გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია 2023 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. დოკუმენტში მკაფიოდაა გამოკვეთილი საყურადღებო ტენდენციები, რაც, ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნულია, რომ სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში და აქცენტი კეთდება ბავშვთა სიღარიბეზე – „დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ითაა გაზრდილი; ხანდაზმულთა და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ამ კუთხით არსებული ვითარება; კანონის უზენაესობის და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები; მედიის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი. დოკუმენტში ხაზგასმულია ის ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები, რომელიც წლებია არაერთი მიმართულებით აბრკოლებთ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ჩვენს თანამემამულეებს.
სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ მოცულობითია, რადგან სრულად ასახავს ყველა სფეროში არსებულ ვითარებას. მნიშვნელოვანი ნაწილი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას ეხება. აღნიშნულია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს – მკვლელობები, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და უკანონო პატიმრობის შემთხვევები, საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზციის უწყვეტი პროცესი, – მათი ყოველდღიური მძიმე ცხოვრებაა.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა განათლების უფლების საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევადაა მიჩნეული. მდგომარეობა, ამ მიმართულებით, წლიდან წლამდე მძიმდებოდა და იმ უკიდურეს ზღვრამდე მივედით, როცა გალისა და ახალგორის ყველა სკოლის დაწყებით კლასებში აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო საგანი „მშობლიური ენა“ ჩაანაცვლა საგანმა „ უცხო ენა და ლიტერატურა“, რამაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად განაპირობა ოკუპირებულ გალში მოსწავლეთა რაოდენობის კლება. 2023-24 სასწავლო წლის მონაცემებით, გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. გასული წლის მონაცემებით, მე-11 კლასის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 3443 მოსწავლე ირიცხებოდა, 327 მოსწავლით ნაკლები წინა, 2021-22 წელთან შედარებით; 30-ივე სკოლაში დასაქმებულია 957 მასწავლებელი და ტექნიკური პერსონალი; საბავშვო ბაღებში ირიცხება 500-მდე აღსაზრდელი – 2022-23 წლებში ეს რიცხვი 533-ს შეადგენდა. 2017-18 სასწავლო წლიდან დღემდე, ოკუპირებული გალი 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა.
შეიარაღებულ კონფლიქტებამდე გალის რაიონში ფუნქციონირებდა 58 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან რუსული იყო 2 სკოლა, რუსულ-ქართული – 3, ხოლო ქართულ-აფხაზური – 1. დანარჩენ 52 სკოლაში სწავლება მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. სკოლებში ირიცხებოდა 13 180 მოსწავლე.
შემაშფოთებელი ვითარებაა ოკუპირებული ახალგორის ქართულ სკოლებშიც. აქ სულ 6 ქართული სკოლა ფუნქციონირებს და აქედან 5-ში მშობლიურ ენაზე სწავლება მხოლოდ მე-11 კლასში მიმდინარეობს. დამეთანხმებით, ფიქციაა ამ სკოლების ქართულ სკოლებად მოხსენიება; დანარჩენ სკოლებში ქართული ენა ისწავლება, როგორც საგანი „უცხო ენა“ და ეს იმ ფონზე, როცა ქართულ სკოლებში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა მხოლოდ 36-ს შეადგენს (17-ით ნაკლებს გასულ წელთან შდარებით), პედაგოგებისა კი – 91-ს, 2022 წელს 108 პედაგოგი ირიცხებოდა ამ სკოლებში. სტატისტიკა მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ მომავალში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. ერთადერთი კარგი რამ, რაც საანგარიშო პერიოდში მოხდა და რაზეც სულ იყო წინა წლების საანგარიშო მოხსენებებში საუბარი ისაა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 445 მასწავლებელი გადაამზადა. თუმცა, პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დგას გალის რაიონში. იმის გამო, რომ მათ ეკრძალებათ ქართულ ენაზე გაკვეთილის ჩატარება, სამსახურში აჰყავთ არა პედაგოგიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კადრები, არამედ რუსული ენის მცოდნე ადამიანები – მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული განათლების მქონეთა ჩანაცვლება სოხუმის (ოკუპირებული) უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდებით; კვლავაც კატეგორიულად აკრძალულია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება, სასკოლო ბიბლიოთეკებში ქართული ენციკლოპედიებისა და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შენახვა-გამოყენებაც…
სურათი ძალიან მძიმეა არა მარტო როგორც არსებული რეალობა თუ მოცემულობა, არამედ შორეული პერსპექტივის გათვალისწინებითაც. სახეზეა, სახელმწიფოს ტერიტორიული ხელყოფით გამოწვეული, ერის ერთიანი სხეულის მიზანმიმართული რღვევა. ამიტომაც მიაჩნია სახალხო დამცველს აუცილებელ საჭიროებად „ხელისუფლების პროაქტიული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების უფლებების დასაცავად, მათ შორის, განათლების კონტექსტში“.
ვითარება, რომელიც რუსული ოკუპაციის შედეგად დადგა საქართველოს ორ რეგიონში – სამაჩაბლოსა და აფხაზეთში – გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების საქმეს, ხშირ შემთხვევაში, სრულად გამორიცხავს ამ შესაძლებლობას.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა