მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სემინარი, რომელზეც სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ცენტრის ტრენერებს „Erasmus +“ საგრანტო პროექტის ფარგლებში შემუშავებული საუნივერსიტეტო და ზოგადსაგანმანათლებლო დონის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები გააცნეს. განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მათ ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ასევე, ეხმარება ადეკვატური თვითშეფასების, შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.
პროექტის კონსორციუმის მონაწილეებმა შეფასების ინსტრუმენტები თავად წარადგინეს. პროექტში ჩართულია თსუ, ილიას სახელმწიფო, ახალციხისა და სოხუმის უნივერსიტეტები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი მასწავლებლის სახლში მარიკა სიხარულიძე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებზე საუბრისას ამბობს, მთავარი მიზანი არა მხოლოდ გაცნობა, არამედ ამ ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაა: „პროექტი გულისხმობს განმავითარებელი შეფასების შემუშავებას საუნივერსიტეტო დონეზე, მომავალი პედაგოგებისთვის, თუმცა, ეს უნივერსალური ინსტრუმენტები პროფესიაში მყოფი ადამიანებისთვისაც გამოსადეგი იქნება. მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ცენტრი პირველად მონაწილეობს „Erasmus +“-ის პროექტში, რომელიც 2016 წელს დაიწყო. საქართველოს მხრიდან, ჩვენ გარდა, კიდევ 4 უნივერსიტეტია ჩართული. პროექტის კოორდინატორი და პარტნიორია ისრაელის კინერეკის აკადემიური კოლეჯი, ევროკავშირის მხრიდან კი კონსულტაციას უწევს კორკის (ირლანდია), ბამბერგის (გერმანია), ტალინისა და ლინცის პედაგოგიკის უნივერსიტეტები (ავსტრია). ინტენსიურად ვმუშაობთ და, ფაქტობრივად, მივედით იქამდე, რომ ინსტრუმენტები უკვე შემუშავებულია. თითოეულ ინსტრუმენტზე მუშაობს არა რომელიმე კონკრეტული უნივერსიტეტი, არამედ შერეული ჯგუფები. სულ ხუთი მსხვილი ინსტრუმენტი შემუშავდა, აქედან, სამწუხაროდ, სემინარზე, მხოლოდ ოთხის წარმოდგენა მოვასწარით მსმენელებისთვის. სემინარის ბენეფიციარები, ძირითადად, ჩვენი ცენტრის ტრენერები იყვნენ. მოგეხსენებათ, რომ ისინი, ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში, პედაგოგები ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან. შემაჯამებელი კონფერენცია, 2020 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება. ჩვენი მისიაა, მზა პროდუქტი წარვუდგინოთ პედაგოგიკურ საზოგადოებას. გვინდა არა მხოლოდ გავაცნოთ ეს ინსტრუმენტები, არამედ პრაქტიკაში დანერგვას შევუწყოთ ხელი, რაც ურიგო ნამდვილად არ იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩვენს სისტემაში განმავითარებელი შეფასება და ზოგადად, შეფასება „აქილევსის ქუსლია“. ასე რომ, ეს ინსტრუმენტები ძალიან წაადგება საქმეს“.
რა არის ხუთი მსხვილი ინსტრუმენტი, რომელიც უშუალოდ განმავითარებელ შეფასებაზეა ორიენტირებული.
პირველ რიგში, მარიკა სიხარულიძე ე.წ. „კრიტიკული მეგობრის მიდგომას“ (კომპლექსურ მიდგომას) ასახელებს, „რომელიც თანამშრომლობით შეფასებასა და კონსტრუქტივისტულ პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ეს მიდგომა ფართოდ გამოიყენება ძალიან ბევრ დასავლურ წარმატებული განათლების მქონე ქვეყანაში. ინსტრუმენტი მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთშეფასებაზეა დაფუძნებული და, კონსულტაციების გაწევით, კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრაში ეხმარება.“
„კრიტიკული მეგობრის მიდგომის” შესახებ საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე: „კრიტიკული მეგობარი კომპელექსური, ინტეგრირებული მიდგომაა, რომელიც მიმართულია, ურთიერთსწავლებისა და თანამშრომლობის გზით, პროფესიულ ზრდაზე. ამ მიდგომით მუშაობისას კი, პროფესიული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და გამოწვევებისადმი მზაობას უნდა ემყარებოდეს.
„კრიტიკული მეგობრის მიდგომა“ გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდანაა ცნობილი და უკვე ბევრი წარმატებული დასავლური ქვეყნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემებში დაინერგა. კრიტიკული მეგობარი სანდო კოლეგაა, რომელსაც კრიტიკული და კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემა შეუძლია, კარგი დამკვირვებელი და მსმენელია, სვამს აღმოჩენით შეკითხვებს, უზრუნველყოფს ბალანსს მხარდაჭერასა და გამოწვევას შორის, მოვლენებს სხვადასხვა პერსპექტივიდან აფასებს და ყოველთვის ხელმისაწვდომია.
კრიტიკული მეგობარი, ურთიერთსწავლების გზით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რომელიც ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო სისტემის ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს მიდგომა არ არის აპრობირებული არც უმაღლეს და არც სასკოლო განათლებაში, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი.“
შემდეგი ინსტრუმენტია ღია ციფრული სამკერდე ნიშნები — ონლაინბეიჯები, რომელიც არა მარტო განათლებაში, არამედ, ზოგადად, ძალიან პოპულარულია შეფასების სისტემაში. „მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ციფრული სასწავლო ინსტრუმენტია და სერტიფიცირებას ახლა სწორედ ამ სამკერდე ნიშნების მეშვეობით ახდენენ. ფაქტობრივად, ადამიანები უკვე სერტიფიკატებს კი არ აგროვებენ მსოფლიოში, არამედ ბეიჯებს. აპლიკაციის შევსებისას იმ სამკერდე ნიშნებს უთითებენ, რაც მოპოვებული აქვთ. ასევე ხდება განათლების შეფასების ნაწილშიც, ანუ კონკრეტული საუნივერსიტეტო სალექციო კურსი შეიძლება ბეიჯის მეშვეობით შეფასდეს, სხვადასხვა ხარისხი მიენიჭოს. ეს მოდელი, ძირითადად, განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში მუშაობს. განმავითარებელი შეფასებისას კი, რადგან ბეიჯი მუდმივი არ არის, ის იცვლება. მაგალითად, რა ეტაპზეც იმყოფება სტუდენტი, იმის მიხედვით მიენიჭება გარკვეული ტიპის სამკერდე ნიშანი, გარკვეული ვადით. ამ ინსტრუმენტის განხილვისას, ჩვენ გავაცანით მსმენელს, როგორ უნდა შევქმნათ ბეიჯები ციფრულად, როგორ მივანიჭოთ სტუდენტს, როგორ მოხდეს შემდეგ მათი კონსტრუირება და ა.შ.“ — ამბობს მარიკა სიხარულიძე.
მესამე ინსტრუმენტი, ურთიერთშეფასება და რეფლექსიური დღიური, უშუალოდ რეფლექსიაზეა ორიენტირებული. ეს საკმაოდ ცნობილი მიმართულებაა ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი სქემაში ჩართული პედაგოგებისთვის. რეფლექსიის წერას და თავიანთი საქმიანობის შეფასებას ისინი მიჩვეულები არიან, თუმცა, ამ ინსტრუმენტს მეორე მხარე აქვს — ურთიერთშეფასება/თანაშეფასება კოლეგებთან ერთად. შეფასების ეს ინსტრუმენტი სტუდენტების მაგალითზე იყო განხილული.
მეოთხე და ძალიან მსხვილი ინსტრუმენტი სოციოემოციური უნარების შეფასებაა, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია და განსაზღვრავს მიღწევებისა და სოციოემოციური უნარების ბმას.
სოციოემოციური უნარების განმავითარებელ შეფასებაზე ქართულ-ებრაულმა ჯგუფმა იმუშავა. რას ნიშნავს ეს ინსტრუმენტი, ამის შესახებ, ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი ნინო ჩიქოვანი საუბრობს: „განმავითარებელი შეფასების ფარგლებში ისეთ ინსტრუმენტებზე ვმუშაობთ, რომლებიც დაგვეხმარება, განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად, განმავითარებელი შეფასების ფარგლებში, გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ სოციოემოციური უნარები. სოციოემოციური უნარები სხვადასხვაგვარად ითარგმნა — სოციოემოციური ინტელექტი, რბილი უნარები და ა.შ. ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ საბოლოო ტერმინზე. თითოეული სწავლების კურსის ფარგლებში, ჩვენ ზოგადად განვავითარებთ მყარ უნარებს — მაგალითად, როცა ვასწავლი ენას და შემდეგ განმსაზღვრელი შეფასებით ვაფასებ, ამ დროს ვამოწმებ, ენის ცოდნიდან გამომდინარე, რამდენად ესმის სტუდენტს ტექსტი, როგორ გაიგო მოსასმენი დავალება, მოახდინა თუ არა ნასწავლი ლექსიკის გამოყენება მეტყველებაში და ა.შ. ეს არის მყარი უნარები. რაც შეეხება სოციოემოციურ უნარებს, ეს არის უნარები, რომელიც კურსის მიღმა უნდა გამომუშავდეს. ათი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი გამოვყავით — თვითრეგულაცია, საკუთარი თავის შემეცნება, ემოციების კონტროლი, სხვისი ემოციების გაგება, სტრესტოლერანტობა (სტრესის კონტროლი), ემპათია, ურთიერთთანამშრომლობა და დახმარება, მომავლის პოზიტიური ხედვა, სიმტკიცე და დამაჯერებლობა, საკუთარი თავის ზრდის რწმენა და ა.შ. ასეთია სოციოემოციური უნარები.
როგორ უნდა გავმიჯნოთ მყარი და რბილი უნარები — წარმოიდგინეთ აისბერგი, ჩვენ მხოლოდ მის წვერს ვხედავთ. აისბერგის უდიდესი ნაწილი შეიძლება წყლის ქვეშ ჩანდეს, ანუ ის პატარა ნაწილი, რასაც ვაფასებთ, ზედაპირზეა. ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რასაც მის ქვეშ უნდა ვაფასებდეთ. ვაფასებთ მყარ უნარებს, მაგრამ იმის მიღმა, რამდენად შეძლო ბავშვმა მთელი რიგი უნარების განვითარება — გინდა გამჭოლი კომპეტენციები უწოდეთ, გინდა რბილი თუ სოციოემოციური — ეს არის აისბერგს ქვემოთ, წყლის ქვეშ მოყოლილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნაწილი.
ჩვენი მთავარი კონცეფცია გამომდინარეობს იქიდან, რომ აქცენტს ვაკეთებთ 21-ე საუკუნის სპეციალისტზე, ისეთ სამომავლო მუშახელზე, რომელიც კონკურენტუნარიანია. დღეს არავის (მათ შორის დამსაქმებელს) აღარ აინტერესებს მხოლოდ ენის, მათემატიკის ან კომპიუტერის მცოდნე ადამიანი, ამასთან ერთად, აინტერესებთ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სოციოემოციური უნარებით შეიარაღებული ახალგაზრდები. ეს ინსტრუმენტი შეაფასებს, რამდენად რელევანტურია მათი წარმატება მათსავე სოციოემოციურ უნარებთან.
ამიტომ, ახალგაზრდა რომ კონკურენტუნარიანი იყოს და შეძლოს ემოციური მდგრადობით, ნებისყოფით, გამძლეობით და შემართებით აჯობოს სხვას, უნდა შევაფასოთ, რამდენად ფარდობითია მისი „მყარი“ და „რბილი“ უნარები. ეს არის ინსტრუმენტი-გზამკვლევი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ვაცნობთ მათ ამ უნარებს, ამ გზას გადიან რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება ერთი სემესტრიც დავუთმოთ მის გაცნობას. შემდეგ ირჩევენ იმ უნარ-ჩვევას, რომლის გამომუშავებაც სურთ, ან მასწავლებელი ურჩევს. როცა ამაზე შეთანხმდებიან, შემდეგ ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო პლატფორმას ვთავაზობთ, რომელზეც იტვირთება რამდენიმე საფეხურიანი დავალება, რასაც ისინი უკვე დამოუკიდებლად, კვირიდან კვირამდე, ინტერნეტპორტალში ასრულებენ. მთავარი ხიბლი ის არის, რომ პედაგოგს, სასწავლო მასალის პარალელურად, არ უწევს ამაზე მუშაობა. ის შუალედებში შეამოწმებს, რამდენად კარგად მიდის პროცესი, ძალიან საინტერესო პროცესია, თუმცა, ჯერ პრაქტიკაში არ დაგვინერგავს.“
„მეხუთე ინსტრუმენტი — კონცეპტუალური რუკების შედგენა — სემინარზე ვერ წარმოვადგინეთ, რადგან მასზე მომუშავე ჯგუფი მთლიანად უცხოელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, ეს ადამიანები აუცილებლად ჩამოვლენ შემაჯამებელ კონფერენციაზე და მათ, ადგილობრივ პედაგოგიურ საზოგადოებას გავაცნობთ. კონცეპტუალური რუკების შედგენა ძალიან პოპულარული ინსტრუმენტია და ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. მიხარია, რომ ამ ინსტრუმენტებმა მსმენელის დიდი ინტერესი გამოიწვია “ — განაცხადა მარიკა სიხარულიძემ.
ლალი ჯელაძე