პირველ თებერვალს დაანონსებულ „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ პრეზენტაციას დიდი ინტერესით ელოდა საზოგადოება, განსაკუთრებით კი მასწავლეებლთა კორპუსი, რადგან სწორედ პირველში უნდა გამხდარიყო დეტალური ინფორმაცია ცნობილი „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში“ განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. „მასწავლებელა სახლის“ ინფორმაციით კონკრეტული სიახლეები მასწავლებლებისთვის თებერვალში გახდება ცნობილი, თუმცა, ზუსტი დრო ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია, რადგან სქემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ინტენსიურად მიმდინარეობს.
1 თებერვალს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ მოსაზრებებს გაეცნო.
დოკუმენტში დაგეგმილი მთავარი ცვლილებები საზოგადოებას ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, 18 იანვარს წარუდგინა. ცნობილია, რომ იმ მასწავლებლებს, რომელთაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას. სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი; იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ შიდა შეფასების პროცესები და წინსვლისთვის, მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი, მათ მიეცემათ უფლება 2019 წლის ბოლომდე გაიარონ გარე დაკვირვება.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სქემის განახლებულ ვერსიაზე მსჯელობა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს. საბოლოო ვერსიის მასშტაბურ პრეზენტაციამდე სამუშაო ჯგუფი პროფესიულ წრეებთან არაერთ შეხვედრას გამართავს.