14 დეკემბერი, შაბათი, 2024

განვითარებას განათლების გარეშე ვერ შევძლებთ

spot_img

რუბრიკის სტუმარია პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი ვალიდა ფანცულაია როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი?

“მომთაბარე” აკადემიური ცხოვრება მქონდა: პირველი 4 წელი ვსწავლობდი 143-ე საჯარო სკოლაში, შემდეგ გადავედი სკოლა-ლიცეუმ “იბერიაში”, ხოლო მეცხრე კლასიდან – გივი ზალდასტანიშვილის “ამერიკულ აკადემიაში”, რომელიც 2012 წელს დავამთავრე. იმავე წლის აპრილში მოვეწყვე ევროპის და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში. ზაფხულში ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე სამედიცინო ფაკულტეტზე “აიეტში”. იმის გამო, რომ ამერიკაში მქონდა გადაწყვეტილი სწავლის გაგრძელება, “აიეტში” აღარ წავსულვარ. შემდეგ ნაცნობებისგან გავიგე, ლექციაზე სიის ამოკითხვის დროს ჩემს სახელზე ყოველთვის სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე და ყველას უკვირდა, რატომ არ დავდიოდი უნივერსიტეტში. ამდენი “გაცდენებით”, ალბათ, ოროსანი მოსწავლის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. არადა, ამ დროს ამერიკაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში დავდიოდი. ამჟამად უნივერსიტეტში ეკონომიკას ვსწავლობ, ხოლო დამატებით საგნებად – ჯანდაცვის მენეჯმენტი და ნეირომეცნიერება. ამ ზაფხულს ვგეგმავ სამი თვით ვიმუშაო გვატემალაში, რაც ჩემთვის პირველი სერიოზული და დამოუკიდებელი სამსახური იქნება, შემდეგი სემესტრი კი, გაცვლითი პროგრამით, მინდა ინგლისში გავატარო.

შემიძლია გითხრათ, რომ სკოლის წლები ძალიან სახალისო იყო. იქიდან გამომდინარე, რომ “ამერიკული აკადემია” საკმაოდ პატარა სკოლაა, ძალიან ოჯახური გარემო გვქონდა. ამერიკაშიც კი ვცდილობთ შევხვდეთ ერთმანეთს.

სკოლის პერიოდიდან, ძალიან კარგად მახსენდება, მეათე კლასის ბოლოს, ორ მეგობართან ერთად, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩინეთში გამგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცოდით და, ძირითადად, აზრზე არ ვიყავით რა საჭმელს ვუკვეთავდით ხოლმე, შინ მშვიდობით ჩამოვაღწიეთ. ძალიან მიყვარდა სკოლის ინტელექტკლუბი, სადაც ჯგუფებად ვიყავით დაყოფილები და გადაცემა `რა? სად? როდის?~ მსგავს ფორმატში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს.

რატომ გადაწყვიტე სასწავლებლად ამერიკაში გამგზავრება?

საზღვარგარეთ წასვლაში დიდი როლი ითამაშა სკოლამ. მეთერთმეტე კლასიდან დავიწყეთ სასწავლებლების შერჩევა, აპლიკაციების შევსება. აპრილისკენ უმეტესობა უკვე “დაბინავებულები” ვიყავით. გარდა ამისა, ძალიან დიდი ფაქტორი იყო ოჯახის მხარდაჭერა. კარგად მახსოვს პასუხების ლოდინის პერიოდი, საქართველოს დროით, დილის 4 საათზე იდებოდა პასუხები, ამ დროს ყველანი კომპიუტერთან ვისხედით.

მიამბე პენსილვანიის უნივერსიტეტის ისტორია…

პენსილვანიის უნივერსიტეტი ამერიკაში  ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და ამერიკის პირველი უნივერსიტეტია. საინტერესოა, რომ აქ სწორედ ჩვენს უნივერსიტეტს ჰქონდა პირველი სამედიცინო ფაკულტეტი, ასევე ბიზნეს-სკოლაც ერთ-ერთი წამყვანია არა მარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოში. სწავლა, ცხოვრებიან-ფრენებიან-დაზღვევიანად, დაახლოებით, 68 000$ ღირს, და მთლიან თანხას უნივერსიტეტი მინაზღაურებს. სტიპენდიის განახლება ყოველწლიურად, ნიშნების საფუძველზე ხდება, ამიტომ არ არის ურიგო პერიოდულად ნიშნებს გადახედო და დარწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა.

რამ განაპირობა პროფესიის არჩევანიამჟამად რომელ კურსზე ხარ?

მეორე კურსის სტუდენტი ვარ და ჩემი მთავარი საგანი ეკონომიკაა. მიჭირს იმის ახსნა, საბოლოოდ რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თან მაინტერესებდა, თან პირველი რამდენიმე კურსი კარგად აეწყო, ასევე მყავდნენ კარგი პროფესორები და ა.შ. რთული იყო არჩევანის გაკეთება იმიტომაც, რომ მაინტერესებს მეცნიერება და ძალიან მიყვარს ხელოვნება. უნივერსიტეტი საშუალებას მაძლევს ეკონომიკის გარდა სხვა სფეროებიც მოვსინჯო და სწორედ ამიტომ, დამატებით საგნად, არჩეული მაქვს ნეირომეცნიერება. რაც შეეხება ჯანდაცვის მენეჯმენტს, ამ საგანზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ამერიკაში ჩამოსვლის მერე მივხვდი, რომ შეიძლება სწორედ ამ სფეროში გავაგრძელო საქმიანობა. მინდა, ეკონომიკა და ჯანდაცვა შევუსაბამო ერთმანეთს და ჯანდაცვის ფინანსურ დაგეგმარებაზე ვიმუშაო.

სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის – ზოგიერთ ქვეყანაში სტიპენდიები გამოიყოფა საკონკურსო საწყისებზე ნიჭიერი სტუდენტებისთვის, უშუალოდ სასწავლო დაწესებულების მიერშენ შემთხვევაში როგორ არის? რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტებიარის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?

ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მდიდარია და თავს იწონებს ძლიერი საშეღავათო პროგრამებით. აქ მოხვედრა რთულია, მაგრამ თუ მოხვდები, დაფინანსებაზე შეგიძლია მშვიდად იყო (რა თქმა უნდა, თუ აკადემიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებ). ამჟამად ორი ქართველი ვართ და ორივეს უნივერსიტეტი გვაფინანსებს. დაფინანსება სხვადასხვა წყაროებიდან მოდის. პირადად მე, საერთაშორისო სტუდენტებისთვის შექმნილი ორგანიზაცია Penn World Scholars მაფინანსებს. მიღებისთანავე ავტომატურად გავხდი ამ ორგანიზაციის წევრი და ზუსტად აქედან ვიცნობ ბევრ სხვა საერთაშორისო მოსწავლეს, ვინც ჩემსავით სრულად ფინანსდება. ეს პროგრამა, ყოველწლიურად იღებს რამდენიმე სტუდენტს და ძალიან ცდილობს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადოს ჩვენი ჯგუფი.

პენსილვანიის უნივერსიტეტშიალბათ, თავის დროზე, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდავინ არიან ისინიმოკლედ მიამბე მათ შესახებ.

უნივერსიტეტი ძალიან ამაყობს წარმატებული კურსდამთავრებულებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე ბიზნესში, დონალდ ტრამპი, სწორედ პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჩემი უსაყვარლესი კურსდამთავრებულია ნოამ ჩომსკი, რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ ლინგვისტიკური კვლევების გამო, არამედ პოლიტიკური შეხედულებებითაც. მუსიკის სფეროდან  ჯონ ლეჯენდს გამოვარჩევდი.

რა შეგიძლია გვიამბო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე?

ბიბლიოთეკა ნამდვილად ერთ-ერთი ცენტრალური შენობაა კამპუსზე. იმდენად ბევრი წიგნი ინახება, რომ ხანდახან ვითრგუნები, იმიტომ რომ, რამდენიც არ უნდა იკითხო, იმის ერთ პროცენტსაც ვერ ისწავლი, რაც დედამიწაზე დაწერილა. მთავარი ბიბლიოთეკის გარდა, გვაქვს ხელოვნების, ბიოქიმიის, იურიდიული სკოლის და ანთროპოლოგიის ბიბლიოთეკები, რომლებიც გამოცდების პერიოდში საერთო სასტუმროს უფრო ემსგავსება. ღამისთვის საჭირო საჭმლით მოსვლა და სადღაც კუთხეში, ტახტზე ერთი საათით წაძინება ჩვეულებრივი ამბავია.

როგორია შენი თვალით დანახული ამერიკული განათლების სისტემაროგორ ფიქრობრა განაპირობებს ამერიკული საუნივერსიტეტო განათლების მაღალ დონეს?

შეიძლება ამერიკაში ყველაფერი არ მომწონდეს, მაგრამ განათლება ერთ-ერთი ის სფეროა, რომელშიც ამერიკა ძალიან, ძალიან ძლიერია. დიდ პატივს ვცემ ევროპულ განათლებას და სწორედ ამიტომ მინდა ერთი სემესტრით ინგლისში წასვლა, მაგრამ შესაძლებლობების მხრივ ამერიკას მაინც სხვა უპირატესობა აქვს. მიმაჩნია, რომ ამერიკის, როგორც ქვეყნის, წარმატება სწორედ საუნივერსიტეტო განათლების მაღალი დონითაა განპირობებული. ქვეყნის ყველა ძირითადი კვლევა და აღმოჩენა ზუსტად უნივერსიტეტების ლაბორატორიებში ხდება. მთავარია, გქონდეს იდეა, რომელიც ვიღაცას დააინტერესებს. ამის შემდეგ დაფინანსების მოძიება უკვე რთული აღარაა. მეც სწორედ უნივერსიტეტის გრანტის მეშვეობით ვახერხებ გვატემალაში კვლევის ჩასატარებლად გამგზავრებას. იქ ყოფნის პერიოდში, სამი თვის განმავლობაში, მომიწევს კითხვარებზე მუშაობა და საავადმყოფოებთან თანამშრომლობა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შევაგროვო ინფორმაცია. ამის შემდეგ კი, უნდა დავწერო შემაჯამებელი თემა – რატომ არის ეს პრობლემები მნიშვნელოვანი, რა იწვევს ამ დაავადებებს და რა მეთოდებით შეიძლება ვითარების გაუმჯობესება.

რა უპირატესობა აქვს ამერიკულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით?

პირველ რიგში – ფინანსები. მაღალი დონის განათლებისთვის საჭიროა მოიზიდო საუკეთესო პროფესორები, გქონდეს კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები, ხდებოდეს მიღებული განათლების რეალურ ცხოვრებასთან მორგება. აქ, უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში, სტუდენტების უმეტესობა, პარალელურად, მუშაობს და 4 წლის შემდეგ, დიპლომის გარდა, აქვს პრაქტიკული გამოცდილება, რაც უადვილებს უნივერსიტეტიდან რეალურ სამყაროში გადასვლის პროცესს. ჩვენთანაც საჭიროა განათლებას მეტად მიეცეს პრაქტიკული დატვირთვა. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ საქართველოში არ არის საფაკულტეტო მრავალფეროვნება, მაგრამ ეს პრობლემა ალბათ ნელ-ნელა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად მოგვარდება. აუცილებელია უფრო მიმზიდველი გახდეს ისეთი საჭირო პროფესიები, როგორებიცაა, მაგალითად, ინჟინერია. ძალიან მჯერა განათლების სისტემის დადებითი მხარეების და ვფიქრობ, განვითარებას განათლების გარეშე ვერ შევძლებთ. ეს თემა ჩემთვის ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ჩემი უმცროსი და აბიტურიენტი ხდება და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ სად და რომელ ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას.

სწავლის პარალელურად, გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობარამდენადაც ვიციუცხოეთშისოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგადუცხოელ სტუდენტებსსწავლის პირველივე წლიდან უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე.

მუშაობა პირველი კურსიდანვე დავიწყე. ორი წელია იურიდული სკოლის მიმღებ კომიტეტში ვმუშაობ, აპლიკანტების საბუთებთან მაქვს შეხება. გარდა იმისა, რომ ეს შემოსავლის არაჩვეულებრივი წყაროა და ყოველ პარასკევს მიხარია ანგარიშის შემოწმება, ასევე ვეცნობი მაგისტრატურაში მიღების თავისებურებებს, რაც, ალბათ, მომავალში ძალიან გამომადგება.

მიამბეროგორ ცხოვრობენ ამერიკელი ახალგაზრდებირა არის მათთვის პრიორიტეტული?

ამერიკული სტუდენტობა ძალიან მრავლისმომცველი თემაა. კარგად დაახასიათებდა ამ პროცესს ქართული სიტყვა – თუხთუხებს. უნივერსიტეტის მთავარ ქუჩაზე ისე ვერ გაივლი, რომ ერთი ბოლოდან მეორეში მისვლამდე 7 flier – “განცხადება”, სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაინც არ შემოგაჩეჩონ ხელში. ნელ-ნელა ვსწავლობ ზრდილობიანი უარის თქმას, მაგრამ ჯერჯერობით ფურცლების დასტის გარეშე სახლში მისვლას ვერ ვახერხებ. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა ძალიან დამღლელია, ყველა ცდილობს რაღაც გასართობი იპოვოს. გართობის მხრივ, მრავალფეროვანი არჩევანია – აუცილებლად გადააწყდებით პოკერის საღამოებს, სპექტაკლებს და fashion show-ებსაც კი.

სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროსმომავალი როგორ გესახებასად აპირებ დამკვიდრებას?

სიმართლე გითხრათ თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ძილი მიყვარს. ისე, ვცდილობ არ დავგეგმო წინასწარ არაფერი და სპონტანურად გადავწყვიტო, რითი გავერთო. ერთ ღამეში გადამიწყვეტია სამოგზაუროდ წასვლა. ძალიან მიყვარს პატარა საოთახო გამოფენებზე სიარული. ერთი პერიოდი რობინ ჰუდის სპექტაკლისთვის სცენის დეკორაციებზეც კი ვმუშაობდი. თავიდან მეგონა, უბრალოდ რაღაცებს მოვხატავდით, რომ მივედი, ხელში ხერხი დამაკავებინეს და ფიცრებთან მიმიშვეს… მივხვდი, ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ აშენებულ კონსტრუქციებზე ჯერჯერობით არავინ დაშავებულა.

ძალიან მინდა მომავალში სამეცნიერო ხარისხის დაცვა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სახლი ძალიან მენატრება, აუცილებლად ვგეგმავ უკან წამოსვლას. ისედაც ძალიან სამწუხარო იქნება, ყველა თუ წავედით საზღვარგარეთ და უკან აღარ დავბრუნდით.

როგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

იმედი მაქვს, ოდესმე ისე იქნება ჩვენი საქმე, რომ აღარ დავიწყებთ საზღვარგარეთული და ქართული დიპლომების განსხვავებას. ალბათ დიპლომი ყოველთვის მიუთითებს განათლების ხარისხზე, მაგრამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აკადემიური პროფილის გარეთ რა გიკეთებია. მთავარია, ინტერესი არ გაგიქრეს და არ დარჩე ერთ დონეზე. თუ სიცოცხლის ხალისს შეინარჩუნებ და მუდამ წინსვლაზე (პიროვნულსა და გონებრივზე) იფიქრებ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.

საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად შესაძლოა ახალგაზრდებს გზა ადვილად აერიოთსწორი არჩევანის გაკეთებასაჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. რას ურჩევდი მათვისაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დიდი სურვილი აქვთ.

პირველ რიგში, უნდა განსაზღვრო, რატომ გინდა საზღვარგარეთ წასვლა. ნამდვილად არ არის ადვილი, ასე აბარგდე და უცხო ქვეყანაში გადმობარგდე, მით უმეტეს, თუ მარტო მოგიწევს ყოფნა და ამისთვის მზად არ ხარ. რეალურად, განათლებისთვის მსხვერპლის გაღება გიწევს – გიწევს იყო უცხოელი, გიწევს იყო სახლისგან შორს და, ბოლოს და ბოლოს, გენატრებოდეს ისეთი რაღაცები, როგორიც, მაგალითად, დედას გაკეთებული მეგრული კერძებია. მაგრამ ამავდროულად უნდა აცნობიერებდე, რა სიკეთე მოაქვს ამ გამოცდილებას და რატომ არის ეს შენთვის საჭირო. სულაც არ ვთვლი, რომ ცხოვრების მიზანი ქვეყნიდან წასვლა უნდა იყოს, უბრალოდ, მე მომეცა შესაძლებლობა და გადავწყვიტე, სტუდენტობა აქ გამეტარებინა.

მგონი ჩემი რჩევა იქნება ის, რომ მთავარია კომფორტულად გრძნობდე თავს, კომფორტი კი ის მდგომარეობაა, როდესაც გონებრივად აქტიურობ და სულიერად მშვიდად ხარ.

დაბოლოსროცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობსალბათ მეტს ფიქრობს სამშობლოზეშორიდანმართლა უკეთესი ჩანს ჩვენი ქვეყანავიდრე სინამდვილეშია?

საზღვარგარეთ წამოსული ემიგრანტი ავტომატურად რომანტიკოსი ხდება, იმიტომ რომ თავისი ქვეყანა ენატრება და კარგიან-ცუდიანად ეტრფის ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად ადვილია დაინახო პრობლემები, რასაც იქ ყოფნის პერიოდში ვერ ამჩნევ. ამას ხელს უწყობს ის მრავალფეროვანი გამოცდილებები, რასაც სხვა ქვეყანაში იღებ: ავტომატურად ადარებ ქუჩებს თბილისში და ფილადელფიაში, ხალხს – სახლში და კალიფორნიაში, მთებს – რაჭაში და კოლორადოში. მაგრამ ამავდროულად, საზღვარგარეთიდან რამდენადაც არ უნდა იყო ჩართული საქართველოს ცხოვრებაში, მაინც თავს სრულფასოვან მოქალაქედ ვეღარ აღიქვამ, იმიტომ რომ ფიზიკურად აკლიხარ იქაური ცხოვრების ალიაქოთს, დემონსტრაციებს, ხალხის ძალისხმევას ან უბრალო შეკრებას, სადაც ისეთ მარტივ თემას განიხილავენ, როგორიც ჯგუფის “არა” ახალი სიმღერაა. აქ ყოფნისას ვერ იცხოვრებ თბილისური ტემპებით, იმიტომ რომ ორ ქვეყანას შორის ჩაიკარგები და ვეღარც აქ იქნები და ვეღარც იქ. კარგი ის არის, რომ აქ წამოსვლის შემდეგ უფრო დავინტერესდი იქაური ყოველდღიური ამბებით და კიდევ უფრო დიდი სიამაყით ვუყურებ youtube-ზე ქართული ცეკვების ვიდეოებს (აი, ემიგრანტის “რომანტიკული გადახრების” კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი).

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები