24 ნოემბერი, კვირა, 2024

გპფ-ს გამართლებული გეზი  ქვეყნის განათლების სექტორის მხარდაჭერად  

spot_img

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ერთ-ერთია იმ კერძო ფონდებს შორის, რომლებიც განათლების სფეროში საქმიანობენ. მეშვიდე წელია, რაც ფონდი საქველმოქმედო მიმართულებით მრავალფეროვან პროექტებს მხარს უჭერს ან საკუთარი ინიციატივით ახორციელებს. ყოველწლიურად მზარდია ამ პროექტების ჩამონათვალი და, შესაბამისად, წლიდან წლამდე, იზრდება ფონდის ბენეფიციართა რაოდენობაც და იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იღებენ სარგებელს გპფ-ს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების შედეგად.

2023 წელიც ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა ფონდის საქმიანობისთვის და მიღწეულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ გეზი, რომელიც ფონდს აქვს აღებული – ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორს – გამართლებული და დადებით შედეგებზე ორიენტირებულია.

მიმდინარე წელს, ფონდმა, ტრადიციულად, არსებული პროექტების მხარდაჭერაც გააგრძელა და ახალი საინტერესო მიმართულებებიც დააფინანსა.

გპფ, უკვე მეშვიდე წელია, მხარს უჭერს ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს – „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“, რომელმაც, არაერთი საინტერესო მასწავლებელი აღმოაჩინა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ისინი საკუთარი საქმიანობით მაგალითს აძლევენ როგორც ახალბედა პედაგოგებს, ასევე მათ, ვინც წლებია თავი მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა. არაერთ სტუდენტსა და მომავალ პედაგოგს სურს მიბაძოს ჯილდოს გამარჯვებულ მასწავლებლებს – ლადოს, მანანას, სოფიოს, გიორგის, ხათუნას, როლანდს, ნინოს. ფონდი ამ წარმატებულ კამპანიის მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს.

პედაგოგთა და მომავალ პედაგოგთა მხარდაჭერა ფონდისთვის 2023 წელსაც პრიორიტეტად დარჩა და გაგრძელდა 2020 წელს ჩვენს მიერ ინიცირებული მომავალი პედაგოგების წამახალისებელი სასტიპენდიო პროგრამა,რომელიც  დღეს უკვე შვიდ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ, ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა შექმნას. სამი წლის განმავლობაში ფონდმა 100-მდე სტუდენტი დააფინანსა და დღეს უკვე 65 აქტიური სტიპენდიანტი ჰყავს. გვახარებს, რომ კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი პროფესიით საქმიანობს საქართველოს სხვადასხვა სკოლაში.

პედაგოგებისა და მომავალი პედაგოგების მხარდამჭერ მრავალფეროვან და მნიშვნელოვან პროექტებს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, წელს, კიდევ ერთი დაამატა და საინტერესო ინიციატივა შესთავაზა მომავალ პედაგოგებს, რაც გულისხმობს სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებას დაწყებითი განათლების სტუდენტებისთვის. პროექტის მიზანია, ახალი სასწავლო კურსის დანერგვით სტუდენტები გაეცნონ და შეისწავლონ ემოციების მართვა, სოციალური ურთიერთობა, თვითშეგნება, ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესთან გამკლავება, მოზარდობის და ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები. ყოველივე ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მომავალ მასწავლებელს სკოლაში შესვლამდე. პროექტი ხორციელდება „ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. სასწავლო კურსის თანაავტორი და პროექტის იდეის ავტორია სიმონ სურგულაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლონდონის კინგს კოლეჯის (King’s College London, UK) საუნივერსიტეტო კლინიკის კრიზისული სამსახურის ექიმი-ფსიქიატრი, კინგს კოლეჯის მოწვეული უფროსი ლექტორი.

ფონდისთვის მეტად სასიხარულოა დებატების ინსტიტუტის მიერ წელს მიღწეული შედეგები „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ფარგლებში. ათეულობით მასწავლებელი და ასეულობით მოსწავლე ეუფლება დებატების კულტურას. პროექტში, მოსწავლეებთან ერთად, მომავალი პედაგოგი სტუდენტებიც ჩაერთვნენ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოსწავლეებს სკოლის დებატების კლუბებში ჩართვით, 2023 წლიდან უკვე არჩევითი საგნის სახით შეუძლიათ დაეუფლონ დებატების კულტურას, გამართონ დისკუსია სხვადასხვა საინტერესო თემებზე, ხოლო მასწავლებლებს – საჯაროდ, კონსტრუქციულად იმსჯელონ პროფესიულ წრეში არსებულ თემატიკაზე, მათ შორის პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებაზე.

ფონდის მიერ 2023 წელს მხარდაჭერილ პროექტებს შორის, თავის მხრივ, გამორჩეული და წარმატებულია „მასწავლებლის სახლისა“ და „ილიაუნის“ მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომელიც სახელმწიფო ენის სკოლებში სწავლების გაძლიერებას ემსახურება და ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისა და მომავალი პედაგოგების ჩართვას გულისხმობდა. პროექტში ჩვენი მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები მომზადდნენ და, მთელი წლის განმავლობაში, საკვირაოს გაკვეთილებს 180-მდე მოსწავლეს უტარებდნენ 12 სკოლაში.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში 2023 წელს შემოსული განაცხადების გაზრდილი მაჩვენებელი, პროექტით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების რიცხვი, საინტერესო, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული კონკურსანტების რაოდენობა, იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი ცვლის მთავარს – პროფესიული განათლება უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზოგადობაში, რაც მთავარი ბიძგია იმისთვის, რომ გპფ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს პროფესიული განათლების მიმართულებით.

2023 წლის ყველაზე საგულისხმო და მასშტაბური რაჭაში დაწყებული პროექტია, რომლის იდეაზე და პროექტის ფორმირებაზე ფონდი ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა. შედეგად, USAID-ისა და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით „ბლაუნშტაინ ედუ”-სა და კოლეჯ ერქვანის ბაზაზე განხორციელდება პროექტი „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში”. მისი მიზანია, საქართველოში დაინერგოს მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების თანამედროვე პროფესიული სასწავლო კურსები, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში, შედეგად კი შეიქმნება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა. პროექტის პარტნიორები არიან კომპანია „ბლაუნშტაინი“, უნარების სააგენტო და სხვა.

 „გვიხარია, რომ ფონდი წლიდან წლამდე ზრდის იმ პროექტების რაოდენობას, რომელსაც არა მხოლოდ აფინანსებს, არამედ, რიგ შემთხვევებში, რომელთა ინიციატორიცაა. მოტივაციას ისიც გვაძლევს, რომ ჩვენი ინვესტიცია და დაფინანსებული პროექტების შედეგები კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს, სტუდენტს, მასწავლებელს და მოქალაქეს წვდება. ის შედეგები კი, რასაც ჩვენი გრანტიორები და პარტნიორები აღწევენ, ჩვენთვის სტიმულის მომცემი ხდება, არ დავზოგოთ საკუთარი ადამიანური და ფინანსური რესურსი და მეტად ჩავერთოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამოკიდებულებას განათლებისადმი, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო წაადგება  ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ – აღნიშნავს ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

წარმატებული 2023 წლის შემდეგ გპფ კვლავ აპირებს გააგრძელოს ინვესტირება ისეთ საგანმანათლებლო პროექტებში, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება სისტემის გაუმჯობესებისკენ. ფონდის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განათლების დონის გაუმჯობესებას, მიზნის მისაღწევად კი არ დაზოგავს ძალისხმევას სხვა პარტნიორებთან, ინსტიტუცეიბთან, დონორებთან და ორგანიზაციებთან ერთად, თავისი წილი სასიკეთო საქმე აკეთოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

შეგახსენებთ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, 2017 წელს, ქველმოქმედისა და მეცენატის, ინნა გუდავაძის ინიციატივით შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას.

საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით, გპფ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. დაარსების დღიდანაც მთავარ მიზანად სწორედ განათლების საერთო ხარისხის ამაღლება, განათლების სტანდარტების გაუმჯობესება და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდა დაისახა. ამ მიზნის მისაღწევად კი, ბოლო წლების განმავლობაში, ფონდმა 40-მდე საგანმანათლებლო პროექტი დააფინანსა. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში, თითქმის, 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები