27 ივლისი, შაბათი, 2024

გპფ-ს ვიზიტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელთან

spot_img

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები და მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ორგანიზატორები, ჯილდოს მფლობელ როლანდ შავაძეს სოფელ მეკეიძეებში ეწვივნენ.

ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე იმ სკოლას ესტუმრნენ, სადაც როლანდი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. სტუმრები გაეცნენ მაღალმთიანი სოფლის სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მასწავლებლისგან მოისმინეს ის საინტერესო მიდგომები და სიახლეები, რასაც ჯილდოს მფლობელი ნერგავს მცირეკონტიგენტიან სკოლაში.

კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული როლანდ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. სკოლაში მუშაობის პარალელურად როლანდი ჩართულია პროფესიული განვითარების პროცესებში. იგი არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. კვირაში რამოდენჯერმე უწევს პედაგოგს რთული გზის გავლა, რომ მივიდეს მშობლიურ სოფელში და მოსწავლეებთან იმუშაოს. მიაჩნია, რომ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, საგნის სწავლების პარალელურად მოსწავლეებს ხელი შეუწყოს ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებაში, სწავლების პარარელურად პედაგოგი ლიტერატურის კლუბსაც უძღვება, სადაც ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე მუშაობს. მიაჩნია, რომ  ჯილდოს მიღების შემდეგ, თემში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩენს მოტივაციას გააგრძელოს ის პროფესია, რასაც მასწავლებლობა ჰქვია.

„გვიხარია, რომ ასეთი ღირსეული, საინტერესო და მიზანსწრაფული გამარჯვებული ჰყავს წელს კონკურსს. პროექტი ყოველ წელს სასიამოვნოდ გვაკვირვებს ახალი პედაგოგების და მისაბაძი ადამიანების აღმოჩენით, რომლებიც ცვლიან დამოკიდებულებას თავად მასწავლებლის პროფესიისადმი. ყოველი ახალი გამარჯვებული ის მასწავლებელია, რომელიც თავად ცვლის არსებულ გარემოს, აძლევს მოსწავლეებს იმაზე მეტს ვიდრე კონკრეტული ცოდნაა და რაც მთავარია სხვებსაც უბიძგებს, რომ იყვნენ ცვლილებების ავანგარდში. სწორედ ასეთი პედაგოგები, როგორიცაა როლანდი და ისინი ვინც საუკეთესო 60 მასწავლებელს შორისაა, მოახდენენ მთავარ გარდატეხას განათლების სფეროში, რაც გვჯერა მხოლოდ სასიკეთოდ აისახება ჩვენს მომავალზე,“ – აღნიშნა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა სოფელ მეკეიძეების საჯარო  სკოლაში შეხვედრისას.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეექვსე წელია აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს და ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა კონკურსის პარტნიორი გამხდარიყო და საკუთარი წვლილი შეეტანა მასწავლებლის როლის პოპულარიზაციაში. ფონდის დაარსების დღიდან იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ძირითადი სპონსორი და დამფინანსებელია. 6 წლის განმავლობაში გპფ-ს მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა ინვესტიციამ გადააჭარბა 650 000 ათას ლარს, საიდანაც 80 000-ზე მეტი ლარი პროექტის გამარჯვებულთა საპრიზო ფონდს წარმოადგენს.

კონკურსის შესახებ:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

გპფ პროექტის გენერალური სპონსორია 2017 წლიდან. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან: ოქროს სპონსორი ლიბერთი ბანკი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები