5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

გეოგრაფიული გარემოს არსისა და მნიშვნელობის გააზრება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის სასწავლო პროცესში, სწავლების ყველა საფეხურზე

spot_img

მარინე დეკანოიძე
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი

 

 

ტერმინი „მდგრადი განვითარება“ – ისტორია უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების იმ პრობლემებს, რომლებიც ასახულია გაეროს კონფერენციის დეკლარაციაში (სტოკჰოლმი, 1972), აგრეთვე, რომის კლუბის (ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის ჰარმონიზაციის იდეის პოპულარიზაციაში) ნაშრომებში.

მდგრადი განვითარება, გაეროს განმარტებებით, არის საზოგადოების განვითარება, რომელიც ახლანდელი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა ისე, რომ არ დააზარალოს ის შესაძლებლობები, რასაც მომავალ თაობებს, მათი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მემკვიდრეობით დაუტოვებს.

1990 წელს დაარსებული მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი (ვინიპეგი, კანადა) აღნიშნულ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: „მდგრადი განვითარება ნიშნავს გარემოს გაერთიანებას, ეკონომიკურ ეფექტურობას და ხალხთა კეთილდღეობას“. იუნესკოს ერთ-ერთ მოხსენებაში, მდგრადი განვითარების ამოცანებიდან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა შემდეგნაირად ხაიათდება: გარემოს დაცვა მდგრადი ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენის თვალსაზრისით. ამდენად ძალიან ნათელია თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას, მის სტაბილურად (მდგრადად), კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ამიტომ, მდგრადი განვითარების მიზნები გარემოს განვითარებისკენაა მიმართული.

რადგან მდგრადი განვითარების კონცეფცია, გარემოს რაციონალური (გონივრული) ათვისებით, მომავალი თაობებისათვის უზრუნვეყოფს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ამიტომ, მარტივად რომ ვთქვათ, მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია წონასწორობის შენარჩუნება ადამიანთა საზოგადოების საქმიანობასა და გარემოს შორის, რაც გულისხმობს, რომ ადამიანმა თავისი საქმიანობა გონივრულად/რაციონალურად უნდა წარმართოს, შეზღუდოს გარემოში ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია, ბუნებაზე მიყენებული ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს, გარემოში მის მიერ დაზიანებული ადგილები გააკულტუროს და აღადგინოს.

გარემოზე მიყენებული ზიანი რომ მინიმუმამდე შევამციროთ და წონასწორობა დავიცვათ ადამიანთა საქმიანობასა და გარემოს შორის, ამისათვის დასაწყისშივე, სკოლაში, უნდა უზრუნველვყოთ მოსწავლეთა ინფორმირებულობა გარემოს დაცვით საკითხებზე, გამოვუმუშაოთ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რაც შემდგომში უნარ-ჩვევებში გადაიზრდება და, საბოლოოდ, ზოგადი განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზნის – „ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და დაცვა“ – მიღწევის საფუძველი იქნება.

რადგან მესამე თაობის (2018-2023 წლების) ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილ პრიორიტეტულ თემებს შორის ერთ-ერთი გარემოს დაცვაა, ამიტომ, ამ მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება ისევე წარმოადგენს მასწავლებლების ვალდებულებას, როგორც სწავლა-სწავლების საგნობრივ შედეგებზე მუშაობა. აღნიშნული მიმართულებით ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მდგრადი გაკვეთილების დანერგვა დაწყებით საფეხურზე, რაშიც გვეხმარება დამხმარე სახელმძღვანელო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში. ჩვენი პედაგოგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სახელმძღვანელოში მოცემულ აქტივობებს, რომლებიც გამჭოლადაა ინტეგრირებული სხვადასხვა საგანთან და წარმოდგენილია სირთულის მიხედვით, კარგად გაართვეს თავი. პედაგოგები (ნ. ყაველაშვილი და ნ. თაბაგარი) რთულ აქტივობებზე ორიენტირდნენ, სასწავლო პროცესის დროს, მე-3 და მე-4 კლასებში.

არა მარტო დაწყებით საფეხურზე, არამედ სწავლების ყველა საფეხურზე, ყველა საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში, აქტუალურია მდგრადი განვითარების მიზნების გააზრება გარემოსთან მიმართებაში, ამიტომ მე შევთავაზე კოლეგებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო წყაროებზე დაყრდნობით შექმნილი, საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი გარემოს შესახებ, რომელიც დაეხმარებათ პედაგოგებს არა მარტო თავად მიიღონ ინფორმაცია გეოგრაფიული გარემოს შესახებ, არამედ მიაწოდონ მოსწავლეებს, რათა მათ უფრო ღრმად გაიაზრონ მდგრადი განვითარების მიზნები და მათი განხორციელების აუცილებლობა ადამიანთა კეთილდღეობისათვის.

1. გეოგრაფიული გარემო

საზოგადოების გარემომცველი ბუნება, გეოგრაფიული გარემო წარმოადგენს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების ერთ-ერთ აუცილებელ და მუდმივ პირობას. გეოგრაფიული გარემოა ადამიანის გარემომცველი ბუნება, რომელიც მოიცავს: წიაღისეულ სიმდიდრეებს, ზღვებს, მდინარეებს, ტბებს, კლიმატს და ნიადაგს, ფლორას, ფაუნას და სხვ., რაც ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, დამოკიდებულია  ერთმანეთზე და განაპირობებს ერთმანეთს. ამასთანავე, იმყოფებიან მუდმივი მოძრაობის, ცვლილებისა და განვითარების პროცესში, სადაც მუდმივად რაღაც ინგრევა, რაღაც წარმოიშობა და ვითარდება.

გეოგრაფიულ გარემოში მიმდინარეობს ადამიანთა მატერიალური და სულიერი საქმიანობა. გეოგრაფიული გარემო განიცდის ცვალებადობას როგორც ბუნებრივი სტიქიური პროცესების შედეგად, ისე საზოგადოების ზემოქმედების შედეგად. ახალ-ახალი ტექნოლოგიების პირობებში გამოყენებული მრავალფეროვანი ტექნიკით ზემოქმედების შედეგად, გეოგრაფიული გარემო ახალ-ახალ თავისებურებებს ამჟღავნებს, რაც ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უქმნის. ამიტომ, საზიგადოებას დაფიქრება მართებს, ახალი ტექნოლოგიებითა და გამოგონებებით, პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ გარემოს სტაბილურობას, იმისათვის რომ, მომავალმა თაობებმა შეძლონ იმ ბუნებრივი სიკეთეებით სარგებლობა, რაც გარემოში მოიპოვება და რაც ადამიანების არსებობისათვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გარემოს მდგრადი განვითარების კონცეფცია და ჩამოყალიბდა ის მნიშვნელოვანი მიზნები, რომლის შესრულების შემდეგ, შემცირდება ანთროპოგენული სტიქიური უბედურებები, გაუმჯობესდება ადამიანთა საზოგადოების ცხოვრების პირობები, გაიზრდება ადამიანთა კეთილდღეობა.

1.1 გეოგრაფიული გარემოს გავლენა ადამიანთა საზოგადოებაზე

გეოგრაფიული გარემოს გავლენა ცვალებადია საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, ცვალებადია მისი გავლენის ხარისხი. გეოგრაფიული გარემო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი, მუდმივი, მაგრამ არა ძირითადი პირობაა; მას შეუძლია მხოლოდ დააჩქაროს ან შეანელოს და არა განსაზღვროს საზოგადოების განვითარება. გეოგრაფიული გარემოს თავისებურებანი, სხვადასხვა ქვეყნებისა და რაიონების ბუნებრივი პირობების ნაირგვარობა და ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფა არსებით გავლენას ახდენს ქვეყნების განვითარებაზე. განსაკუთრებით გარემოს გავლენა მიწათმოქმედებაზეა შესამჩნევი.

1.2. საზოგადოების გავლენა გეოგრაფიულ გარემოზე

გეოგრაფიულ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს – რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგს, ორგანულ სამყაროს და, მთლიანობაში, ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს (ბტკ) ეხება. ადამიანი უხსოვარი დროიდან  იმორჩილებს და შეგნებულად ცვლის გარემოს. ბუნების გარდაქმნის ამ პროცესმა, თანამედროვე ეტაპზე, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მსოფლიოში თითქმის აღარ დარჩა კუთხე, რომელიც ადამიანის ზემოქმედების ქვეშ არ იყოს და გარკვეულ ცვლილებას არ განიცდიდეს. ადამიანი არის ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი ბუნების გარდაქმნის დარგში. ადამიანის მიერ გეოგრაფიული გარემოს პირველადი ცვლილება იყო ტყის გაჩეხვა, რამაც კლიმატისა და ნიადაგის, აგრეთვე წყლის რეჟიმის შეცვლა გამოიწვია.

საწარმოო ძალების განვითარების მაღალ საფეხურზე, რაც სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციის ხარჯზე მოხდა, ადამიანმა სახე უცვალა გარემოს: ამოაშრო ჭაობები, გამოიყვანა ახალი კულტურები და აითვისა ახალი სახნავ-სათესი მიწები და ა.შ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.conferenceconomics.tsu.

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები