23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გენდერული თანასწორობის პრობლემა დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოებში

spot_img

გვანცა ლაბაძე
სსიპ თბილისის 221-ე და 186-ე საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის  მასწავლებელი

 

 

 

აბსტრაქტი

პიროვნების ფორმირება განვითარებადი პროცესია და ადამიანის არსებობის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესში კი სკოლას უდიდესი ადგილი უჭირავს და მისი როლი ფასდაუდებელია. სასკოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში, ხშირად, განსაზღვრავს პიროვნების ცხოვრების ხარისხს, ქცევებსა და დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხისადმი. ამიტომაც, სასკოლო პერიოდი მიზანმიმართულად უნდა გამოვიყენოთ სასწავლო თემების გააზრებულად სწავლებისათვის.

საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მწვავეა გენდერული თანასწორობის მიღწევა. ამ მხრივ საინტერესო და საყურადღებოა სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების შინაარსობრივი გაანალიზება, რათა შევამციროთ გენდერული ნიშნით მოსწავლეთა არასწორი წინასწარ განწყობების ჩამოყალიბება. სტატიის ფარგლებში დამუშავებული სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსზე დაყრდნობით მიღებული შედეგები საგულისხმო და გასათვალისწინებელია, რათა სამომავლოდ თავიდან ავირიდოთ არასწორი გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბება.

საძიებო სიტყვები: გენდერი, სტერეოტიპები, სასკოლო სახელმძღვანელოები

 

შესავალი

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის უმაღლეს კანონთა კრებულს კონსტიტუცია წარმოადგენს. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა…’’ (საქართველოს კონსტიტუცია. თავი მეორე. მუხლი 14). სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე აღიარებს სქესთა შორის თანასწორუფლებიანობას, თუმცა მრავალი კვლევით დადასტურებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმები დღემდე მხოლოდ განხილვის საგანად რჩება.

საქართველო ხელს აწერს და უერთდება ისეთ მნიშვნელოვან დასავლურ  კონვენციებს, როგორიცაა ,,კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ და ,,ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია’’. 2010 წელს მიიღეს კანონი ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’, რომლის მიხედვით გენდერული თანასწორობის პრინციპები უნდა იყოს დაცული ყველა სფეროში. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა: ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, ფემიციდის ზრდა, გოგონათა ნაადრევი ქორწინება. ამის გამო, ხშირია სკოლების მიტოვების შემთხვევები, ნათელია, რომ სისტემას აქვს დიდი ჩავარდნა და აღებული ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაზე მაღალი მოთხოვნა და სოციალური პასუხისმგებლობა განათლების სისტემაზე ეკისრება. მართალია, გენდერული უთანასწორობა მასშტაბური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ საწყისი მისი, როგორც ხშირ შემთხვევაში სხვა პრობლემებისა, არის განათლებაში, უფრო სწორად კი – განათლების ნაკლებობაში. ეს შეიძლება იყოს როგორც არასრულად მიწოდებული სერვისი, ან/და ხარვეზიანი სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სათანადო ცოდნით აღჭურვოს მოსწავლეები და გამოუმუშავოს თანასწორ გარემოში საცხოვრებლად საჭირო უნარ-ჩვევები. განათლება არის იარაღი, რომელიც სათანადოდ უნდა იქნეს გამოყენებული არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

საქართველოში საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა (კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ’’). საბაზო საფეხურის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს არჩევანი, გააგრძელოს სწავლა, შეწყვიტოს ან გადავიდეს პროფესიულ სასწავლებელში. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საბაზისო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მოსწავლეთა აღჭურვა სავალდებულო საფეხურების ფარგლებში.

წინასწარ განწყობებთან ბრძოლა სკოლამდელი აღზრდიდან იწყება (თუ არ ჩავთვლით ოჯახურ გარემოს, სადაც სოციალიზაციის საწყის, ბაზისურ ეტაპს გადის მომავალი მოსწავლე) და სასკოლო გარემოში გრძელდება. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადამიანური რესურსის ცოდნა და განწყობა საკითხისადმი, აგრეთვე მობილიზებული სასწავლო მატერიალური რესურსის მზაობა/გამართულობა თანასწორობის საკითხების მიმართ.

 

გენდერული თანასწორობის პრობლემა დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოებში

მსოფლიოში ტერმინის ,,გენდერი’’ გამოყენება 70-იანი წლებიდან მომდინარეობს. გენდერი აღნიშნავს არა ბიოლოგიურ, არამედ სოციალურ სქესს. გენდერული სტერეოტიპები ყველაზე მეტადაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, რომლისგან თავის დაღწევაც ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო ბოლომდე. გენდერული როლების ტრადიციული გაგება და მიღება, მეტად ჩაგრავს გოგონებს, ვიდრე ბიჭებს, თუმცა დაუზიანებელი არც ერთი სქესი არ რჩება უთანასწორობის პირობებში.

ადამიანის სოციალიზაციის წყაროებთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლა და სასკოლო ასაკის პერიოდი. 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები რამდენიმე გარდამტეხ პერიოდს გადიან. ასაკის ამ შუალედში მიღებული და დაგროვებული გამოცდილება მათ მომავალ ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია გენდერული სოციალიზაციის თვალსაზრისითაც. გენდერული სოციალიზაცია ერთგვარად შეიძლება აიხსნას, როგორც გენდერული როლებისა და სტერეოტიპების შეთვისების პროცესი (ბერეკაშვილი, 2012 წ). დღევანდელ განათლების სისტემაში დიფერენცირებული სოციალიზაციის მაგალითები უფრო მრავლად გვაქვს, ვიდრე სხვა მიმართულებებით. ეს გულისხმობს ორ სქესის შორის განსხვავებული მოლოდინებისა და განსხვავებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას, როლების დაკისრებას. ამის ნათელი მაგალითია დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, განურჩევლად კლასისა, ავტორთა ჯგუფისა და გამომცემლობისა. გენდერული უთანასწორობის ტენდეცია მეტ-ნაკლებად ყველა შესწავლილ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში ვლინდება. ეს საკითხი განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანები, როგორც კვლევებმა აჩვენა, ჯერ კიდევ მაღალი პროცენტული წილითაა დამოკიდებული სასწავლო სახელმძღვანელოებზე, მის შინაარსსა და იქ არსებულ მზა რესურსებზე.

ჩემი სამუშაო პრაქტიკის პერიოდში, 2015 წლიდან დღემდე, მრავალ სახელმძღვანელოზე მქონია წვდომა. მათი ნაწილი, ამ ეტაპზე, უკვე შეცვლილი ან/და დაკორექტირებულია, ნაწილი კი კვლავ მთავარი საგანმანათლებლო რესურსია.

სტატიის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის – ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო წიგნებს განვიხილავ პორეკას სახელმძღვანელოების ანალიტიკური ჩარჩოს მიხედვით:

  • გენდერული ხილვადობა ტექსტებსა და ილუსტრაციებში;

სახელმძღვანელოებში გამოყენებული ილუსტრაციების პერსონაჟთაგან დაახლოებით 70% მამრობითი სქესისაა.

  • გენდერული უპირატესობა/პირველობა;

პირველობა ილუსტრაციებსა და ტექსტებში მდედრობით სქესს შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში, ხოლო დანარჩენ შემთხვევები მამრობით სქესზე მოდის.

  • გენდერული საქმიანობები და სპეციალობები;

ტექსტებსა და ილუსტრაციებში მოცემულ პროფესიებთან მხოლოდ ერთი სქესია დასახელებული. მაგალითად: მასწავლებელი, ექიმი – მხოლოდ მდედრობითი სქესი; გემის კაპიტანი, მძღოლი, მწერალი – ეს პროფესიები მხოლოდ მამრობით სქესს უკავშირდება.

  • გენდერულად ნეიტრალური არსებითი სახელები;

ასეთი სახელები იშვიათად გვხვდება ტექსტებში, ამიტომ მათი განზოგადება არ მივიჩნიე მართებულად.

  • გენდერულად სპეციფიკური არსებითი სახელები;

ძირითადად ტექსტებში ვხვდებით შემდეგ არსებით სახელებს: დედა, მამა, დიდედა, ბებია, ბაბუა, პაპა. მათი რაოდენობრივი მაჩვენებლები, სქესის მიხედვით, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

  • მასკულინური კონსტრუქციები;

მასკულინური კონსტრუქციების პირდაპირი მაგალითები ტექსტებში არ გვხვდება, თუმცა ქცევები – გაბრაზება, თმაში მოქაჩვა, წართმევა – მხოლოდ მამრობით სქესს უკავშირდება.

  • ზედსართავი სახელები;

მდედრობითი სქესი აღინიშნება ისეთი ზედსართავი სახელებით, როგორიცაა: შეშინებული, დაბნეული, აღელვებული, მოწყენილი; მამრობით სქესს აღნიშნავს ზედსართავი სახელები: ამაყი, გაბრაზებული… არასასურველი შედეგის მიღების შემდეგ, მდედრობითი სქესის ქმედებები უტოლდება ტირილს და მოწყენილობას, ხოლო მამრობითი სქესის – გაბრაზებას.

აღნიშნული საკითხები ბევრ საფიქრალს უჩენს მასწავლებელს, როგორ შეინარჩუნოს ობიექტურობა სწავლებისას, დაიცვას თანასწორობის პრინციპები, ყველაფრის მიუხედავად, იქონიოს სტერეოტიპებისგან თავისუფალი დამოკიდებულება, მოიძიოს/შექმნას სწავლების თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებული მასალები, რომლებიც გაანეიტრალებს არსებულ სახელმძღვანელოებში წამოჭრილ პრობლემებს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, საჭიროა სახელმძღვანელოების კორექტირება და გენდერული თანასწორობის საკითხების სწავლა-სწავლების თანამედროვე პრინციპებზე მორგება.

 

დასკვნა

თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები უგულებელჰყოფს მოსაზრებას, რომ ქალსა და მამაკაცს საზოგადოებაში აუცილებლად მათთვის წინასწარ განსაზღვრული როლი უნდა ეჭიროთ. თანამედროვე პედაგოგიკა მოიცავს, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შეთავაზებას თითოეული მოსწავლისათვის. უკვე დროა, ოცდამეერთე საუკუნეში ყველა რესურსი, ადამიანური თუ მატერიალური, მივმართოთ იმ ცვლილებებისკენ, რაც დაამკვიდრებს საჭირო თანასწორობის პრინციპებს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი შეძლებს აშენოს სპერეოტიპებისგან თავისუფალი, ჭეშმარიტი ღირებულებების მქონე ქვეყანა.

 

გამოყენებული ლიტარატურა:

  • ბერიკაშვილი, ნ. (2012 ) – გენდერული სოციალიზაციის ფაქტორები სოციალურ კონტექსტში.
  • ტაბატაზე შ., გორგაძე ნ. (2021) – სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი.
  • საქართველოს კონსტიტუცია –

https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

  • ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 – https://www.mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  • კონვენცია ,,განათლებაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ –

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4466863?publication=0

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები