მოულოდნელი იყო პირველი კლასის პედაგოგებისთვის პირველი კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით წელს მიღებული გადაწყვეტილება – მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს – „ქართული ენა“ – გრიფირება და ამით მასწავლებლებისთვის არჩევის უფლების წართმევა. ეს გადაწყვეტილება იმითაც იყო მოულოდნელი, რომ გრიფის გარეშე დარჩა იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის საფუძველზე აგებული „მშობლიური ენის კვალზე“ (ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, ლელა მანგოშვილი), რომელიც სრულად ითვალისწინებდა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს და რომელსაც ძალიან ბევრი პედაგოგი მოუთმენლად ელოდა. უარი ძალიან უცნაური შენიშვნით იყო დასაბუთებული – „სამი კომპლექსური დავალება აკლია“, რისი გამოსწორებაც (სურვილისა და ნების არსებობის შემთხვევაში, განათლების სამინისტროს მხრიდან), ავტორებისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა.
ბუნებრივია, სასურველი იყო, პედაგოგებს რამდენიმე მიდგომა ჰქონოდათ ასარჩევად და რომელსაც გაითავისებდნენ, იმით წარმატებასაც ადვილად მიაღწევდნენ. განსაკუთრებით მწვავე კი ის არის, რომ აშკარად დაიჩაგრა ტრადიციული, გამოცდილი, ქართული ენის ბუნებაზე მორგებული მეთოდი, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 1912 წლის გამოცემის მიხედვით ინარჩუნებდნენ აქამდე გრიფირებული თანამედროვე სახელმძღვანელოები.
მართალია, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს რედაქტირებული გამოცემაც დარიგდა საჩუქრად საჯარო სკოლებში, მაგრამ ის, ბუნებრივია, ვერ უპასუხებს ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. აქ ხომ ნაწარმოებები, თავისთავად უდავოდ კარგი, საუკუნეზე მეტი ხნისაა და არ არის წარმოჩენილი შემდგომი პროცესი ქართული საბავშვო მწერლობის, ასევე, პედაგოგიკის, ამიტომ აღმოჩნდა განსაკუთრებით დასანანი, რომ ორივე მიზნის მისაღწევად შედგენილი „მშობლიური ენის კვალზე“ ძირითად სახელმძღვანელოდ მხოლოდ კერძო სკოლებისთვისაა ხელმისაწვდომი, საჯარო სკოლებისთვის კი – არა.
რა თქმა უნდა, პედაგოგების გარკვეულ ნაწილს მოსწონს ერთადერთი გრიფირებული სახელმძღვანელო, მაგრამ დიდი ნაწილი სხვა მეთოდით სწავლებას ამჯობინებდა. მასწავლებლებმა ერთგვარ ძალადობადაც კი შეაფასეს ეს შეზღუდვა. ასეთი დილემა პირველად შეიქმნა წელს, არადა, თუკი პედაგოგი ვერ მოირგებს სწავლების მეთოდს, ვერ განეწყობა, ეს აუცილებლად აისახება შედეგზეც.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევა და, იმავდროულად, წერა-კითხვის სწავლების გოგებაშვილისეული გზის შენარჩუნება – აი, რა აღარ შესთავაზეს, სამწუხაროდ, წელს პედაგოგებს, რაც დიდ უკმაყოფილებასა და გულდაწყვეტას იწვევს.
წერა-კითხვის ერთად სწავლების მეთოდის ეფექტის გასამყარებლად დავიმოწმებთ ერთ კვლევას, რომელიც ია კუტალაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და რომლის შუალედური ანგარიში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოხსენების სახით, გააცნეს აუდიტორიას სწორედ იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და გამოყენებული მეთოდის ე.წ. ეფექტის ზომის განსაზღვრა. გოგებაშვილის მეთოდი ნინო გორდელაძისა და გვანცა ჩხენკელის რედაქციით შედგენილი სახელმძღვანელოთი იყო წარმოდგენილი. „პროგრესის ეფექტის შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ სკოლების მოსწავლეების პროგრესის მაჩვენებელი, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ გოგებაშვილის მეთოდით, თითქმის ორჯერ აღემატება სხვა სკოლების მოსწავლეების პროგრესის მაჩვენებელს. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ გოგებაშვილის სწავლების მეთოდიკას აქვს მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი მოსწავლეთა შორის წერა-კითხვის უნარის განვითარებაზე. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა დასრულებული არაა, და საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ მიღებული არაა.“ – ამონარიდი შუალედური ანგარიშიდან. სამწუხაროდ, კვლევის დასრულებას პანდემიამ შეუშალა ხელი.
ნინო გორდელაძე, დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი: „პედაგოგიური საზოგადოებისთვის სიმართლის სათქმელად მაშინვე „ახალი განათლება“ მახსენდება, ამ გაზეთმა 2018 წლიდანვე გაუხსნა გზა მწვავე დისკუსიას „დედა ენის“ თემაზე. საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „დღის კოდში“, ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ახლახან მოკლედ გამოთქმულ ჩემს აზრს ამჯერად ამ გაზეთში დავასრულებ, რათა ბოლომდე წარმოჩინდეს სიმართლე! წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით შედგენილი სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის საფუძველზეა აგებული და თან სრულად ითვალისწინებს თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს, გრიფის გარეშე დარჩა! „სამი კომპლექსური დავალება აკლია“, – ამ შენიშვნით დასაბუთდა უარი! (რაც სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რადგან მანამდე, აპელაციის შედეგად, სათანადო ქულები დააგროვა სახელმძღვანელომ, ბარიერი ნამატით გადალახა, შესაბამისად, ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამასთან, ექსპერტებთან შეხვედრაზე შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სასწავლო გარემოს მრავალფეროვნებისთვის საჭიროდაც კი მიიჩნიეს, არ დაკარგულიყო ასე გააზრებული სასწავლო კურსი.) განვმარტავ, რომ ერთ დღეში უკვე მზად გვქონდა სამივე დავალება, რომელთაც ასეთი პრინციპული მნიშვნელობა მიენიჭა! აღვნიშნავ იმასაც, რომ ექსპერტებს შეხვედრის დროს ამ დანაკლისის შესახებ არაფერი უთქვამთ! სამწუხაროდ, აი ამგვარად დაეკარგათ საჯარო სკოლებს არჩევანი და ერთადერთი გრიფირებული სახელმძღვანელოს ამარა დარჩნენ. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ეს იმ მასწავლებლებისათვის, წერა-კითხვის სწავლება რომ გოგებაშვილისეული მეთოდით სურდათ. რაც მთავარია, მათ ნახეს გამოცემული სახელმძღვანელო და კიდევ უფრო მეტად დასწყდათ გული. ასევე, ახსოვდათ მისი წინამორბედი – „დედა ენის კვალზე“, ახალი კი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის მიერ შესანიშნავად ილუსტრირებული. საბედნიეროდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, კერძო სკოლებს არჩევანის თავისუფლება მიენიჭათ! არაერთმა საუკეთესო კერძო სკოლამ სწორედ „მშობლიური ენის კვალზე“ შეარჩია და კმაყოფილებასაც არ ფარავენ, ისინი აღარ დგანან დილემის წინაშე, წარმატებით მიჰყვებიან მათთვის სასურველს – გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილსა და, ამავე დროს, ახალი სასწავლო გეგმით განსაზღვრული ამოცანების დასაძლევად სანდო სახელმძღვანელოს. ყველა ფაქტი სიმართლეა, ამიტომ გიამბეთ გულწრფელად და საჯაროდ. ჩემი აზრით, გრიფირების ხარვეზი იყო დადგენილი დროის სიმცირე, ასევე, მეტი ყურადღება დეტალებზე, ვიდრე არსის მთლიანობაში დანახვა. თუკი ასეა, იმედს ვიტოვებ, რომ გადაფასდება საჯარო სკოლებისათვის შეზღუდული არჩევანიც. მასწავლებლები არასოდეს მოინდომებენ ისეთ სახელმძღვანელოს, რომელიც გულწრფელად არ მოსწონთ! მათი აზრი უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად მიმაჩნია. მოლოდინი კი ჰქონდათ არა ერთადერთისა, არამედ, შეთავაზებული სამიდან ერთ-ერთის არჩევისა! დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მასწავლებელი დაადასტურებს ჩემს ნათქვამს და ისინიც გულწრფელად იტყვიან საკუთარ სიმართლეს. თუკი არსებობდა გრიფირების კონკურსისთვის შექმნილი იმგვარი სახელმძღვანელოები, რომლებსაც მასწავლებელთა განწყობა, ანთება შეეძლო სიამოვნებით სწავლებისათვის, მიღმა არ უნდა რჩებოდეს, განსაკუთრებით კი, ამ ფაქტორს არ უნდა ივიწყებდნენ დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში.“
კარგია, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, კერძო სკოლებს მიენიჭათ თავისუფლება სახელმძღვანელოს შერჩევაში და ბევრმა პედაგოგმა არჩევანი სწორედ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით შედგენილ „მშობლიური ენის კვალზე“ გააკეთა.
თამუნა ესიტაშვილი, წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლა: „ხშირად მიფიქრია სახელმძღვანელოს როლზე და ყოველთვის ერთსა და იმავე დასკვნამდე მივდივარ. მოსწავლეს და განსაკუთრებით პირველკლასელს უნდა ჰყავდეს საუკეთესო მასწავლებელი და ჰქონდეს საუკეთესო სახელმძღვანელო. სხვანაირად ის საძირკველი ვერ ჩაიყრება, რითიც შემდეგ ცოდნის კედლებს ავაშენებთ. და მაინც, როგორია საუკეთესო სახელმძღვანელო? წიგნი, სადაც ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის გამოცდილება და ინოვაცია. „მშობლიური ენის კვალზე“ სწორედ ასეთია – იმდენად სრულყოფილი და დახვეწილია, ისეა გათვალისწინებული ყველა ნიუანსი, იმდენად ბუნებრივად ერწყმის ძველს ახალი, როგორ შეიძლება, უკუაგდო და ჩაანაცვლო სხვა სახელმძღვანელოთი. ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, რომ არ მისცემდნენ გრიფს და როცა ეს გავიგე, გავშრი, გავოგნდი. ეს არის დანაშაული მომავლის წინაშე. მასწავლებლის წიგნი? როგორ მკაფიოდაა ყველაფერი – კომპლექსურები, კურიკულუმი. მომდევნო კლასებშიც გამოდგება ნიმუშად. ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლებოდა.
იაკობის გენიალური მიგნება „აი ია“, მარტივიდან რთულ გზაზე შეუმჩნევლად გადასვლის წინაპირობაა, როგორ შეიძლება ეს უგულებელვყოთ. შევიდნენ სკოლებში და ნახონ, როგორ მარტივად და სიყვარულით სწავლობენ ბავშვები. ილუსტრაციები ხომ ცალკე თემაა კიდევ, სათითაოდ გადავფურცლე და დავტკბი. ეს გვერდზე გადასადები და დასავიწყებელი სახელმძღვანელო არაა, ეს ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება და ეს გვაჩვენა მრავალწლიანმა გამოცდილებამ. ვგულისხმობ „მშობლიური ენის კვალზე“-ს წინამორბედ სახელმძღვანელოს „დედა ენის კვალზე“; ახალი კი უდავოდ კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.“
ქეთევან სირაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის“ მასწავლებელი: „ილია ჭავჭავაძეს ლექსის „ქართვლის დედას“ ეპიგრაფად მოჰყავს ლაიბნიცის სიტყვები: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“. დიდი შემოქმედები სწორედ რომ წინაპართა სიბრძნეზე დაყრდნობით ქმნიან ეროვნულ საგანძურს, ისეთს, როგორიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაა“, საბოლოოდ კი ყოველივე ფასდება მარადიულობის საზომით. ყველა ერს აქვს საკუთარი იდენტური ცნობიერება, რომლის შემეცნება და გათავისება უნდა იყოს განათლების მთავარი მიზანი. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ამ გზაზე ენიჭება იმ პირველ მარცვალს, რომელსაც თესავს მოზარდი თაობის გულში მშობლიური ენის შემსწავლელი პირველი წიგნი.
ნინო გორდელაძისა და გვანცა ჩხენკელის ავტორობით გამოცემული 2023 წლის „მშობლიური ენის კვალზე“ სწორედ რომ ამ პრინციპების დაცვით შექმნილი, სრულიად განახლებული და შემკული ვარიანტია სახელმძღვანელოსი „დედა ენის კვალზე“ (ამავე ავტორებისა), რომელმაც არაერთ თაობას შეასწავლა წერა-კითხვა, შეაყვარა მშობლიური ენა და შეამეცნებინა ის ზნეობრივ-მორალური ღირებულებები, რომლებიც ჩვენს ეროვნულობას განსაზღვრავდა და განსაზღვრავს. ამ მიზიდულობასა და სიყვარულს კი როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში აჩენს ის გარემოება, რომ „მშობლიური ენის კვალზე“ გოგებაშვილისეული „დედა ენის“ გათანამედროვებული ვარიანტია, რომელშიც უხვად არის წარმოდგენილი როგორც თავად გოგებაშვილის მცირე თხზულებები, ასევე ხალხური პოეზიის თუ პროზის და თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედების ნიმუშები. ახალ გამოცემაში ავტორები გვთავაზობენ ანბანის შესწავლის პროცესში გარკვეული რაოდენობის ასოების გამოყენებით შედგენილ საკითხავებსაც, რომლებიც მშვენიერი მცირე სიტუაციური ამბებია. წიგნში ერთმანეთს ენაცვლება სააზროვნო, ლექსიკის გამამდიდრებელი, ფონეტიკური თუ სახალისო დავალებები.
ცალკე აღსანიშნავია მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის, მშვენიერი ილუსტრაციები. წინასაანბანო პერიოდში აქ წარმოდგენილია თემატური თუ სიტუაციური ნახატები, რომელთაც მიზნობრივი ხასიათი აქვს. მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ მათზე წინადადებების თუ მცირე ამბების შედგენა, განწყობათა ამოცნობა… ილუსტრაციები დიდ სითბოსა და სიკეთეს ასხივებს…
„მშობლიური ენის კვალზე“ – ეს არის ტრადიციულ, ეროვნულ ძირებზე შექმნილი სახელმძღვანელო, რომელიც, ამავდროულად, ძალზე თანამედროვეა და დახვეწილი.“
♦♦♦
საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ერთ გამოსავალს მიაგნეს – „მშობლიური ენის კვალზე“ დამატებითი რესურსის სახით შეიტანეს კლასში და მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობას აზიარეს. მათ გამოხმაურებებს ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელებში, ცალკე ჯგუფიც შეიქმნა – „მშობლიური ენის კვალზე“, სადაც მასწავლებლები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ როგორც ამ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებითაც, ასევე, ზოგადად, წლევანდელი გრიფირების ირგვლივ.
ლიზა დავითაშვილი: „მართალია საჯარო სკოლის მასწავლებლებს ჩვენ მიერ არჩეული სახელმძღვანელოთი მუშაობის უფლება არ მოგვცეს, რაც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ ყველა მასწავლებლისთვის, რომელიც გოგებაშვილისეული მეთოდით ასწავლის წერა-კითხვას, მაგრამ… დამატებითი სახელმძღვანელოს არჩევისას შეზღუდულები არ ვართ, ნებისმიერი რესურსის გამოყენება შეგვიძლია, ჰოდა მეც ეს უფლება გამოვიყენე და ჩემს პატარებს დღესასწაული მოვუწყვე – „მშობლიური ენის კვალზე“ დამატებით სახელმძღვანელოდ შევიტანე, ამ სიამოვნებას ვერ მოვაკლებდი ჩემს პატარებს. მადლობა საავტორო გუნდს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.“
ნინო მარგველაშვილი-იორდანიშვილი: „უღრმესი მადლობა ავტორებს საინტერესო და შემოქმედებითი დავალებებისთვის. მართლაც რომ ტექსტების უგემრიელესი „კოქტეილი“ შემოგვთავაზეთ.“
თინიკო ჩხაიძე: „ვინ აგვარჩევინა?! მხოლოდ „ქართული ენა“ შემოგვთავაზეს. მარტივიდან რთულისკენ კი არა, რთულიდან მარტივისკენ მიგვყავს ბავშვები.“
უნდა აღინიშნოს, რომ „მშობლიური ენის კვალზე“ უცხოეთში, ქართულ სათვისტომოებშიც პოპულარულია. მაგალითად, პედაგოგებმა – მაია მაისურაძემ და ჯანა ამირეჯიბმა გერმანიაში, დრეზდენის ქართული საკვირაო სკოლის „ანა ბანა“ (საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი – ირმა ჭანყოშვილი) ბავშვებს ჩაუტანეს. მათ სწორედ ამ სახელმძღვანელოზე შეაჩერეს არჩევანი, სათანადოდ ეს მიიჩნიეს.
♦♦♦
ასეთია, მოკლედ, ვითარება, თუ რა დილემის წინაშე დადგნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები. ჩვენს გაზეთში ადრეც გვქონია დისკუსია „დედა ენასთან“ დაკავშირებით და დღესაც სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც საკუთარი მოსაზრების გამოთქმის სურვილი ექნება.
ლალი თვალაბეიშვილი