15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

გონივრულია თუ არა კრიტიკა… მასწავლებელი მასწავლებლისთვის

spot_img
ეკა სეფიაშვილი
სსიპ .დედოფლისწყაროს 1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

 

პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვისა და პიროვნული თუ სულიერი განვითარებისთვის, დროდადრო, ყველას გვჭირდება ჯანსაღი, კონსტრუქციული კრიტიკა, უკუკავშირის მეთოდი, რომელიც გვთავაზობს კონკრეტულ, ქმედითუნარიან რეკომენდაციებს ცვლილებისა და გაუმჯობესებისთვის, უკეთესი შედეგების  მისაღწევად.

განვიხილოთ კრიტიკის სახეები:

  • სასარგებლო ანუ კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც პოზიტივზეა დაფუძნებული და ხარვეზების გამოსწორებაზე მიგვითითებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
  • უსარგებლო, დესტრუქციული კრიტიკა, უმეტესად გამოწვეულია აგრესიით და სიძულვილის ენის გაღვივებაზეა ორიენტირებული; ადრესატის დაკნინებისკენ მიმართული არაფრის მომცემი გზავნილია.

როგორი უნდა იყოს კონსტრუქციული კრიტიკა?

  • კონკრეტული
  • მკაფიო
  • დროული

ამ შემთხვევაში, კრიტიკოსი ფოკუსირებულია პრობლემაზე, ძირითადად აქცენტებს ალტერნატიულ შეთავაზებებზე აკეთებს და არა თავად  პიროვნებაზე. უზიარებს მიმღებს საკუთარ წარმატებულ პრაქტიკას ან თეორიულ ცოდნას, პატივისცემითა და ძალისხმევით, კონკრეტულ სამსჯელო საკითხთან მიმართებაში. უმნიშვნელოვანესია ღია, ორმხრივი დიალოგის დროს კონფიდენციალურობის შენარჩუნება. საერთოდ, ამ ტიპის კრიტიკას ახორციელებენ პიროვნული სიმწიფის გარკვეული ხარისხის მქონე ადამიანები, რომელთა შეხედულებები ცხოვრებაზე ოპტიმისტურია და პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ აჩვენა მათ, რომ სწორედ ამ ტიპის კრიტიკა ნამდვილად უბიძგებს ადამიანებს სასიკეთო ცვლილებებისკენ.

კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდების შემდეგ კი, თვალყური ადევნეთ პროგრესს, შესთავაზეთ მუდმივი მხარდაჭერა და თანამშრომლობა. აჩვენეთ თქვენი გულწრფელი დაინტერესება კოლეგის პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში. საუბრისას გამოიყენეთ კონსტრუქციული, მშვიდი, პატივისცემის და მხარდამჭერის ტონი. მნიშვნელოვანია, ასევე, კრიტიკა შეესაბამებოდეს საერთო მიზნებსა და ამოცანებს, რაც დაეხმარება ადამიანების ჯგუფს სასურველი შედეგების მიღწევაში.

კონსტრუქციული, ეფექტური კრიტიკა არის ღირებული ინსტრუმენტი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის და აძლიერებს თანამშრომლობით კულტურას, ჩვენ შემთხვევაში, საგანმანათლებლო ინსტიტუციებში. კონსტრუქციული კრიტიკის გაცემის ხელოვნება არის უნარი, რომელიც მოითხოვს პრაქტიკას და ინდივიდის დახმარების რეალურ სურვილს.

მეორე, უსარგებლო, დესტრუქციული კრიტიკა, უმეტესად, გამოწვეულია შურით, სიძულვილით, ზოგჯერ უუნარობით ან საზოგადოებაში თვითდამკვიდრების არასწორი, მაპროვიცირებელი მანევრირებით.

ახლა კი ვისაუბრებ დესტრუქციული კრიტიკის ელემენტებზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ნეგატიური ან მავნე კრიტიკა, არასასარგებლო უკუკავშირი, საზიანო და ხშირად კონტრპროდუქტიული. კონსტრუქციული კრიტიკისგან განსხვავებით, რომელიც მიზნად ისახავს გაუმჯობესებასა და მხარდაჭერას, დესტრუქციულმა კრიტიკამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ინდივიდის თვითშეფასებაზე, მოტივაციასა და კეთილდღეობაზე.

შემოგთავაზებთ ძირითად მახასიათებლებს და დესტრუქციული კრიტიკის მაგალითებს:

დესტრუქციული კრიტიკა, როგორც წესი, გამოხატულია აგრესიული, ირონიული, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი ტონით. დესტრუქციული კრიტიკა მოკლებულია სპეციფიკასა და ბალანსს და ხშირად ფოკუსირებულია იმპულსურ თავდასხმაზე.

მე პირადად, ვყოფილვარ დესტრუქციული კრიტიკის მოწმე და მესმის, რამდენად  დამანგრეველი შეიძლება იყოს ეს ფსიქოლოგიურად. ტოქსიკურმა ქცევამ შეიძლება ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს – დეპრესია, უნდობლობა ადამიანების მიმართ, დემორალიზება, იმედგაცრუება. მოგეხსენებათ, რომ დღეს, ჩვენს პროფესიაში, ხშირად ვლინდება ამგვარი ფაქტები, ბევრი კოლეგა გულდაწყვეტით აღნიშნავს ამას.

დესტრუქციული კრიტიკოსი არ აღიარებს პიროვნების მუშაობის ან ქცევის დადებით ასპექტებს და, უმეტესად, ორიენტირებულია ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე. დესტრუქციული შესწორებები ხორციელდება, როგორც უკვე აღვნიშნე, იმპულსურად და მოკლებულია ადამიანურ პატივისცემას, მიზანმიმართულია დათრგუნოს, პარალიზება მოახდინოს, დააცალკევოს და გაანადგუროს საზოგადოების ნაწილი, რეპუტაცია შეულახოს წარმატებულ ინდივიდებს. ეს მიზანმიმართული ქცევა შეიძლება მოიცავდეს სიტყვიერ, არავერბალურ, ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას, მუქარას, რაც, დამეთანხმებით, რომ უკიდურესად არაგონივრულია.

დესტრუქციული ადამიანები სამიზნე პირის გაკონტროლებას ცდილობენ ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით (სოციალური ქსელი, ადამიანური რესურსები და სხვა). ისინი იზოლაციაში აქცევენ, ითვლიან „მსხვერპლის“ ფინანსებს, აკვირდებიან სოციალურ წრეს და აკონტროლებენ მისი ცხოვრების ყველა ასპექტს.

ამ ტიპის ადამიანიანების დესტრუქციული ქცევის ძირითადი მიზეზებია: შემოქმედებითი თვითრეალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობა, კონფორმიზმი, იზოლაციის განცდა, უმნიშვნელობა, ნარცისიზმი, მარტოობა, საკუთარ თავში დაეჭვება და ასევე ქრონიკული დეპრესია.

დაბოლოს, დესტრუქციული კრიტიკისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზაა მისი უარყოფა, იგნორირება და დინსტანცირება.

კრიტიკის გაცემა და მიღება, საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში დასაქმებულთათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, კონსტრუქციული გამოხმაურება ერთია, დესტრუქციული კრიტიკა კი სრულიად განსხვავებული ტოქსიკური გამოხატულებაა.

„ადამიანის განვითარების თვალსაზრისით, კრიტიკა არის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ და გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები, ვისწავლოთ და გავხდეთ უკეთესები. მიუხედავად ამისა, კრიტიკა თითქმის არავის უყვარს. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ის არის, რომ თითოეულ ადამიანს თავისი სუბიექტური რეალობა აქვს და ეს რეალობა გავლენას ახდენს, როგორც ინფორმაციის გაცემაზე, ასევე მის აღქმაზე. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ ზღვარი, კონსტრუქციულ და დესტრუქციულ კრიტიკას შორის, ძალიან ვიწროა და მისი გადაკვეთა საკმაოდ მარტივია.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ გამოვხატავთ კრიტიკას, მნიშვნელოვანია გულწრფელად გავცეთ პასუხი კითხვებს: რა გვამოძრავებს, რა არის ჩემი მოტივაცია? ვისთვის ვაკეთებ ამას – ჩემთვის, თუ კრიტიკის ობიექტისთვის? რას მოიტანს ჩემი კრიტიკა შედეგად – შეცვლის თუ არა რამეს უკეთესობისკენ?

ნებისმიერ კომუნიკაციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მკაფიო მიზანი, ამიტომ გააანალიზეთ რამდენად გულწრფელი ხართ თქვენს განზრახვაში, გააკეთეთ აქცენტი ადამიანის პიროვნულ სარგებელზე და დარწმუნდით, რომ თქვენს კრიტიკას ნამდვილად შეუძლია შექმნას სასიკეთო ცვლილებები. ასეთ შემთხვევაში, კრიტიკა იქნება აზროვნების, კომუნიკაციის და ქცევის სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უზრუნველყოფს ეფექტიან შედეგებს,“ – საკუთარ ხედვას გვიზიარებს უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ რექტორი, პროფესორი ნათია გოცაძე.

წარმატებულ და ნაყოფიერ პროფესიულ მიღწევებს გისურვებთ, ძვირფასო კოლეგებო.

სტატიის მოსამზადებლად გამოყენებული წყაროები:

  1. https://www.leadersinstitute.com/the-difference-between-constructive-and-destructive-criticism/
  2. https://thehappinesscoach.com/constructive-vs-destructive-criticism/
  3. https://yucommentator.org/2019/09/the-difference-between-constructive-and-destructive-criticism/

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები