26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

განათლების კოალიციამ პროექტის „ლიდერი განათლებაში“ განხორციელება დაიწყო

spot_img

განათლების კოალიციამ, ფონდთან “განათლება დემოკრატიისთვის“ თანამშრომლობით, პროექტის „ლიდერი განათლებაში“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები მასწავლებლებისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენინგებს ჩაატარებენ.

პირველ ეტაპზე პროექტი ონლაინ ფორმატში ტარდება და მასში სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები და სამი რეგიონული უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ის სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტები არიან. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მასწავლებლის პროფესიული იმიჯის ფორმირება, პოზიტიური თვითაღქმა, ქოუჩინგის  ტექნიკა და მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა და სტრესის მართვა პროფესიულ ურთიერთობაში.

„მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი მზადების შემდგომ, გვაქვს შესაძლებლობა, მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს შევთავაზოთ ძალიან საინტერესო ტრენინგი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან თემატიკას ეხება და, სამწუხაროდ, ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ქოუჩინგის ტექნიკების, იმიჯის მართვის, თვითპრეზენტაციის საკითხების შესწავლა  მასწავლებლებს საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება. გარდა ამისა, მდგრადობის კუთხით, გადამზადებული მასწავლებლები თავიანთ სკოლებში იმუშავებენ კოლეგა პედაგოგებთან. ასევე, აღსანიშავია, რომ მასწავლებლებთან ერთად ტრენინგში მონაწილეობენ პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტები, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტები. იმედი გვაქვს, რომ კვლავ მოგვეცემა ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, როგორიცაა ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“ – განაცხადა კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

„მივესალმებით კოალიციის ახალ პროექტს, რომელშიც, ამ ეტაპზე,  ფონდის სტიპენდიანტები ჩაერთვნენ.  გვჯერა, მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს მომავალი მასწავლებლების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და სტუდენტებსაც აქედანვე მიეცემათ საშუალება, მეტი გამოცდილება და ცოდნა შეიძინონ, მეტად მომზადებულები შევიდნენ სკოლაში. მინდა მადლობა გადავუხადო კოალიციას და ფონდს „განათლება დემოკრატიისთვის“, რომ ასეთი შესაძლებლობა მისცა სწორედ ჩვენს სტიპენდიანტებს.  ვიმედოვნებ, ეს პროექტიც და  ზოგადად, ფონდის სტიპენდიანტობა, მეტ ახალგაზრდას  გაუჩენს სურვილს, დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას და გახდეს წარმატებული სტუდენტი”. – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

40-საათიანი ტრენინგ პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და საკუთარი გამოცდილების კოლეგებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაზიარებას შეძლებენ. პროექტის დასკვნითი ღონისძიება აგვისტოში გაიმართება.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები