სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. რეკომენდაციები სკოლებს დაეხმარება, რომ მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იყოს მიღწეული.
რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ, მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.
შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. ამ მიმართულებით,, მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა TEAMS-ის პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს და ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და განათლების ისეთ ფორმებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის.
2019 წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft office-ის ლიცენზირების სრული პაკეტი შეიძინა, მათ შორის, პროგრამა Teams, რომლის დანერგვა სკოლებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა, მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.
აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია, მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელმასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა.
სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, უნდა გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.
ამ პროცესში შესაძლებელია Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენაბა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით, სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს ინსტრუქციებს.
მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის უნდა გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი; ვიდეოზარები; სატელეფონო კომუნიკაცია; ელექტრონული ფოსტა და სხვა.
პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე, გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა, განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად შეიმუშავებს სამინისტროს გუნდი.