27 ივლისი, შაბათი, 2024

განათლების ხარისხი დამოკიდებულია პედაგოგის კვალიფიკაციაზე – მინისტრობის კანდიდატმა ზოგადი განათლების მიმართულება შეაჯამა

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და მასწავლებლების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის პროცესში პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის.

მიხელ ჩხენკელი: მასწავლებლების ღვაწლი განსაკუთრებით აღსანიშნავია პანდემიის დროს, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ.

მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო პედაგოგებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისათვის. ასევე, ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft-ის სერვისების გამოყენებით“ 16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა.

2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

„ზოგადად სკოლაში, ხარისხის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის მასწავლებელი. განათლების ხარისხი დამოკიდებულია პედაგოგის კვალიფიკაციაზე. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ კვალიფიციური სპეციალისტები და თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ იმ გამორჩეულ მასწავლებლებს, რომლებიც გვყავს სისტემაში. შესაბამისად, მათი შრომა უნდა იყოს დაფასებული ყოველმხრივ, მათ შორის, ხელფასების ნაწილში. საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება უმთავრესი პრიორიტეტია. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს მიმდინარეობს და გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, როგორც მასწავლებლების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა, ზოგადი განათლების სისტემა გახდეს დეცენტრალიზებული, სკოლებს ჰქონდეთ მეტი ავტონომია. იცვლება სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლება მიიღონ. ასევე, 2021 წელს დაგეგმილია საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის დანერგვა დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე, მათ შორის, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სკოლებში თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმის – “Minecraft Education Edition”-ის დანერგვაზე, რომლის საპილოტე პროექტში, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე მასწავლებელი და V-X კლასების 1500-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა სკოლის სახელმძღვანელოების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დასრულდა გრიფირების პროცესი VIII კლასის სახელმძღვანელოებისთვის, IX კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მუშავდება „ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის“ დოკუმენტი და 2021 წელს იგეგმება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ელექტრონული რესურსების შემუშავება/დანერგვა.

ასევე აღნიშნა, რომ სკოლის ეფექტიანი მართვის განვითარების მიზნით, სამინისტრომ დირექტორის ახალი სტანდარტი შეიმუშავა და  ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვაზე.

რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს, მანდატურის სამსახური, დამატებით, 19 საჯარო სკოლაში შევიდა. ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც დისტანციურ, ასევე, არადისტანციურ რეჟიმში. ამასთან, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლიდან მანდატურის სამსახური დაიწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატების პროცესსაც.

მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისგან, კერძოდ, „მაიკროსოფტის“ განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ენტონი სალსიტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში წარმომადგენლისა და OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მხრიდან.

მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა.“

მისივე თქმით, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის კუთხით, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის, შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. პარტნიორობის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი (Teams), რომელშიც ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პლატფორმა – el.ge. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს Teams-ში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ ვითარებაში, სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით, 30 მარტიდან, უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. მისი თქმით, „ტელესკოლა“ გრძელვადიანი იქნება და პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საგანმანათლებლო არხი – „პირველი არხი განათლება“ პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს მაუწყებლობას.

„ტელესკოლა“ I-XII კლასების მოსწავლეებისთვის ყველა საგანში ტელეგაკვეთილების ჩატარებას, აბიტურიენტის საათს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ცალკე საგაკვეთილო ბადეს (სომხური და აზერბაიჯანული) და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილის ჟესტურ ენაზე ადაპტირებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა დისტანციური სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გაუსვა ხაზი, კერძოდ, 2020 წლის ივნისში, სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება: მოხდა დისტანციური სწავლების განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარება. ამასთან, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, რამაც უზრუნველყო სწავლა-სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა.

მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებით გამოყო დისტანციური სწავლების პროცესში აბიტურიენტების ხელშეწყობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ, ამ მიმართულებით, განახორციელა პროექტი „ვებსკოლა“, რომლის ფარგლებში, როგორც ქართულენოვანი, ასევე, არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ჩატარდა და გამოქვეყნდა 400-მდე ვებინარი.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებს, პედაგოგებისთვის საშინაო და კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები შეიქმნა და მათ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვისთვის ტექნოლოგიების სპეციალისტები აქტიურად უწევენ  კონსულტაციას.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარებს საგანმანათლებლო მომსახურება დისტანციური ფორმით უწყვეტად მიეწოდებათ.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ სემესტრში, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, აერჩიათ დისტანციური სწავლების ფორმატი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ სკოლებში, სადაც მშობლების სურვილით მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სამინისტრომ შეძლო მასწავლებლების ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება.

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები