5 ივლისს, მწერალთა სახლში, უკრაინის ფონდის დასახმარებლად, საბავშვო ლექსების კრებულის „პატარების დიდი სამყარო“ წარდგინება გაიმართა. წიგნის ავტორი, რომელმაც ბავშვებისთვის წერა დაიყო, მხატვარ-გრაფიკოსი, ილუსტრატორი ეკატერინე ქარჩავაა. „აფხაზეთიდან დევნილი 5 წლის ასაკში გავხდი… უკრაინის ომმა განმიახლა ის ტკივილი, რომელიც მრავალი წლის წინ გადავიტანე. ღონისძიებაზე გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხით მცირედი წვლილი მინდა შევიტანო უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“ – ამბობს საბავშვო პოეტი, რომელიც სოხუმში დაიბადა, ხატვა სამი წლიდან დაიწყო…
ეკატერინე ქარჩავა, 2011 წლიდან, საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრია, მოპოვებული აქვს პრემიები, 2014-17 წლებში, აფხაზეთის მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ ნომინაციაში „წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრები“; არის სხვადასხვა ქვეყნის გამოფენების, კონკურსების, კონფერენციების წარმატებული მონაწილე. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, ონლაინ კონკურსების მრავალგზის გამარჯვებულია. ეკატერინეს გამოფენები ჰქონდა: ლონდონში, სკობიეში, ჟენევაში, ლეიდენში, ამსტერდამში, ჰააგაში, ბრიუსელში, ვილნიუსში, თურქეთში, ინდოეთში, იაპონიაში, მექსიკაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ლიტვაში,. აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევრების ვირტუალური სოლო გამოფენა ესპანურ ვებგვერდზე, გალერეა „გარტზე“, განთავსდა. ეკატერინე არაჩვეულებრივი ილუსტრატორია, შექმნილი აქვს ქართული ზღაპრების ილუსტრაციები, მაგალითად, „რწყილი და ჭიანჭველა“ და მერაბ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“ შერეული ტექნიკითა და ფერადი კოლაჟებით, ასევე, ილუსტრაციები სხვა ცნობილი პოეტებისა თუ მწერლების ნამუშევრებზეც.
შემოქმედებითი საღამო გახსნა საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის „გულანი“ პრეზიდენტმა, პოეტმა, მწერალმა, მთარგმნელმა და პროზაიკოსმა, ნაირა მარშანიამ, რომელმაც ეკატერინე ქარჩავას შემოქმედებაზე ისაუბრა და საზოგადოებას მხატვარი, ახლა უკვე როგორც საბავშვო პოეტი, წარუდგინა. „ეკატერინე უზომოდ წარმატებული მხატვარია, დღეს კი როგორც საბავშვო პოეტს ისე გავაცნობთ მკითხველს. მისი პირველი საბავშვო კრებული „პატარების დიდი სამყარო“, რომელიც შინაარსობრივად მრავალფეროვანია, განკუთვნილია 11-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. პოეზიაში ეს ეკატერინესთვის დასაწყისია, მჯერა, მომავალში, ის არა ერთი საინტერესო წიგნით გაახარებს მკითხველს“.
კრებულში 50 საბავშვო ლექსია შესული, ავტორის მიერვე შექმნილი მარტივი, გასაგები, ფერადი და მრავალფეროვანი სახალისო ილუსტრაციები პატარა მკითხველს, ლექსთან ერთად, ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.
ეკატერინემ წერა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო, თუმცა საბავშვო ლექსების წერას 2017 წლიდან უფრო ნაყოფიერად აგრძელებს. მისი ლექსების პირველი მკითხველი და შემფასებელი ოჯახის წევრები არიან, განსაკუთრებით კი მეუღლე და შვილები, რომლებმაც დედა საბავშვო პოეტად აქციეს. პირველი ილუსტრირებული ლექსები ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა. „მინდოდა, ჩემი ლექსები პირველებს ჩემს შვილებს სცოდნოდათ და თუ ისინი ადვილად დაიმახსოვრებდნენ, ე.ი. ლექსი კარგი იყო. გასახარია, როცა საბავშვო ბაღებში ასწავლიან ჩემს ლექსებს, რაც შრომისთვის სტიმულს მაძლევს. ბავშვის ფსიქიკა სათუთი და მოსაფრთხილებელია, მას დიდი დაფიქრებით უნდა მიაწოდო ჯადოსნური სამყარო, რომ იოლად აღიქვას,“ – ამბობს პოეტი.
საბავშვო კრებულის წარდგენას, რომელიც საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ თანადგომითა და ორგანიზებით გაიმართა, პოეტის ახლობლები, მეგობრები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ – აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საინტერესო ახალგაზრდა აფხაზი მხატვარი ნიკა ემუხვარი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ მომღერლები: თინათინ ჭულუხაძე – ჯეოსტარის მომღერალი; ლაშა თოლორდავა – პოეტი, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალი; ნანა მესხი – პოეტი, მუსიკოსი, მგალობელი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მომღერალმა და მსახიობმა, მამუკა პავლიაშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ირმა ირემაძემ და სხვებმა. მსახიობმა, იოანე ქართველმა და პატარა მსახიობმა გოგონამ, ქეთა ბაიდაურმა წაიკითხეს კრებულში შესული საბავშვო ლექსები: „ბაჭია“, „ბებოს სათვალე“, „თურმე სიზმრად“ და სხვ.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის, მაყვალა გონაშვილის მიერ, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, ეკატერინე ქარჩავას გადაეცა ჯილდო „თამარიონის ენდალმა“, რომელიც მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა, მანანა გორგიშვილმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო პოეტს უკვე დაწყებული აქვს მეორე წიგნზე მუშაობა და პატარა მკითხველის წინაშე სულ მალე წარადგენს.
ციცი გურიელი: „ბავშვები ჩვენი მომავალია, ქვეყნის ხვალინდელი დღე. დიდი მნიშვნელობა აქვს რა ფასეულობებზე გაიზრდებიან, მათი სახით, როგორი მომავალი ეყოლება ქვეყანას. ეკას წიგნში უდიდესი სიყვარულია ჩადებული, პატრიოტიზმი. დიდი სიყვარულით და სიფრთხილით არის პატარა მკითხველამდე მოტანილი ადამიანური თვისებები – მეგობრობა, ურთიერთობა და სიყვარული“.
გურამ ცერცვაძე, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე: „ახალგაზრდა მხატვარ-გრაფიკოსმა, ეკატერინე ქარჩავამ მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ არაერთ გამოფენაზე წარმატებით წარადგინა თავისი შემოქმედება, როგორც თვითმყოფადი ნიჭის მქონე ხელოვანმა. ეკატერინე ქარჩავას შემოქმედების ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებელია გარემომცველი სამყაროს მისეული ფაქიზი და პოეტური აღქმა. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდა ხელოვანი პოეზიაშიც ცდის თავის შესაძლებლობებს და მრავალი საინტერესო ლექსის ავტორიც გახლავთ. მხატვარი ახალი გამომსახველობითი შესაძლებლობის მუდმივ ძიებაშია, რაც მისი მომავალი წარმატებული შემოქმედების საწინდარია. ვუსურვებ, ღირსეულად გაეგრძელებინოს წინა თაობების ბრწყინვალე მხატვარ-გრაფიკოსთა შემოქმედებითი ტრადიციები“.
მანანა კიკნაძე, მწერალთა კავშირის წევრი, საბავშვო პოეტი, წიგნის „პატარების დიდი სამყარო“ რედაქტორი: „პოეზია ფანტასტიკური საშუალებაა ბავშვებისთვის ფასეულობების პოპულარიზაციის, მეხსიერების გავარჯიშებისა და მათთვის ახალი სიტყვების სწავლებისთვის. ბავშვებს უყვართ ჯადოსნური და ფერადი სამყარო, ლამაზი ცხოველები, რომლებიც სასაცილოდ გამოიყურებიან და ამით მოხიბლულები სიხარულით სწავლობენ ლექსებს. საბავშვო პოეტის საქმეც ხომ ეს არის, ბავშვები საოცარ საზღაპრეთში ამოგზაუროს. მივესალმები ახალი წიგნის შექმნას, ყოველი კარგი და ლამაზი საქმე ხომ სიკეთეს ასხივებს და დიდ პოზიტივს გზავნის სამყაროში“.
David Gua /დათუ ბაძაღუა/, მხატვარი: „ხშირად ვამბობ, რომ პოეზია და მხატვრობა ერთი განუყოფელი ემოციაა, ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთში არსებობენ. როდესაც პოეზიას უსმენს ადამიანი, საკუთარ ფიქრებში მხატვარი ხდება ან პირიქით, როდესაც ტილოსთან დგება და შედის სიღრმეში, იგი აუცილებლად საკუთარ ფანტაზიებში პოეტი ხდება.
ეკატერინე ქარჩავას ეს პატარა წიგნი დასტურია ამ ფაქტის. მისი, როგორც მხატვრის, არჩევანი ამ მიმართულებით საყურადღებოა. ის შესანიშნავი გრაფიკოსია, ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი ხელოვანი.
საბავშვო პოეზიაზე არჩევანის კეთება, ჩემი აზრით, უფრო მეტად სიკეთის გამოხატვის საშუალებაა. პოეტი აქ უფრო ღიაა და გახსნილი. მით უმეტეს ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე საუბარი ღმერთთან მიახლოების საფუძველია… ეკატერინე ცდილობს, გაამდიდროს ქართული მხატვრობა და ამ ჯერზე უკვე საბავშვო პოეზიაც. მივესალმები მხატვრობისა და პოეზიის თანაარსებობას მის ემოციებში“.