14 დეკემბერი, შაბათი, 2024

გვექნება თუ არა წელს აბიტურიენტის სასარგებლოდ დარბილებული საგამოცდო სისტემა?! – ინტერვიუ გიორგი გახელაძესთან

spot_img

როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020? ეს ჯერ არავინ იცის, რადგან გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ხელისუფლებისგან ჯერ მხოლოდ ვარაუდებს ვისმენთ, თუმცა, ეს ვარაუდებიც მოძველებულია, რადგან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ამ თემაზე არც ერთ ოფიციალურ უწყებას სიტყვაც არ დაუძრავს. მოძველებული ინფორმაციით კი, მთავრობა აცხადებს, რომ გამოცდების ალტერნატიული წესით ჩატარების ვარიანტებს განიხილავს, განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გარკვეული შეთავაზებები აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები; ერთიანი ეროვნული გამოცდების ეროვნული ცენტრი კი, ყველანაირი განმარტებებისგან თავს იკავებს. აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადების დასრულებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება, ივლისამდე – გამოცდების ჩატარების ტრადიციულ დრომდე კი, დაახლოებით, ორი თვე. ამასობაში, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას, ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე, კიდევ ერთი თვით ახანგრძლივებს, რაც, ავტომატურად, გულისხმობს სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების ისევ ერთი თვით გადაწევას, თვითიზოლაციაში მყოფი აბიტურიენტებისთვის კი, სურათი ისევ უცვლელია – წინ ბუნდოვანი ზაფხული და გაურკვეველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ელოდებათ…

რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება და რა თეორიული შესაძლებლობები ჩნდება გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომ აბიტურიენტებისა და უმაღლესი განათლების ინტერესთა თანხვედრა შეძლონ, აირიდებენ თუ არა თავიდან აბიტურიენტთა ნაკადის შემცირებას – ამ თემებზე გვესაუბრება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გახელაძე.

ბატონო გიორგი, რა ინფორმაცია გაქვთ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით – რა ფორმით და როდის ჩატარდება გამოცდები?

 – ინფორმირებულობის თვალსაზრისით, გეტყვით, რომ არანაირი განცხადება ერთიანი ეროვნული გამოცდების გეგმის შესახებ არ ჩანს, არც დაწერილი მინახავს და არც სიტყვიერად მომისმენია, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს აბიტურიენტთა რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, მთავრობა, ჯერჯერობით, გაურკვევლობაშია და, შესაბამისად, ვერც გადაწყვეტილებას იღებს, რადგან არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა – სწორედ ამაზეა დამოკიდებული სრული ფორმატით განხორციელდება თუ არა გამოცდები. მეორე მხრივ, მოსახლეობაში, საგანგებო მდგომარეობის გამო, ბევრი ფაქტორით გამოწვეული უკმაყოფილებაა, რაც მანამდე დაგროვილ უკმაყოფილებებს კიდევ უფრო ამწვავებს. ბუნებრივია, მთავრობას პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავება არ სურს, რადგან საარჩევნო წელია. ამიტომ, გასაგებია, რომ ეძებენ ოპტიმალურ გამოსავალს და ცდილობენ, ეს გამოსავალი, ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელი, ნაკლებ გამაღიზიანებელი იყოს და, მეორე მხრივ, რაღაც შედეგის მაჩვენებელი, რომელიც ინსტიტუციების მუშაობისა და არჩამოშლის ინდიკატორი იქნება.

– რეალურად რა შეიძლება მოხდეს?

– რამდნიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ. თუმცა, ჩვენი საუბარი, რასაკვირველია, მხოლოდ ვარაუდებია, თუ რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაინც ყველა თეორიული ვარიანტი უნდა დავასახელოთ, რომელიც, ასევე სავარაუდოდ, ბევრს შეიძლება არ მოეწონოს.

პირველი ვარიანტი – წელს უმაღლესებმა შეწყვიტონ მიღება, ერთიანი ეროვნული გამოცდების საყოველთაო განხორციელების შეუძლებლობის გამო. რა თქმა უნდა, ამაზე, ალბათ, არ წავლენ, თუმცა, თეორიულად ეს დასაშვებია. ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩატარებას ბევრი მხრიდან ექნება წინააღმდეგობა.

მეორე ვარიანტი – თუ ისევ ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებულ სისტემაში დავრჩებით, მაშინ უნდა შეეცადონ, მისაღები გამოცდები დისტანციურ, კომპიუტერზე დაფუძნებულ ტესტებზე გადააწყონ და ისე ჩაატარონ, რომ ამ გამოცდების ერთიანობის – ცენტრალიზაციის პრინციპი არ დაირღვეს. მაგრამ, სერიოზული რესურსების დახარჯვა მოუწევთ იმიტომ, რომ საჭირო გახდება ყველაფრის ტექნიკურად გამართვა, შესაბამისად, ამ საგამოცდო სისტემის სათანადოდ ორგანიზება.

მესამე ვარიანტი – აბიტურიენტებს შესთავაზონ გამოცდის ჩვეული ფორმატით ჩაბარება იმ საგამოცდო ცენტრებში, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული სოციალური დისტანციის გამკაცრებული ზომები (მეთვალყურეობის ქვეშ), რაც საგამოცდო პროცესის ხანგრძლივობას გაზრდის. ასევე, აბიტურიენტებს შესთავაზონ გამარტივებული ტესტები (პროგრამის შემოკლება). ვფიქრობ, ეს ვარიანტი მოეწონებათ ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში დიდ გაღიზიანებას არ გამოიწვევს, მაგრამ გაჩნდება კითხვა: როგორ მივიდნენ დანიშნულების ადგილას, საგამოცდო ცენტრამდე (იმ შემთხვევაში, თუკი დავუშვებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ივნის-ივლისშიც გაგრძელდება)? ჩამოთვლილი ვარიანტებიც ასეთი სცენარისთვის იქნება საჭირო.

რა თქმა უნდა, არის სხვა ვარიანტიც, მაგრამ იქნება გასვლა არსებული ერთიანი გამოცდების ფორმატიდან, რაც ჯერ კიდევ შარშან, იანვარში, იყო გამოცხადებული, საგამოცდო სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა განხორციელებულიყო. რეფორმის შედეგად მივიღებდით სისტემას, სადაც უმაღლესები, მათთვის მოსახერხებელ დროს, სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ, თვითონ ჩაატარებდნენ გამოცდებს. მთავრობას, თუ გონიერება ეყოფა, ახლა ამ სისტემაზე გადასვლა იქნება უპრიანი. ცხადია, ეს ერთნაირად კარგად აღქმული არ იქნება ყველა დაინტერესებულთა მხრიდან – არც უმაღლესების და არც აბიტურიენტების. გარდა ამისა, 15-წლიანი ჩვეული საგამოცდო სისტემიდან ასეთი სწრაფი და უჩვეულო გადასვლა სხვა სისტემაზე, ვფიქრობ, ბევრ ადამიანში გამოიწვევს დაბნეულობას. ყოველ შემთხვევაში, რა ვარიანტიც უნდა მოძებნოს ან აირჩიოს მთავრობამ, მეეჭვება, რომ დეცენტრალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯი. ყველანაირად შეეცდებიან, გამოცდების ჩაბარების პირობები მაქსიმალურად გაამარტივონ, საფუძვლად ბევრ არგუმენტსაც მოიტანენ, მათ შორის, ფაქტობრივად შეჩერებული/შეწყვეტილი თუ არასრულფასოვნად გაგრძელებული სასწავლო წლისა და აბიტურიენტების საუკეთესო ინტერესების დაცვის მოშველიებით. აქაც, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გულის მოგებას შეეცდებიან. ეს, დაახლოებით, იმ ვითარებას წააგავს, როცა 90-91 წელს ყველა აბიტურიენტს ჩააბარებინეს – გულის მოგების ამბავი იყო, ელექტორალური დამოკიდებულება, რომელიც გარკვეული გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს ადამიანებს. ეს ნაბიჯი ამ ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების დაცვით იქნება „გამაგრებული“. უკეთეს შემთხვევაში, ამას გულუხვობა დავარქვათ, რომელიც მერე გამყარებულია დაფინანსების მექანიზმებით. ყოველ შემთხვევაში, რა მექანიზმსაც მოძებნიან, აუცილებლად ელექტორალური მიდგომებით იქნება ნაკარნახევი. 

– ჩამოთვლილი სავარაუდო ვარიანტებიდან თქვენ უფრო დეცენტრალიზაციისკენ იხრებით?

– კარგი იქნებოდა, ერთი თვის წინ რომ გამოეცხადებინათ ასეთი რამ: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაფუძნებულ გამოცდას ვატარებთ მხოლოდ ზოგად უნარებში, დანარჩენ გამოცდებს კი, უმაღლესები თვითონ ჩაატარებენ. გრანტები მიბმული იქნებოდა უნარებში მიღებულ ქულებზე, ანუ ის ვარიანტი დაეშვათ, რის დანერგვასაც უკვე აპირებდნენ 2021 წლისთვის, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში.

შექმნილი მდგომარეობის გამო, აბიტურიენტები ვეღარ ემზადებიან რეპეტიტორებთან. სავარაუდოდ, ამის გამო, შესაძლოა, წელს ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა შემცირდეს, რაც ავტომატურად აისახება უმაღლესების დაფინანსებაზე. როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით, ხომ არ დაზარალდებიან წელს უმაღლესი სასწავლებლები?

– აბიტურიენტთა ნაკადის შემცირება, რასაკვირველია, უკმაყოფილებას გამოიწვევს როგორც უმაღლესების, ისე აბიტურიენტების მხრიდან იმიტომ, რომ უმაღლესი განათლებისკენ ლტოლვა საქართველოში და მოტივაცია, ჯანსაღი თუ არაჯანსაღი, არ შეჩერებულა, არსად გამქრალა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს საშიშროება არ ემუქრება არც უმაღლესებს და არც აბიტურიენტებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ელექტორალური მიდგომა არ გულისხმობს მარტო აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებას, არამედ უმაღლესების და საგანმანათლებლო სისტემის მესვეურთა ინტერესების გათვალისწინებასაც მოიაზრებს. ამიტომ, ეს „შუალედური გამოსავალი“, ერთი მხრივ, აბიტურიენტებს გაუმარტივებს ჩაბარებას, შინაარსობრივი თუ ტექნიკური თვალსაზრისით, მეორე მხრივ, არ შეამცირებს სტუდენტთა ნაკადს, ანუ კონკურსებს უმაღლესებში. ამიტომ, ასეთი შუალედური გამოსავალი მათთვის ყველაზე ხელსაყრელი, ოპტიმალური ვარიანტი იქნება.

თავისთავად, ბევრად არ შემცირდება ნაკადი, თუკი სატესტო დავალებების გამარტივება მოხდება, ამ შემთხვევაში, არც უმაღლესები დაზარალდებიან. ამიტომაც, აბიტურიენტის სასარგებლოდ დარბილებული საგამოცდო სისტემა, რომელიც გამართლებული იქნება კრიზისულ სიტუაციაში გამოწვეული განათლების უფლების შეზღუდვით, შეიძლება სახეიროდაც კი წაადგეს უმაღლეს სასწავლებლებს, რადგან ასეთ პირობებში, შეიძლება, პირიქით, მეტი აბიტურიენტიც კი ჩაირიცხოს.

ცხადია, უმაღლესების „გაბრაზება“, სადაც სტუდენტების – ახალგაზრდების ყველაზე მეტი კონცენტრაცია ხდება, საარჩევნო წელს, ხელისუფლებას არ ენდომება.

– მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას მაინც აჭიანურებს და ამბობს, რომ მუშაობს რამდენიმე ვარიანტზე… 

– ამ ვარიანტებში განიხილება ორი უმთავრესი რამ: ერთი, რამდენ ხანს გაუგრძელდებათ საგანგებო მდგომარეობა, რადგან ეს მხოლოდ განათლების სისტემას არ ეხება, ეკონომიკურ აქტივობასაც ეხება და ა.შ. მათ კარგად იციან, რომ ადამიანების მეხსიერება ხანმოკლეა და თუკი ზაფხულამდე ეს ამბავი გადაივლის და მოქალაქეები ცხოვრების ნორმალიზებას შეძლებენ, არჩევნებისთვის აღარავის ემახსოვრება პანდემიასთან გამკლავების მათი ღვაწლი. უფრო მეტიც, შეიძლება იმაზე ალაპარაკდნენ, რაც იმ მომენტში შეაწუხებთ და ააღელვებთ. აქაც, მთვარობას არ უნდა, რომ ცუდად გამოჩნდეს, ამიტომ ახლა ხელისუფლება ორ კითხვაზე ეძებს პასუხს: როდის დასრულდება საგანგებო მდგომარეობა და როგორ გამოვლენ ამ სიტუაციიდან ისე, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანები არ გააბრაზონ – პირიქით, მათი გულები უნდა მოიგონ. აი, ამ კითხვებზე ეძებენ პასუხებს, როცა ამბობენ, რომ ვარიანტებზე მუშაობენ.

– თვალსაჩინოა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასთან შედარებით, უმაღლესი განათლება ქვეყანაში უფრო მზად დახვდა გამოწვევას. რა ფაქტორებმა განაპირობა ასეთი სხვაობა და რა ძირითადი ხარვეზები გამოიკვეთა?

– უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა – განათლების ამ ნაწილმა უფრო მოქნილად და კომპეტენტურად უპასუხა გამოწვევას და ეს კრიზისი უნივერსიტეტებისთვის (ჩავთვალოთ ასე – იძულებით გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე) ერთგვარი კატალიზატორიც კი აღმოჩნდა განათლების პროგრესული ფორმების დანერგვისთვის – დისტანციური განათლების დანერგვა და შემდეგ აღიარებაც! მოგეხსენებათ, აღიარების პროცესი შეფერხებული იყო და ამ ვითარებამ ეს პროცესიც დააჩქარა. ისინიც კი, ვინც არასერიოზულად უყურებდნენ დისტანციური განათლების შესაძლებლობებს (უმაღლესებიც და აკადემიური წრეებიც), რწმუნდებიან, რომ ეს სავსებით შესაძლებელია და, ხშირ შემთხვევაში, ხარისხიც უკეთესი აქვს.

უმაღლესების მხრიდან გამოწვევაზე ადეკვატურ რეაქციასა და ხარისხიან სწავლებას ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა: ერთი ის, რომ ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, იყვნენ და არიან უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. ეს იმანაც განაპირობა, რომ სხვადასხვა საჭიროებების გამო, უნივერსიტეტებს მოგვარებული უნდა ჰქონოდათ ინფრასტრუქტურა და აქვთ კიდეც, ამიტომ ტექნიკური ხარვეზები მათ ნაკლებად შეეხო; მეორე – ადამიანური რესურსი, რომელსაც შეუძლია ამ პლატფორმების გამოყენება უნივერსიტეტებში მეტი მზაობით გამოირჩევა, ვიდრე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის პედაგოგიური კორპუსი. ესეც ხელშემწყობი აღმოჩნდა და, რაც მთავარია, ის, რომ ჩვენ შემთხვევაში, მართალია, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტად არიან ცენტრალიზებული მართვის სისტემის ქვეშ მოქცეული, მაგრამ შედარება არ არის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ავტონომიურობის ხარისხთან. ამიტომ, ამ ყველაფერმა, მეტი მზაობის პირობებში, მეტი მოქნილობა შესძინა უმაღლესებს და შესაბამისად, პასუხიც უკეთესია, ვიდრე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, კიდევ კარგი, რომ ცენტრალიზებულია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა, რადგან სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მაიკროსოფტთან, ნაყიდი აქვს პლატფორმა თიმსი, რომლითაც ყველა სკოლა სარგებლობს. თუმცა, ეს სკოლებს უკვე სამი წელია აქვთ, მაგრამ საკითხავია, ვინ იყენებდა მას?

ახალა სამინისტროს ერთი დიდი ხომალდი აქვს გადასაყვანი და ძალიან მძიმე ტვირთი აწევს მხრებზე, რომელიც პატარ-პატარა ნავებით კი არა, ერთი დიდი ხომალდით უნდა გადაიტანოს. მინდა გითხრათ, რომ მართლაც ცდილობენ, მაგრამ უფრო დეცენტრალიზებული რომ ყოფილიყო ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა, მარტივად რომ ვთქვათ, უმაღლესების არ იყოს, უფრო მეტი სკოლა და მასწავლებელი უფრო მრავალფეროვნად და ხარისხიანად უპასუხებდა გამოწვევას. ამის გარდა, აქ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი – ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის, ანუ საერთო ეროვნული ინტერნეტიზაციის პრობლემამ. სადაც გვაქვს ინტერნეტი, იქაც ცუდი ხარისხისაა, რის გამოც, კარგი კომპეტენციის პირობებშიც კი, მოხმარება პრობლემურია. მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში, საერთოდ, განათლების მრავალფეროვნება, განსხვავებული კურიკულუმები და ა.შ. ნაკლებად მოსაწონია. ის კი არადა, „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც სკოლების ავტონომიურობისკენაა მიმართული, ცენტრალიზებულად ხორციელდება. ასეთ ვითარებაში და ისეთი მასწავლებლების პირობებში, რომლებსაც უკვე10 წელია, ვეფერებით (ალბათ, გახსოვთ, მასწავლებლების სერტიფიცირება 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, სინამდვილეში კი, 2010 წლიდან დავიწყეთ და დღემდე ვერ დავასრულეთ), ცხადია, სკოლამ ნაკლებად უპასუხა გამოწვევას.

უფრო მოკლე შეფასება ასეთია: გამოწვევას უმაღლესებმა უკეთ უპასუხეს მეტი ავტონომიურობის, მეტი მზაობისა და გამართული ინფრასტრუქტურის გამო და ზუსტად იმავე ფაქტორების ნაკლები ხარისხით ქონის პირობებში, სკოლებმა – ნაკლებად.

– რა პოზიტიური შედეგები ექნება ამ ყველაფერს როგორც უმაღლესებთან, ისე სკოლებთან მიმართებაში?

– როგორც ყოველთვის, კრიზისული სიტუაციები განვითარების ახალ გზებს გამოაჩენს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სკოლებისთვის ისეთივე კატალიზატორი აღმოჩნდება, როგორც უმაღლესებისთვის აღმოჩნდა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე მოვლენები კარგ გავლენას განათლების სფეროზე იმის გამოც მოახდენს, რომ კრიზისულ ვითარებაში არსებული ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო და მკაფიო ხდება. ამ დროს მიღებული ახალი ტიპის კარგი გამოცდილება (რომელიც, როგორც წესი, გამოჩნდება ხოლმე და ახლაც ნელ-ნელა ჩნდება) როგორც მართვის, ისე რესურსების ნაწილში, ნორმალური და ადეკვატური ანალიზის პირობებში, ცხადია, პოზიტიურ გავლენას იქონიებს სისტემაზე. ჩვეულ ცოდნაზე უარის თქმა და კარგი სიახლის გამოვლენა-დანერგვა, თავისთავად, პროგრესის წინაპირობაა, მაგრამ თუ ამ გაკვეთილს ცუდად ვისწავლით, მაშინ კარგ გავლენას არ უნდა ველოდოთ.

 ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები