3 მაისი, პარასკევი, 2024

განათლების პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტები

spot_img

განათლების პოლიტიკა არის განათლების სისტემაში სახელმწიფოს მოქმედების განსაზღვრული მიმართულებების, განათლების მიზნებისა და ამოცანების, სისტემის შიგნით თემის უფლებებისა და ვალდებულებების, სტანდარტების, ეთიკის კოდექსის და ა.შ. ერთობლიობა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოში განათლების პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი ეროვნული დოკუმენტები:

ა) საქართველოს კონსტიტუცია

კონსტიტუციის მეორე თავში,  რომელის ეძღვნება ადამიანის ძირითად უფლებებს, ცალკე მუხლი. კერძოდ-27-ე, ეთმობა განათლებას. მასში ვკითხულობთ:

  1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
  2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
  3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია

ბ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“

ეს კანონი:

განსაზღვრავს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს,

ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

გ) „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების უზენაესი მიზანია კარგი მოქალაქის აღზრდა.

დ) ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ)

ეს არის კონცეპტუალური და ფუნდამენტური სახელმძღვანელო, რომელიც სცემს პასუხს კითხვებზე:

◊ რა მიზნით ვასწავლით საგანს (სწავლა-სწავლების მიზნები)?

◊ რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით (საკითხები, სასწავლო რესურსები)?

◊ სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ (როგორ ვასწავლით)?

◊ როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს (შეფასება)?

ე) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

◊ კოდექსი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება;

◊ კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.

(შენიშნვა: სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნება ეთიკის კოდექსს).

ვ) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი

◊სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის კომპეტენციას, ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს

◊ სტანდარტის ფუნქციაა დირექტორების მხარდაჭერა.

ზ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

◊ სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

◊ სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული რეგულირების და კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

განათლების პოლიტიკის ჩამოთვლილი ეროვნული დოკუმენტები ის დოკუმენტებია, რომელთა გარეშე მასწავლებლის საქმიანობა ვერ იქნება ეფექტიანი.

 

 

ზაზა შულაია

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

თამუნა შანავა

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები