2 აპრილი, კვირა, 2023

განმავითარებელი შეფასება, როგორც ინსტრუმენტი სასწავლო პროცესის  სწორად წარმართვისთვის

spot_img

განმავითარებელი შეფასება აღწერს მოსწავლის მიერ განვლილ გზას (პროცესს) დასახული მიზნების მისაღწევად.

სწორად გაცემული განმავითარებელი შეფასება უზრუნველყოფს:

♦ მოსწავლემ ზუსტად განსაზღვროს მის მიერ მიღწეული და დაგეგმოს მომავალში მისაღწევი შედეგები;

♦ ნათლად დაინახოს ის ხარვეზები, რაც ხელს უშლის  შედეგების მიღწევაში;

♦ გააანალიზოს არსებული პრობლემები და სწორად დასახოს გადაჭრის გზები;

♦ მიიღოს შეთავაზებული სტრატეგიები და საკუთარ ინტერესებს მოარგოს;

♦ მასწავლებელმა განსაზღვროს თითოეული მოსწავლის, ასევე მთელი კლასის საჭიროებები;

♦ განსაზღვრული საჭიროებების მიხედვით დაგეგმოს გაკვეთილები;

♦ გაზარდოს მოსწავლეებში მოტივაცია.

განმავითარებელი შეფასება არის როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი, ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელი უნდა შეეცადოს იყოს ობიექტური და, ამავდროულად, ითვალისწინებდეს შეფასების იმ საჭირო და აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც განავითარებს სწავლების პროცეს.

მასწავლებელი შეფასებისას უნდა იყოს ობიექტური და გამჭვირვალე, რომ მოიპოვოს მოსწავლეების ნდობა.

მინდა საკუთარ პრაქტიკაში გამოყენებული განმავითარებელი შეფასების  ერთ-ერთი ინსტრუმენტი შემოგთავაზოთ, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი შეფასების ანგარიშის წარმოებაში, ასევე ის საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლე დარწმუნდეს შეფასების ობიექტურობაში, რაც, საბოლოო ჯამში, საგნის სწავლების პროცესს აუმჯობესებს.

სწავლის აღრიცხვის ფორმა – მოსწავლე და მასწავლებელი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ავსებენ ზემოთ ხსენებულ ფორმას, შემდეგ კი აჯამებენ მიღწეულ შედეგებს, განიხილავენ მათ მიერ ცალ-ცალკე შევსებულ ცხრილს და მიდიან დასკვნამდე, რამდენად კარგია მიღწეული შედეგები და რა ეტაპებია გასავლელი ჯერ კიდევ მიუღწეველი შედეგის მისაღწევად. ეს ინსტრუმენტი მასწავლებელს ეხმარება გაიგოს, აფასებს თუ არა მოსწავლე საკუთარ შედეგებს ობიექტურად. ასევე, ეხმარება, დაადგინოს პრობლემის გადაჭრის გზები.

საკუთარი პრაქტიკის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ განმავითარებელი შეფასების მოცემული ინსტრუმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც სასურველი შედეგის მისაღწევად, ასევე მოსწავლეების ობიექტურად და გამჭვირვალედ შესაფასებლად.

გთავაზობთ ერთ-ერთ თემაზე აგებულ სწავლის აღრიცხვის ფორმას, რომლის ადაპტირება შესაძლებელია ნებისმიერი თემისა თუ საგნის გათვალისწინებით.

მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფურცელი

სასწავლო თემა: არსებითი სახელის რიცხვი

მოსწავლის სახელი და გვარი:

 

 დონე -დამწყები დონე – წარმატებული  დონე – წარჩინებული რეფლექსია:

როგორ მივიწევ წინ დასახული მიზნისკენ

პირველი დღე

თარიღი:

ეტაპი I: არსებითი სახელის განსხვავება სხვა მეტყველების ნაწილებისგან. მრავლობითი და მხოლობითი რიცხვის გარჩევა ერთმანეთისგან.

      განვასხვავებ არსებით სახელს სხვა მეტყველების ნაწილებისგან, შემიძლია განვასხვავო არსებითი სახელი რიცხვის მიხედვით.
მეორე დღე

თარიღი:

ეტაპიII: არსებითი სახელის განსხვავება სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით. არაწესიერი არსებითი სახელების დეკლარატიული ცოდნა

      შემიძლია განვასხვავო არსებითი სახელები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, ვიცი ყველა არაწესიერი არსებითი სახელი, რომელიც მრავლობით რიცხვში არ იწარმოება ჩვეულებისამებრ „s, es“-ის დამატებით, არამედ იცვლის ფორმას.
მესამე დღე

თარიღი:

ეტაპი III: არსებითი სახელების წარმოება მათი მახასიათებლების მიხედვით, გამოყენება მოკლე წინადადებებში არსებული ცოდნის გათვალისწინებით.

      შემიძლია გამოვიყენო ნებისმიერი არსებითი სახელი მხოლობითსა თუ მრავლობით რიცხვში, ვადგენ წინადადებებს მათი გამოყენებით

 

თეა ხუბუა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები