27 ივლისი, შაბათი, 2024

განათლების მინისტრის ბრიფინგი მთავრობი ადმინისტრაციაში

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამართა ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

გიორგი ამილახვარი: დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ, მსგავსად სხვა გამორჩეული პროფესიებისა, 27 ოქტომბერს, დაწესდეს მასწავლებლის ეროვნული დღე. მასწავლებელს, ხაზგასმით, აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა როგორც ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების აღზრდაში, ასევე ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი დამსახურებული, ღვაწლმოსილი, გმირი მასწავლებლებისთვის ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა დამხმარე, სოციალური და ფინანსური, პრესტიჟის ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდამჭერ მექანიზმებს და სწორედ პირველი გახლავთ ეს. სიმბოლურად შეირჩა 27 ოქტომბერი, ეს გახლავთ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, ერთ-ერთი პირველი მასწავლებლის და პედაგოგიკის ფუძემდებლის. სიმბოლურია, რომ ამ დღეს, განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებული ღირსეული დამსახურებული მასწავლებლები, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური ფულადი ჯილდო, 10 ათასი ლარის ოდენობით და ამ ეროვნული დღისთვის სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი. ბუნებრივია, ამას წინ წაუსწრებს სხვადასხვა საჯარო PRკამპანიები, სადაც მოხდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, საზოგადოებაში მისი პრესტიჟის ამაღლება და, საბოლოოდ, დიდი ღონისძიებით ამ კონკურსის დაგვირგვინება 27 ოქტომბერს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ახლო მომავალში წარმოვადგენთ სხვადასხვა მხარდამჭერ მექანიზმებს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და აამაღლებს მასწავლებლების პრესტიჟს.

მინისტრმა ჟურნალისტების შკითხვებსაც უპასუხა:

⇔ ვინ შეარჩევს შესაბამის ნომინაციებს?

მინისტრის ბრძანებით, სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამის კრიტერიუმებს. კრიტერიუმები იქნება ზოგადი ხასიათის: განსაკუთრებული მიდგომა, სწავლების სხვადასხვა მეთოდების დანერგვა, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენა, მშობლებთან ურთიერთობა, სასკოლო საზოგადოებაში და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილი, საზოგადოებრივ განვითარებაში წვლილი – აი, ამის მსგავს კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაგროვებთ ყველა სკოლის მასწავლებლების ისტორიებს და ფართო ინკლუზიური კომისიის შემადგენლობით, სადაც, რა თქმა უნდა, გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა, შევლენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროებიდან და ინკლუზიურად, ერთობლივად, მოხდება საუკეთესო ისტორიებისა და მასწავლებლების გადარჩევა და შესაბამისად, მათი დაჯილდოება. ამ პროცესს ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ.

⇔ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, აღნიშნეთ, რომ გინდათ შეიტანოთ სკოლებში. რა ხდება ამ მიმართულებით, გადაიდგა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები და შეიძლება თუ არა, მაგალითად, წელს ვიხილოთ პროფესიული განათლება სკოლებში და რას აკეთებთ ამისათვის?

პროფესიულ განათლებას რაც შეეხება, ჩემი მინისტრობის პირველივე დღეს განვაცხადე, რომ განსაკუთრებული როლი მიენიჭება და იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. გარდა პროფესიული კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისა, დიახ, ჩვენ, უახლოეს მომავალში და ამაზე უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტულ ინიციატივას წარმოვადგენთ, რის საფუძველზეც, პროფესიული განათლება აქტიურად შევა ყველა სკოლაში, ანუ ზოგადი განათლების ნაწილი გახდება. ამიტომ, ამ კუთხით, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ძალიან მალე გვექნება ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეზენტაცია.

⇔ რას გააკეთებთ იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს წახალისებული, იმისთვის, რომ უფრო კვალიფიციური მასწავლებლები გვყავდეს და ასევე იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინტერესი, გააგრძელონ ამ მიმართულებით სწავლა, უნივერსიტეტებში ჩააბარონ და სხვა?

ჩვენი თანამედროვე ისტორიის ფარგლებში, პირველად ხდება მსგავსი ეროვნული დღის დაწესება, მსგავსად სხვა დამსახურებული პროფესიებისა, როგორიც არის პოლიციელი, როგორიც არის მეხანძრე, როგორიც არის ჯარისკაცი და ა.შ. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი, რომ ჩვენ საზოგადოებაში ამ პროფესიის ნდობა ავამაღლოთ და ჩვენს დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს სახელმწიფომ მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადოს. გარდა ამისა, ჩემი მინისტრად დანიშვნიდან, პრაქტიკულად, დღე არ გასულა, რომ არ მქონოდა შეხვედრები მასწავლებლებთან, სადაც ვსაუბრობთ მათთვის მტკივნეულ საკითხებზე, როგორიც არის: პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სქემა, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხები, სასკოლო გარემოსთან, ასევე, სკოლის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ამ კუთხით, ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფი , რომელიც სამინისტროში პირველი დღიდანვე შევქმენი, უკვე გარკვეულ კონტურებსა და გადაწყვეტილებებზეა გასული, რომელზეც, ასევე, ახლო მომავალში გვექნება საჯარო პრეზენტაცია.

რაც შეეხება თქვენი კითხვის იმ ნაწილს, თუ როგორ ვფიქრობთ ახალგაზრდების ჩართვას და მათთვის “კარის გახსნას”, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული ამ პროფესიით, ჩვენ უკვე მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება, სადაც, ბაკალავრის პროფესიასთან ერთად, სტუდენტს, ასევე (ბუნებრივია, სასკოლო საგნებში, მიმართულებებში), შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს პედაგოგიკა და ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მოიპოვოს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის უფლება. თუმცა, უფრო ღრმადაც წავალთ და ახლო მომავალში, გვექნება უფრო თამამი გადაწყვეტილება და უფრო ფართოდ გავუხსნით კარს ახალგაზრდა მოტივირებულ ადამიანებს, ვისაც სურს საკმაოდ ღირსეული პროფესიის არჩევა.

⇔ პროფესიულ უნარებს რომ გავყვეთ, ჩვენ ვიცით, რომ კერძო სექტორში საკმაოდ დეფიციტურია კვალიფიციური კადრები და ბიზნესი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ არ ჰყავთ პროფესიული კადრები, ეძებენ და ვერ პოულობენ. რაც მინისტრი გახდით, მას შემდეგ, შეხვდით თუ არა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე პროფესიული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოგვარდეს ის დეფიციტი, რაც არსებობს დღეს შრომის ბაზარზე და როდის შეიძლება ვნახოთ ეს გეგმა?

საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვაა. არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი ბიზნესგაერთიანება, არც ერთი – ხაზგასმით ვამბობ, არც დიდი და არც პატარა, ვისთანაც არათუ შეხვედრა, არამედ ძალიან აქტიური კომუნიკაცია არ გვაქვს. ინტენსიური თანამშრომლობა მიდის და ბუნებრივია, ეს საკითხი ეხება სწორედ იმ პროფესიებს და იმ დეფიციტების აღმოფხვრას, რომელიც დღეს შრომის ბაზარზე გვაქვს. ამიტომ, ამ კუთხით, პრაქტიკულად, კარი გახსნილია და ეკონომიკურ საბჭოზე (თუ სწორად მახსოვს, ივლისის თვეში) საბოლოოდ განვიხილეთ ის ახალი კონცეფცია, რომელსაც ასევე ახლო მომავალში წარმოვადგენთ საჯარო პრეზენტაციაზე, სადაც კონკრეტულ მექანიზმებს ვთავაზობთ კერძო სექტორს და დამსაქმებლებს, რომ პროფესიული პროგრამის შექმნის თავშივე ჩართულები იყვნენ პროფესიულ განათლებაში სწორედ იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც დღეს მათთვის არის დეფიციტური და სხვადასხვა კვლევების თანახმად, შრომის ბაზარზეა მოთხოვნადი. ამ კუთხით, პროფესიული განათლების ბიუჯეტი სრულად იქნება მიმართული სწორედ მსგავსი პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც თავშივე უზრუნველყოფს და მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულის თითქმის ასპროცენტიანი დასაქმების გარანტიას. ამიტომ, ჩვენი კონცეფციის ძირითადი მიმართულება ამ საკითხს ეხება, შევთავაზებთ კინკრეტულ მექანიზმებს. ვფიქრობ, მაღალი დაინტერესება არის და იქნება კერძო სექტორში.

საუბარი განათლების სფეროსაც გასცდა, როდესაც გიორგი ამილახვარს, როგორც მთავრობის წევრს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა:

⇔ კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და სხვა ქვეყნებმა აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რატომ არ არის ამ დრომდე საქართველოს მთავრობის ოფიციალური პასუხი, რადგან კარასინი არ არის უმნიშვნელო პირი. ასევე, ამ განცხადებას არ მოჰყოლია პასუხი ზურაბ აბაშიძის მხრიდან. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, მას ჰქონია თუ არა რაიმე კომუნიკაცია ან, ზოგადად, როგორ ფიქრობთ, აბაშიძე-კარასინის ფორმატი რამდენად შედეგიანია, რადგან ამ ფორმატის არსებობის მიუხედავად, კარასინი საუბრობს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე.

ეს კითხვა, ალბათ, უფრო სხვა დარგობრივ მინისტრს ეხება, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვერც მექნება, ეს არ არის ჩემი საკურატორო სფერო. ზოგად პასუხს გაგცემთ: საქართველოს მთავრობა, როგორც აქამდე ატარებდა, ასევე გაატარებს იმ არაღიარების პოლიტიკას, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების, სამშვიდობო პოლიტიკით და ყველაზე მძლავრი ხაზი, რაც გვქონდა, დიპლომატიურ სამსახურის იმ ქვეყნებთან მუშაობით, რომ ეს არ მოხდეს. უკვე მერამდენე წელია ამას წარმატებით ვაღწევთ. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიდგომა იქნება ანალოგიური და კიდევ უფრო გაძლიერდება, რომ ეს არ დავუშვათ. ვის რა მოუვა თავში, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

⇔ მე-4, მე-10, 113-ე და მე-11 სკოლები, რომლებიც მდებარეობს ერთ ქუჩაზე, დადიანის ქუჩაზე, სულ რაღაც, ალბათ, ერთ კილომეტრში, რამდენიმე წელია დანგრეულია და არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ ამ ადგილებზე დაიწყება ახალი სკოლების მშენებლობა. როდის მიეცემათ ბავშვებს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა?

თქვენ იცით, რომ საქართველოში მიმდინარეობს უპრეცედენტო მასშტაბის სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტები როგორც თბილისში, ისე პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში, რეგიონში, მაღალმთიან სოფლებში და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოწვევები, აგერ თქვენ თვითონ ასახელებთ და მე დამხვდა ეს გამოწვევები, რომ რიგი მიმართულებით იყო ვადების ჩამორჩენა და ვერ ხდებოდა კონტრაქტორების მხრიდან მისი შესრულება. პირველი, რაც მინდა განვმარტო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მშობლებისთვის, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი, თავის მხრივ, გარკვეულ უხერხულობებს ქმნის იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს და მთლიანად სკოლებს, უწევთ სხვა ლოკაციაზე გადასვლა მთლიანად, იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში ახლის მშენებლობა თუ არსებულის რეაბილიტაცია ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ამიტომ, ახლა, ჩვენ, ერთი მხრივ, გვინდა ყველას ვთხოვოთ, გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, ვინაიდან 3-4 წლის პერიოდში, პრაქტიკულად, საქართველოში, სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის ყველგან მოგვარებული იქნება, ვგულისხმობ საჯარო სკოლებს. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ თითოეულ მათგანზე გვაქვს და გვექნება რეაგირება კონტრაქტორებთან, მათ შორის, დაჯარიმების კუთხით და სადაც შესაძლებელია, ვადების დაჩქარების კუთხით, რომ დროულად, ახალ სასწავლო წელს ბავშვები შეხვდნენ თავიანთ სკოლებში.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ პრობლემას, მე ვიცი, დამხვდა ეს პრობლემა, კონკრეტული ხედვაც არის. იქ რამდენიმე კონტრაქტორი უკვე დაჯარიმდა ამასთან დაკავშირებით და უკვე ახალი სატენდერო წინადადებას ვამზადებთ იქ, სადაც ვერ შესრულდა პირობები, თუმცა, სადაც დაგვიანებაა, უნდა აღმოიფხვრას. ბუნებრივია, ჩვენი მიდგომა არის და იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ დაგვიანებული ვადების აღმოფხვრ. რაც შეეხება ახალ გამოცხადებულ ტენდერებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არის უმკაცრესი პირობები ჩადებული კონტრაქტორებთან, ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ რა ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები