემატურ ბლოკზე (ადამიანის ცხოვრების გზა (ყოფა-ცხოვრება, საქმიანობა, ურთიერთობა სხვა ადამიანთან) მუშაობისას საყრდენ ტექსტად ავიღე სახელმძღვანელოში მოცემული რევაზ ინანიშვილის ნოველა „წიგნი“.
თემა: ადამიანის ურთიერთობა სხვა ადამიანთან
მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თემებად დაყოფილი სასწავლო მასალა ერთ-ერთი მთავარი სიახლეა. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესის დაგეგმვისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს თემატურ საკვანძო კითხვებსა და თემატურ მკვიდრ წარმოდგენებზე ყურადღების გამახვილება. მე, როგორც მასწავლებელს, აღნიშნული მასალა მეხმარება მიზანმიმართულად წარვმართო სასწავლო პროცესი და აქცენტი გავაკეთო გრძელვადიან მიზნებზე.
თემატური საკვანძო შეკითხვები:
⇒ რა უდევს საფუძვლად ადამიანთა ურთიერთდაპირისპირებას? რის ნიადაგზე წარმოიქმნება მათ შორს კონფლიქტი?
⇒ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ურთიერთდაპირისპირების თავიდან აცილება?
თემატური მკვიდრი წარმოდგენები:
⇒ ადამიანთა ურთიერთდაპირისპირებისა და კონფლიქტის თემაზე შექმნილი ლიტერატურა მეხმარება იმის გაგებაში, რატომ უპირისპირდებიან ადამიანები ერთმანეთს, რა უდევს საფუძვლად მათ ურთიერთდაპირისპირებას და როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება;
⇒ ადამიანთა ურთიერთდაპირისპირებისა და ადამიანური კონფლიქტების მიზეზთა ძიების თემაზე შექმნილი ლიტერატურის უკეთ გასაგებად შემიძლია გამოვიყენო პირადი გამოცდილება, ტექსტის ელემენტების, ენობრივი საშალებებისა და კითხვის სტრატეგიების ცოდნა;
თემატური საკვანძო კითხვებისა და მკვიდრი წარმოდგენების გაანალიზების შემდეგ კომპლექსური დავალების პირობა შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: თავი წარმოიდგინე ლიტერატურის კრიტიკოსის როლში და საზოგადოებას დაუმტკიცე, რომ რ. ინანიშვილის „წიგნი“ არის ნოველა.
მოსწავლეებს უნდა მოემზადებინათ პრეზენტაცია „ჟანრის კანონი ნოველაში“ და შესაბამისი კრიტერიუმები ავალდებულებდა მათ, ნაშრომში წარმოეჩინათ:
⇒ რატომ ფიქრობთ, რომ რ. ინანიშვილის „წიგნი“ ნოველაა?
⇒ ნოველის ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები;
⇒ ნოველის ექსპრესიულობაში გრამატიკის (მეტყველების ნაწილები) როლი.
ვიცით, რომ კომპლექსური დავალება არის საშუალება გრძელვადიან მიზნებზე გასასვლელად, მოცემულ კომპლექსურ დავალებაში დამუშავდება შემდეგი გრძელვადიანი მიზნები, ანუ ცნებები (ცნებებს თან ახლავს ქვეცნებები):
♦ ჟანრი — ნოველა
♦ ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები — ტროპის სახეები
♦ გრამატიკა (მორფოლოგია) — ზმნის პირიანობა
♦ სტრატეგიები — მეტაკოგნიტური
დავალება, რომელიც მოსწავლეთა შინაგან მოტივაციას ააქტიურებს, ერთგვარად ინტრიგის შემცველიც უნდა იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ წარადგენს დავალების პირობას მასწავლებელი და როგორ აღუძრავს ყველა დონის მოსწავლეს ინტერესს. დავალების პირობის გაცნობა ნაცნობ კონტექსტზე დაყრდნობით დავიწყე და მოსწავლეებს ლიტერატურის კრიტიკოსთა შესახებ ვესაუბრე, თვალსაჩინოდ გამოვიტანე დავალების პირობა და ვთხოვე, სათანადოდ გაეაზრებინათ:
⇒ ვის როლში უწევთ ყოფნა?
⇒ იცნობენ თუ არა ლიტერატურის კრიტიკოსთა წერილებს?
⇒ რა აქვთ დასამტკიცებელი?
⇒ რა პროდუქტი უნდა შექმნან?
ასევე მივეცი საშუალება, გამოეთქვათ საკუთარი აზრი:
⇒ რა გაუადვილდებოდათ?
⇒ რა გაუძნელდებოდათ?
⇒ რაში დასჭირდებოდათ დახმარება?
სწავლის სწავლა, სტრატეგიებზე დაფიქრება, კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პრინციპი თან გასდევს კომპლექსური დავალების შესრულების პროცესს.
როცა დავალების პირობა კლასმა საკმაოდ ინტერესით მიიღო, ვცდილობდი, ისე დამეგეგმა შემდგომი აქტივობები, რომ დავალების შესრულება არ გასჭირვებოდათ.
პირველი აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურება. მოსწავლეებს ვთხოვე, გაეხსენებინათ ნოველა, რომელიც წელს ისწავლეს („დადიანის ასული და მათხოვარი“) და ემსჯელათ, რითი გამოირჩეოდა, რა განასხვავებდა მოთხრობისაგან, რაც შეძლებისდაგვარად მოახერხეს. ამის შემდეგ წავიკითხეთ და გავიაზრეთ ტექსტი (აქტივობა მეორე). სწორედ კომპლექსური დავალების პირობა, გამოწვევის ფაზა, გახდა ინტერესისა და მოტივაციის აღმძვრელი მოსწავლეებისათვის, გაცნობოდნენ ტექსტის არა მხოლოდ ზედაპირულ შინაარსს, არამედ სიღრმისეულად, თითოეულ დეტალზე დაკვირვებით გაეანალიზებინათ ნოველა.
შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებს საშუალება მივეცი, გამოეხატათ ერთი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება, განცდა, გრძნობა და მათ ვერ დამალეს ასეთი პატარა ნაწარმოებით განცდილი დიდი ეფექტი. ეს უკვე იყო მესამე აქტივობა — ემოციური უკუკავშირი. საინტერესო გახლდათ მეოთხე აქტივობაც — ჩარჩო-კომპოზიცია. ძირითადი ყურადღება მიექცა იმას, რომ თავიდან ამბავს ჰყვება მთხრობელი, მერე აგრძელებს მოხუცი.
ყოველ გაკვეთილს კომპლექსური დავალების პირობის გახსენებით ვიწყებდით, რათა გადამემოწმებინა, რამდენად ჰქონდათ გათავისებული მოსწავლეებს დავალების პირობა.
ტექსტზე მუშაობისას ვკითხულობდით სათანადო ადგილებს (აქტივობა მეხუთე). საგაკვეთილო პროცესში მეხმარებოდა ცოდნის სამივე კატეგორიაზე ორიენტირებული კითხვები:
⇒ რამდენად სწრაფად განვითარდა მოქმედება ნაწარმოებში?
⇒ მოქმედების დრო და სივრცე რამდენად დიდია?
⇒ ასეთ დასასრულს ელოდნენ თუ არა? რატომ?
მოსწავლეები ტექსტიდან ასაბუთებდნენ პასუხებს, რომ მოქმედება სამ დღეში მოხდა, ერთ სოფელს არ გასცილებიან პერსონაჟები, რომელთა სიმრავლე არ ჩანდა ტექსტში. ისეთი მოლოდინი ჰქონდათ, არაფრით არ ეგონათ, თუ არ მოკლავდა „მამამისის მკვლელს“, ისიც სათანადოდ ახსნეს, რატომ ვერ მოახერხა ეს (პერსონაჟთა საერთო ინტერესი, წიგნის ძალა).
როდესაც კომპლექსური დავალების განხორციელებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია დეკლარატიული ცოდნის გარეშე არაფერი „შეიქმნება“. თეორიული მასალის გაცნობა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია დავალებაზე მუშაობის ეტაპებზე.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს ვთხოვე, გასცნობოდნენ თეორიულ მასალას „რა არის ნოველა“, რომელიც მათ სახელმძღვანელოშია (ქართული ენა და ლიტერატურა, ავტ.: ვ. როდონაია), რის შემდეგაც არ გასჭირვებიათ, შეევსოთ სქემა (აქტივობა მეექვსე), რომელშიც გამოტოვებული იყო სიტყვები და სათანადოდ უნდა აღედგინათ, ამასთანავე, უნდა დაესვათ შესაბამისი ნიშნები (+, -). ეს წინადადებები მოსწავლეებს, პრეზენტაციის მომზადებაში, საყრდენ ფრაზებად გამოადგებათ.
თეორიულ მასალაში ნოველა შედარებულია მოთხრობასთან, ჩვენც გავიხსენეთ „კაცია-ადამიანის?!“ პერსონაჟები, დრო, სივრცე, ამასთან შევთავაზე, შეედარებინათ იგავ-არაკთან და ზღაპართან, რაც მშვენივრად გამოუვიდათ. აღნიშნეს, რომ იგავ-არაკში პერსონაჟები ფრინველები და ცხოველები არიან, ნოველაში კი ადამიანის ცხოვრებაა, ის არ არის დამრიგებლური ხასიათის, შთამბეჭდავია. ზღაპარში არის ფანტასტიკა, ნოველაში კი რეალობაა.
მასწავლებელი, როგორც პროცესების წარმმართველი, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს დავალების კრიტერიუმების დამუშავებას ისე, რომ ამას მოსწავლეებს „არც აგრძნობინებს“. ჩვენ აუცილებლად უნდა გვემუშავა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე. სწორედ ამიტომ მოსწავლეებს, საშინაო დავალებად მივეცი მხატვრული საშუალებების მოძებნა (აქტივობა მეშვიდე)
⇒ რა ტიპის ლექსიკა, ფრაზეოლოგიაა ნიშანდობლივი ნოველებში?
⇒ როგორ ფიქრობთ, რატომ არ გვაქვს ბევრი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება ამ ნოველაში?
⇒ როგორი სტილით არის გადმოცემული ამბავი?
⇒ რომელ პირშია თხრობა?
⇒ როგორ შეძლებთ დაადასტუროთ, რომ ეს ტექსტი, მხატვრულობის თვალსაზრისით, ნოველის ჟანრს მიეკუთვნება?
უმეტესობამ რამდენიმე მაგალითი დაასახელა და ისიც დასძინა, რომ ბევრი არ იყო. აქედან დასკვნა, რომ ავტორი ნოველაში არ იყენებს ბევრ მხატვრულ საშუალებას, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მოქმედების ექსპრესიულად გადმოცემა, ამის გაანალიზებაში მოსწავლეებს გრამატიკა დაეხმარათ. ჩვენ, სიტყვიერების პედაგოგებს, კარგად გვესმის, რომ გრამატიკული მასალის ცალკე, განყენებულად სწავლა ეფექტური არ არის. ამიტომ, მოსწავლეებს შევთავაზე, ტექსტში მოეძებნათ ის ადგილები, სადაც თვლიდნენ, რომ თხრობა ექსპრესიულია. მეტყველების რომელი ნაწილები ჭარბობდა ამ მონაკვეთებში? მათ ზმნები დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ზმნა ჯერ სათანადოდ არ უსწავლიათ. ყურადღება გავამახვილებინე პირის ნიშნებზე მათ მიერ მოძებნილ ზმნებში და ისინი სხვადასხვა პირში გადავიყვანეთ. ზმნის პირიანობაზე მუშაობამ კიდევ უფრო დააკვირვა მოსწავლეები მწერლის ენასა და სტილზე, მათ გააანალიზეს, რაში დაეხმარათ გრამატიკულ ფორმათა ცოდნა ნოველის აღქმისა და გააზრებისას.
⇒ რა როლს თამაშობს ნოველის ემოციურობაში გრამატიკა?
⇒ რამდენად მეხმარება მწერლის ენაზე დაკვირვება სიტყვების ფორმებისა და მათი ცვალებადობის დადგენაში?
⇒ რამდენად მეხმარება მწრლის ენაზე დაკვირვება სწორი ენობრივი ნორმების დამახსოვრებაში?
ყველას გვსმენია, რომ კომპლექსური დავალებისას კონსტრუქტივისტული პარადიგმის ხუთივე პრინციპი აქტიურდება. ერთ-ერთი პრინციპი ცოდნათა ურთიერთდაკავშირება გახლავთ, მოსწავლე ახალ ცოდნას უკავშირებს რეალურ ცხოვრებასა და სხვა საგნობრივ საკითხებს. ამისათვის, მოსწავლეებს ერთ-ერთ აქტივობად (აქტივობა მერვე) შევთავაზე, მოესმინათ ბეთჰოვენის მე-8 სონატა და გაეაზრებინათ, რა აქვთ საერთო ამ მუსიკალურ ნაწარმოებსა და ნოველას? როგორ შეიძლება მუსიკალურმა ნაწარმოებმა გადმოსცეს ადამიანის ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი? მოსმენის შემდეგ მათ აღნიშნეს, სონატაშიც მუსიკა ხან შესუსტდება, ხან გაძლიერდება, დასასრულიც, რომ გგონია დამთავრდა, უცებ გაძლიერდება. ეს აქტივობაც, ვთვლი, რომ დაეხმარა ბავშვებს ნოველის მახასიათებლების სათანადო გააზრებაში.
როცა მოსწავლეებმა პირველადი ნამუშევრები წარმოადგინეს, აშკარად ჩანდა განხორციელებული აქტივობების ეფექტურობა. იყო არასრულფასოვანი ნამუშევრებიც, რომლებშიც მოსწავლეებმა, თვითშეფასების შედეგად, წარმოაჩინეს ძლიერი და სუსტი მხარეები, რამაც საშუალება მისცა მათ, თავად გაეუმჯობესებინათ საკუთარი ნამუშევრები. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თავად აღნიშნავდნენ: რა გამორჩათ, რა შეიძლებოდა სხვაგვარად გაეკეთებინათ და გაემრავალფეროვნებინათ, რაც გაითვალისწინეს საბოლოო ნაშრომში. მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ის აქტივობა უფრო იძლევა სათანადო ეფექტს, რომელსაც საკუთარი აღმოჩენებით და ხელით აკეთებენ.
კლასში მყავს სსსმ მოსწავლე, რომელიც ჩავრთე აქტივობებში, იგი ვერ შეძლებდა პრეზენტაციის ამ ფორმით მომზადებას, ამიტომ შევთავაზე გაკვეთილზევე დაემზადებინა პოსტერი, რომელშიც თანაკლასელები დაეხმარნენ (პოსტერზე დაიტანა: ინანიშვილის „წიგნი“ არის ნოველა. არის მოკლე, პერსონაჟების სიმცირეა, დასასრული მოულოდნელია, თან დახატა წიგნი და გააფერადა, შეძლებისდაგვარად).
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას სანამ დავიწყებდი, ყველა აქტივობა კათედრის წევრებთან შევათანხმე, მათგან მივიღე სათანადო რჩევები, რაც ძალიან დამეხმარა ეფექტურ მუშაობაში. კათედრის სხდომაზევე განვიხილეთ ჩემ მიერ განხორციელებული კომპლექსური დავალებების შედეგები, აშკარად ვიგრძენი ჩემი კოლეგების მხარდაჭერა, რაც საშუალებას მაძლევს, მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელო მუშაობა და მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ყველა დაინტერესებულ ადამიანს. რეკომენდაციებისთვის, ასევე, მადლობას ვუცხადებ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექსპერტს და კოორდინატორს, ბატონ როლანდ ხოჯანაშვილსა და ქალბატონ თამარ კვანტიძეს.