გუდალეთი – ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის თემში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გავაზურისწყლის ორსავ ნაპირზე. პირველად, XIV საუკუნის ბოლოს, 1392 წლის მცხეთის საკათალიკოსო მამულების თარხნობის გუჯარში, იხსენიება. თუმცა მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში აღწერილ სოფელთა სიაში, ვახუშტი ბატონიშვილი აქაურობას გუდარეხადაც მოიხსენიებს, მაგრამ მისი დამკვიდრებული სახელი მაინც გუდალეთია.
2014 წლის მონაცემებით, ანუ მოსახლეობის ბოლო აღწერით, სოფელში 142 კაცი ცხოვრობდა – უმეტესობა ქართველი და რამდენიმე ოსი, თუმცა დღეს ეს რიცხვი შემცირებული იქნება, ვინაიდან ბოლო წლებში მიგრაცია აქაც ისეთივე დამანგრეველი პროცესია, როგორც მთელ ქვეყანაში. ზამთარში აქ, დაახლოებით, 50 კომლი რჩება, ზაფხულში კი უფრო ივსება სოფელი, როცა ქალაქში წასულებიც უბრუნდებიან.
წარსულში სააკაძეების, ყორღანაშვილ-იარალისშვილების თუ თარხნიშვილების კუთვნილი სოფელი კავთისხევის თავზეა, ეს მხარე კი სააგარაკე ადგილებია, მათ შორის – გუდალეთიც, რომელიც საკმაოდ მაღლა, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. ბუნებრივია, ასეთი ისტორიული გვარების მფლობელობაში მყოფ სოფელს ისტორია და მატერიალური კულტურაც გამორჩეული აქვს, მის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია და ისტორიული ძეგლია, რომელთა ნაწილიც საკმაოდ კარგადაა შემონახული. თუმცა, ამასთან ერთად, აქაურობა ფასეულია გამორჩეული ჰაერით, ბუნებით, საუკეთესო წყლით… წლების წინ, გვიან შემოდგომაზე, მეც მოვხვდი ამ ლამაზ სოფელში. ქართლი ხომ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, იქით მიმავალთ, გვხიბლავდა ნაირ-ნაირი ფერებით, მაგრამ როცა არცთუ კომფორტული სამანქანო გზა, კავთისხევის ზევით, შეუყვა ფერდობს, აშკარად თვალს ჭრიდა მთის სილამაზე, გუდალეთში ასულებს კი შემოდგომის ფერთა ნამდვილი ზეიმი დაგვხვდა.
თუმცა, დღევანდელ გუდალეთს აკლია მთავარი – ბავშვები და მათი ხმებით აჟრიამულებული სკოლა. სკოლა ფიზიკურად კი არის, მაგრამ იქ მხოლოდ 1 ბავშვი სწავლობს, მესამეკლასელი სალომე მოდრეკილაძე, ზარიც ირეკება, მაგრამ ბავშვების ჟრიამულისა რა გითხრათ… არადა, ამის გარეშე, ნებისმიერი სოფელი იგივეა, რაც ნოდარ დუმბაძის მიერ აღწერილი უძაღლო სოფელი, რომელსაც რაღაც აკლია – ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.
გუდალეთის არასრული საჯარო სკოლა მხოლოდ ამ სოფელს ემსახურება. სამიოდ წლის წინ, აქ, 5-6 ბავშვი კი სწავლობდა, მაგრამ მათ 9 კლასი დაამთავრეს და სწავლა მეზობელ, თვალადის საჯარო სკოლაში გააგრძელეს, აქაურობა კი ერთი მოსწავლის – პატარა სალომეს ამარა დარჩა. სამწუხაროდ, სოფელს არც სკოლამდელი ასაკის ბავშვები ჰყავს, მომავალს მაინც რომ უყურებდნენ იმედიანად. ბუნებრივია, არც საბავშვო ბაღი აქვთ, თუმცა არც არასოდეს ჰქონიათ, აქაური ბავშვები სახლიდან პირდაპირ სკოლაში მიდიოდნენ. რამდენიმე წელიწადში, ვიდრე სალომეც დაამთავრებს აქ სწავლას, სოფელს სკოლამდელი ასაკის ბავშვი თუ არ შეემატა, ეს სკოლაც დაიხურება… არადა, ძირითადად, საპენსიო ასაკის მოსახლეობის იმედად დარჩენილ სოფელში, ამის პერსპექტივაც ბუნდოვანია. ადგილობრივებს ის უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ, რომ, იქნებ, ახალგაზრდა ოჯახები დაუბრუნდნენ მამაპაპისეულ კერას. ამ კუთხით, იქაურებს გზის ასფალტირების, სოფლის გაზიფიცირების და კასპის მერიის მიერ წამოწყებული სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისაც ეიმედებათ, იქნებ, ვინმემ იბრუნოს პირი მამისეული კერისკენ.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ დღეს სკოლა კულტურის სახლშია შეხიზნული. ხის ძველი შენობა ავარიული იყო და სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ექსპერტთა დასკვნით, იქ სწავლის გაგრძელების ნება არ დართეს. ამიტომ, წელს, 1 სექტემბრიდან, სკოლამ ალტერნატიული ფართი მოიძია, სადაც 2 ოთახი გაარემონტეს და იქ აგრძელებენ მუშაობას. თავად ეს კულტურის სახლის შენობაც ძველია, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი ნიაზ მოდრეკილაძე ამბობს, იქ მუშაობისთვის ნორმალური პირობებია და ზამთარიც სირთულეების გარეშე გადაიტანეს, გათბობაც ჰქონდათ, რადგან სკოლა დროულად მოამარაგეს საამისოდ საჭირო სპეციალური ბრეკეტებით. სოფელს ელექტროენერგიაც უწყვეტად მიეწოდება, აქვთ ინტერნეტიც, კომპიუტერებიც და არც ამ მხრივ ეშლებათ ხელი. მით უფრო, კომუნალურ ხარჯებსაც თავად ფარავენ სკოლის ბიუჯეტიდან. რაიონის ხელმძღვანელობა სოფელს სკოლის ახალი შენობის აშენებას კი ჰპირდება, მაგრამ საამისოდ 4-5 ბავშვი მაინც უნდა იყოსო… არადა, როგორც გითხარით, გუდალეთელებს ესეც სანატრელი აქვთ.
სალომეს სწავლას 4 მასწავლებელი ემსახურება. მათგან მხოლოდ ერთია ადგილობრივი – სკოლის დირექტორი ნიაზ მოდრეკილაძე, 2 მასწავლებელი – უცხო ენისა და ინფორმატიკის – კასპიდან დადის 20 კილომეტრით დაშორებულ სოფელში, ერთი კი, მათემატიკის – ნოსტედან. მატერიალურ-ტექნიკური კუთხით, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარსამართავად ყველაფერი აქვთ, კასპის რესურსცენტრი ყველანაირად ეხმარება სკოლას. წიგნებსა თუ სხვა საჭირო ინვენტარს ყოველწლიურად იღებენ. ეგ კი არა, სალომემ პერსონალური კომპიუტერიც კი მიიღო და სპორტული ინვენტარიც გადაეცათ, თუმცა სპორტის გაკვეთილები მაინც დიდი პრობლემაა, სხვა ბავშვების არყოფნის გამო. ასევე, ვერ ხერხდება იმ ერთადერთი მოსწავლის სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა. რაკი სხვა ბავშვები არ არიან, სალომეს გართობას მასწავლებლები ცდილობენ და სპორტის გაკვეთილებზეც, შესაძლებლობის ფარგლებში, ისინი ეხმარებიან აქტივობებში…
ამასობაში კი, ვიდრე უბავშვოდ დარჩენილ სოფელს არცთუ კარგი პერსპექტივა ემუქრება, თავად სალომე ახალ, ლამაზ სკოლასა და ბევრ ბავშვზე ოცნებობს…
ირაკლი თავაძე