„გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელშიც 50-ზე მეტი სკოლა და 300-ამდე მოსწავლეა ჩართული. მისი ხელმძღვანელები არიან: ხათუნა ბერაძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედეგოგი; ზაზა შულაია – ხობის მუნიციპალიტეტი სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
პროექტი 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და მოწვეული სტუმრები (უკვე შედგა შეხვედრა ბატონებთან – როლანდ ხოჯანაშვილთან, გია მურღულიასთან, ლევან ბრეგაძესთან) მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ლიტერატურის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებოდნენ და იმართებოდა დისკუსია. იანვარში ჩვენი სტუმარი იყო აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, პოეტი, მთარგმნელი, ისლამური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ლობჟანიძე. ბატონ გიორგის ნათარგმნი აქვს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის უამრავი ნიმუში, რომელთა შორისაც არის ყურანიც. სტუმარმა ისაუბრა თარგმანის წარმომავლობასა და ხელოვნებაზე. თარგმანის პირველი ნიმუშები გვხვდება შუმერულიდან აქადურზე და აქადურიდან შუმერულზე, ძველი ენების ურთიერთობა იწყება თარგმანების მეშვეობით, ჯერ კიდევ ლურსმულ წარწერებში დასტურდება თარგმანი, როგორც ლიტერატურული ფაქტი. თარგმანთმცოდნეობის შესწავლის პროცესი, დაახლოებით, მე-17 საუკუნის ბოლოს იწყება, მე-18 საუკუნეში ვითარდება და მე-19-ში უკვე ფორმდება, როგორც ენათმეცნიერების ნაწილი. შემდეგ წარმოიშვა სამი თეორია: „სრული თარგმნადობის“, „სრული უთარგმნელობისა“ და „შედარებითი თარგმნადობის“. პირველი თეორია ამტკიცებდა, რომ ყველაფრის თარგმნაა შესაძლებელი, სიტყვასიტყვით, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვიღებთ კალკს, რაც თარგმანს აზრს უკარგავს. მეორე თეორიის მიხედვით, ერთი ენიდან მეორეზე სრულყოფილად თარგმნა შეუძლებელია, ხოლო მესამის მიმდევრები ამბობდნენ, რომ თარგმნა შედარებითი პროცესია და, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია აზრის გადმოტანა სხვადასხვა ენობრივი საშუალებებით.
საუბარი შეეხო ჯერ ფრაზების თარგმანს და აქაც აღინიშნა, რომ მთავარია, მთარგმნელმა შინაარსი მოგვაწოდოს სწორად. იგი ორივე ენას იმდენად კარგად უნდა იცნობდეს, რომ თავისუფალი თარგმანი შეეძლოს, ანუ თავისი შეხედულების შესაბამისად გადმოიტანოს ისე, რომ შინაარსი არ დაუკარგოს ფრაზას. ეს, რასაკვირველია, დაშორებული იქნება დედნისგან, თუმცა – მიმსგავსებული.
აღმოსავლური ლიტერატურის თარგმანების მაგალითებზე, სტუმარმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, თუ რა არის ლიტერატურული თარგმანი, რა როლი აქვს მას და საერთოდ გვჭირდება თუ არა. მან აღნიშნა, რომ თარგმნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ჯგუფები გაჩნდნენ. მათ შორის აუცილებელი იყო კომუნიკაცია, თავდაპირველად, სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, მოგვიანებით კი – კულტურული. კომუნიკაციის ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხი იყო თარგმნა. ბატონმა გიორგიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ადამიანს, რომელიც იწყებს ამა თუ იმ ტექსტის თარგმნას, მოეთხოვება „სტუმარი“ და „მასპინძელი“ ენების საფუძვლიანი ცოდნა, უზუსტობების თავიდან ასაცილებლად. კარგ მთარგმნელს უნდა შეეძლოს ტექსტის სწორად გადმოტანა ისე, რომ თავდაპირველ ნაშრომს აზრი და მნიშვნელობა არ დაუკარგოს. საუბრისას, ყურდაღება გამახვილდა მთარგმნელზე, რომელმაც უნდა თარგმნოს ძველი ქართული ტექსტები არაბულად, პირველ რიგში, ის კარგად უნდა იცნობდეს ძველ ქართულ ენას, შესაბამისად რომ თარგმნოს, სხვა შემთხვევაში, ტექსტში უზუსტობები იქნება, რაც უამრავ თავსატეხს გააჩენს… სწორედ თარგმანებია კულტურული ურთიეთგაცვლის საშუალება, ვინაიდან თარგმანებითაა შესაძლებელი სხვადასხვა ერების მიერ ერთმანეთისთვის საინტერესო ნაშრომების გაზიარება.
დასახელდა სამი მწერალი, რომლებსაც განსხვავებული წერის სტილი და თვითგამოხატვის ინდივიდუალური მანერა აქვთ. შესაბამისად, მთარგმნელის მოვალეობაა, სამივეს წერის სტილს კარგად გაეცნოს და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს თარგმნა. სხვა შემთხვევაში, სულ სხვა წარმოდგენა შეიძლება შეექმნას მკითხველს, რომელიც თავის ენაზე კითხულობს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებას, თუმცა მისთვის რთული გასაგებია, რისი გადმოცემა სურდა მწერალს კონკრეტული სიტყვებით, ვერ გრძნობს ასევე მის სულიერ განწყობასა თუ ემოციას… კარგ მთარგმნელს არა მხოლოდ სალიტერატურო ენის, არამედ დიალექტიზმების ცოდნაც მოეთხოვება იმ ენისა,რომლიდანაც თარგმნის.
ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ თარგმანების სიმრავლე კულტურული სიმდიდრის მაჩვენებელია ენაში, რის ნიმუშადაც გაიხსენა მე-8 საუკუნის ბაღდადში, ომაიანთა ეპოქაში, სახალიფოს ცენტრში, როგორ დაარსდა „სიბრძნის სახლი“ და როგორ თარგმნიდნენ მაშინდელ მსოფლიო შედევრებს ბერძნული ენიდან. სწორედ ამ სახლმა შექმნა არაბული სახალიფოს მსოფლიო ჰეგემონიის საფუძველი, რის მიღწევასაც სწორედ ამ ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების თარგმნით ცდილობდნენო.
აქვე უნდა აღინიშნოს არაბების მიღწევები ძალიან ბევრ სფეროში: გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოს შექმნა, ქაღალდის პირველი საწარმოს ამუშავება (ეს მათ ჩინელებისგან ისწავლეს), მედიცინის განვითარება, გეოგრაფიული რუკების შედგენა, სარწყავ-საირიგიციო სისტემის გაყვანა, ქარის წისქვილების გავრცელება არაბული ესპანეთიდან ევროპაში და ა.შ. ერთი სიტყვით, თავისუფლად შეიძლება ვიფიქროთ, რომ „სიბრძნის სახლმაც“ შეასრულა გარკვეული როლი არაბების წინსვლასა და განვითარებაში.
დასასრულს, გიორგი ლობჟანიძემ მოსწავლეებისა და მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და ამ შესაძლებლობისათვის მადლობას ვუხდით ბატონ გიორგის და პროექტის ხელმძღვანელებს.