16 აპრილი, სამშაბათი, 2024

გურამ მეგრელიშვილი – დაწერე შენი ამბავი!

spot_img

როგორ ეხმარება წერითი თერაპია მოზარდებს საკუთარი პრობლემების გააზრებაში და შეუძლია თუ არა ყველას წერა, კლუბის „ფასკუნჯი“ მთავარი იდეა, პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა განათლება, მასწავლებლის მზაობა – გვესაუბრება მწერალი და დრამატურგი გურამ მეგრელიშვილი

 

⇑⇓ რას ნიშნავს წერითი თერაპია და ეხმარება თუ არა ეს პროცესი ადამიანს საკუთარი თავის გაცნობასა თუ შეცნობაში?

შემოქმედებითი წერა, თავისი არსით, ნამდვილად თერაპიულია. მგონი, პირველი ტექსტი ამიტომაც დაიწერა, რომ ავტორს საკუთარი თავი შეეცნო, გაეაზრებინა და გაეზიარებინა კიდეც.

წერითი თერაპიის კურსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯგუფური თერაპიის საუკეთესო მეთოდიკად ითვლება. რამდენიმე წლის წინ, თავადაც გავიარე ნიუ იორკში მსგავსი კურსი, შევქმენი საკუთარი მოდელი და ახლა ამას ვთავაზობ მსმენელებს – გაიაზრონ საკუთარი თავი პერსონაჟის ამპლუაში. დაწერონ საკუთარ თავზე და საკუთარი ამბავი, მოძებნონ კათარსისის გზა და სხვისი მოსმენითაც მიაღწიონ კათარსისს.

⇑⇓ ყველას შეუძლია წერა?

წერა ყველას შეუძლია. ბოლოს და ბოლოს, ანბანი ბუღალტრებმა გამოიგონეს. ითვლება, რომ ქერის მოსავლის აღსარიცხად, ძველ შუმერებთან, სწორედ იმათ მოიგონეს ანბანი, ვისაც ბუღალტერია ებარათ.

წერის დაწყება გამბედაობით იწყება. ვინც ბედავს, ის ამ საინტერესო გზაზე მოგზაურობას იწყებს, მე მენტორობას ვთავაზობ „ფასკუნჯის“ სივრცეში მოსულს.

⇑⇓ როგორ გაჩნდა იდეა, გაგეკეთებინათ ამგვარი კურსები და რა არის ფასკუნჯის“ მთავარი იდეა?

„ფასკუნჯი“ მითიური ფრინველია, ვინც უფსკრულში ინიციაციისთვის ჩასულ ზღაპრის გმირს ამოსვლაში ეხმარება. სანაცვლოდ, ის სხეულის ნაწილს ითხოვს, მაგრამ ეს ნაწილი თითქოს აზრს აკარგვინებს მოგზაურობასაც. ვინც ბედავს და აძლევს თავის სხეულს „ფასკუნჯს“, იბრუნებს მთლიანობასაც. ჩვენთან ერთმანეთს ვუზიარებთ ძალიან ინტიმურ საკითხებს, ცხოვრების ნაწილს და შემდეგ გამთლიანებაც მოდის. ეს ერთგვარი, მისტიკური პროცესიცაა თითქოს.

⇑⇓ თქვენი მნიშვნელოვანი საქმიანობა უკავშირდება მოზარდებთან ურთიერთობას – რა ცოდნას აძლევს ან რა ტიპის უნარებს უვითარებთ მათ წერითი თერაპია ან ასეთი ტიპის აქტივობები? როგორ არჩევთ ასაკობრივ კატეგორიას და როგორ იცვლება საკომუნიკაციო ენა/მიდგომა/პროგრამა?

მოზარდებთან „წერითი თერაპიისა და წერის კურსის“ შეტანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი მგონია, რადგან ეს არის საშუალება მოზარდისთვის, რომ მან უკეთ გაიაზროს საკუთარი პრობლემები. მოზარდებს ზოგადად უჭირთ გახსნა ზრდასრულებთან და წერითი თერაპიის მთელი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წერის პროცესში ისინი საკუთარ პრობლემებს ცხადად ხედავენ (ჯერ მენტორი ხედავს, მერე უხსნის მათ და მიანიშნებს მათი მდგომარეობის შესახებ), შემდგომ ისინი უკვე იწყებენ ანალიზს და ყველაზე მთავარი – როდესაც ერთი მოზარდი საკუთარ პრობლემის შესახებ ყვება ჯგუფთან, მეორე ისმენს და ხვდება, რომ მისი პრობლემა, რომელიც მას მხოლოდ მასთან დაკავშირებული, თავისი ეგონა, თურმე, სხვასაც აწუხებს და ეს ძალიან კარგი ამბავია ხოლმე საიმისოდ, რომ ჯგუფურად გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები.

ასაკობრივ კატეგორიას რაც შეეხება, წერითი თერაპიის ჯგუფში ვარჩევ 14 წლიდან ზევით, წერის კურსზე კი სხვადასხვა ასაკიდან – 9, 10, 11 და ზევით.

⇑⇓ თქვენ ხართ ძალიან საინტერესო წიგნების ავტორი, რამდენიმე კვირის წინ გამოიცა ახალი წიგნიხელი გამიშვი, დედა!“ – როგორ ფიქრობთ, ამგვარი ლიტერატურის არსებობა რამდენად ეხმარება მშობელს, მასწავლებელს?

ვფიქრობ, ნებისმიერი ლიტერატურა, რომელიც სწავლასა და განათლებას ეხება (თავისთავად ცხადია, თუ ის ცოტა ღრმად დაწერილი წიგნია), ეხმარება მშობელს, ეხმარება მასწავლებელს და, ფაქტობრივად, როდესაც ერთ მხარეს ეხმარება, გამოდის, რომ, ამავდროულად, მეორესაც ეხმარება, რადგან მშობლის დახმარება მასწავლებლის დახმარებაც არის ხოლმე, მასწავლებლის დახმარება კი მშობლისაც არის. ეს კავშირი ცხადად არსებობს.

რაც შეეხება წიგნს „ხელი გამიშვი დედა“, ეს არის პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის და პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის, ვისაც ეს შეიძლება გამოადგეთ კონკრეტულ მიდგომებთნ დაკავშირებით, ვგულისხმობ ზემზრუნველ მშობელს და ზემზრუნველ მასწავლებელს, როგორ შეიძლება მოაგვარონ, ამ ნაწილში, დამოკიდებულებები მოსწავლეებთან.

⇑⇓ მნიშვნელოვანია თუ არა მშობელთა განათლება?

ცხადია, მნიშვნელოვანია, რადგან არავინ იბადება მშობლად. ის, რომ ბიოლოგიური მშობელი ხდება ადამიანი, არ ნიშნავს, რომ მენტალურადაც მშობელია და ამისთვის მზადაა. ყველას გვჭირდება ჩვენ მომზადება საამისოდ და როდესაც 18-20 წლის ახალგაზრდა ხდება მშობელი, აჩენს შვილს ან ხდება მამა, შეიძლება უბრალოდ არ იცოდეს როგორ მოიქცეს შვილთან და იღებს მოდელს, რომელიც მას შთამომავლობით გადაეცა დედისგან და მამისგან, აგრძელებს რაღაც საოჯახო სისტემას, საოჯახო სისტემები კი ყოველთვის არ არის კარგი. თან მე უბრალოდ იმ საოჯახო სისტემის, რომელსაც მიჰყვებოდა ბებია ან ბაბუა, დედა ან მამა, გააზრება ვერ მოვახერხე და მხოლოდ კონკრეტულ, ცალკეულ ქცევებს დავისწავლი, რაც პრაქტიკაში შეიძლება ისე არც განხორციელდეს. ამიტომ, ვფიქრობ, მშობელთა განათლება უმთავრესი გამოწვევაა დღეს, თანამედროვე საქართველოსთვის.

⇑⇓ რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს?

ჩემი რეკომენდაციები მოცემულია წიგნებში – „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ და „ხელი გამიშვი, დედა“. ვისაც აინტერესებს, შეუძლია ამ წიგნებში ნახოს რა რჩევებს ვაძლევ მშობლებს და თუ გამოადგებათ, მეც ძალიან მოხარული ვიქნები.

⇑⇓ მოგვიყევით უახლესი გეგმების შესახებ

უახლეს გეგმებს რაც შეეხება, ამ წუთისთვის, ვფიქრობ წერითი თერაპიისა და წერის კლუბ „ფასკუნჯის“ განვითარებას. მე გადავამზადე რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც თბილისისა და რეგიონების სკოლებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შევლენ და ჩაატარებენ გაკვეთილებს იმავე პრინციპით, როგორითაც მე ვასწავლი – ეს არის ტექნიკა, რომელსაც მასწავლებელი იყენებს 8-დან 12 წლამდე და 12-დან 15 წლამდე მოზარდებთან. ორი პროგრამა მიყვება ორ კონკრეტულ წიგნს – ერთი არის „როგორ დავწეროთ მოთხრობა“ და ეს არის ტექნიკა, რომელიც გამოადგებათ 8-დან 12 წლამდე მოსწავლეებთან მომუშავე მასწავლებლებს, ხოლო მეორე წიგნია „მკითხველის მეგზური“, რომელიც გამოადგებათ 12-დან 15-16 წლამდე ასაკთან მომუშავე მასწავლებლებს. უახლოესი გეგმები ეს არის და, თავისთავად ცხადია, მთავარი ჩემი საქმიანობა რასაც უკავშირდება, ეს არის წერა და ვაპირებ, დავამთავრო რომანი, რომელსაც უკვე ერთი წელიწადია ვწერ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები