27 ივლისი, შაბათი, 2024

განათლების სამინისტროს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტი-ლაბორატორიაა განთავსებული. კეთილმოწყობილია სკოლის ეზო და ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. შენობის ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში, გამოვლინდა მცირე ხარვეზები. მოგახსენებთ, რომ ყველა მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის ხელშეკრულება ფორმდება სულ მცირე 1 წლიანი საგარანტიო ვადის პირობით. სწორედ ამ ვადაში, მშენებელი კომპანიის ხარჯით, ხდება ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორება. მათ შორის, იმ ხარვეზის, რომელიც ბუნებრივად წარმოიშობა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ და არ შეიძლება ჩაითვალოს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოდ.

სამშენებლო კომპანიის მიერ გამოყოფილია ადგილობრივი ტექნიკური დარგის სპეციალისტი, რომელიც პერიოდულად მონიტორინგს უწევს საჯარო სკოლას და სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის აღმოფხვრას. მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო ნორმების შესაბამისად, ნებისმიერ ახალაშენებულ შენობას სჭირდება დრო ჯდენისთვის, რაც იწვევს ბზარებსა და მიკრობზარებს, სკოლა შესწავლილია სპეციალისტების მიერ, მასზე კონსტრუქციული ბზარები არ აღინიშნება. იდენტიფიცირებული მიკრობზარების გამოსწორება კი მოხდება საგარანტიო პერიოდის მოქმედების ფარგლებში, უმოკლეს ვადებში.

რაც შეეხება სკოლის წყლით მომარაგებას – ვინაიდან სკოლას წყალი გრაფიკით მიეწოდება, სკოლა აღჭურვილია წყლის რეზერვუარით, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე მოიხმარენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი ავზის შეძენის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლისთვის ახალი ავზის შესყიდვის პროცედურა უკვე დაიწყო.

რაც შეეხება სკოლის შენობის გათბობას – აღსანიშნავია, რომ სკოლა აღჭურვილია ცენტრალური გათბობის უახლესი სისტემით; სკოლის ბუნებრივი აირით მომარაგება უმოკლეს ვადაში განხორციელდება, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. მანამდე კი, მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნის მიზნით, საკლასო ოთახები ელექტრო-ღუმელებით არის აღჭურვილი და გათბობა ამ ეტაპზე ხორციელდება მათი მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები