23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები უმაღლეს განათლების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე

spot_img

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ფონდი „სოხუმის“ საგანგებო ანგარიშს – „გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტის დაუსაბუთებელმა და გაუფრთხილებელმა მოხსნამ ახალგაზრდების უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას საფრთხე შეუქმნა“.

კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა პანდემიამდელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები კოვიდ რეალობაში ცხოვრებისას კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. ადამიანებმა დაკარგეს ის მინიმალური დახმარებები, რითიც მანამდე სარგებლობდნენ და რითიც გაჭირვებით ცოცხლობდნენ. ონლაინ რეჟიმში გადასვლამ, ინტერნეტის ან/და შესაბამისი ტექნიკის უქონლობამ, გაართულა მათი ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ხოლო, ხელისუფლების მიერ 2020-2021 წლებში, კონფლიქტის გამყოფ ზოლში მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსებაზე უარის თქმამ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას – განათლების მიღების უფლებას მოსწყვიტა.

ფონდი „სოხუმის“ მიერ, სწრაფი მოკვლევის შედეგად, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტური სასწავლო გრანტით დაფინანსებას არ დაექვემდებარა, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალუტეტებში, გამყოფ ზოლში მცხოვრები შემდეგი რაოდენობის სტუდენტი:

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: 2020 წელს, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთაგან „სასწავლო გრანტით“ არ დაფინანსდა სოფ. ფახულანში 8 სტუდენტი; სოფ. ლიაში – 7; წყოუშში – 2 (აქედან ერთი სტუდენტი სოფ. საბერიოდან – ოკუპირებული ტერიტორია); სოფ. ჭალეში – 5 სტუდენტი (სულ 22 სტუდენტი). 2021 წელს 26 აბიტურიენტს სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, თუმცა მათი სწავლის დაფინანსების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: 2020 წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთაგან „სასწავლო გრანტით“ არ დაფინანსდა სოფ. კოკში – 5 სტუდენტიდან 4 სტუდენტი (აქედან 2-მა სტუდენტმა, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო/იმიტომ რომ ვერ შეძლო სწავლის საფასურის დაფარვა, აკადემიური წელი აიღო); სოფ. შამგონაში – 7 სტუდენტიდან არც ერთი (რომელთაგან სამი სტუდენტი მოხვდა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ე.წ. უფასო ფაკულტეტზე); სოფ. ორსანტიაში – 13 სტუდენტიდან 12 სტუდენტი; სოფ. განმუხურში – 9 სტუდენტიდან არც ერთი; სოფ. ტყაიაში – 4 სტუდენტიდან არც ერთი; სოფ. ახალაბასთუმანში – 14 სტუდენტიდან 10 სტუდენტი. სულ სასწავლო სტუდენტური გრანტის გარეშე დარჩა 46 სტუდენტი.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სტუდენტების და მათი ოჯახებისთვის შემდეგი ხასიათის პრობლემები შექმნა:

  • იმის გამო, რომ ვერ შეძლო გადასახადის დაფარვა, ჩარიცხულ სტუდენტთა ნაწილი სწავლის შეწყვეტის რისკის წინაშე დადგა, ზოგიერთ მათგანს მოუწია აკადემიური წლის აღება;
  • ცალკეული სტუდენტების ოჯახები იძულებული გახდნენ, აეღოთ სესხი, რაც მძიმე ფინანსურ გამოწვევად იქცა მათთვის;
  • შემცირდა სტუდენტების მოტივაცია, ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან სრული დაფინანსების მიუღებლობის შემთხვევაში, სწავლის გადასახადი, ბინის ქირის, საკვების და ტრანსპორტის დამატებით გადასახადთან ერთად, საკმაოდ მძიმე და გაუმკლავებელ ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს ოჯახებისთვის;
  • სწავლის საფასურის დასაფარად დამატებითი რესურსის მოძიების საჭიროებამ გაზარდა საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით ქალთა შრომითი მიგრაცია, რამაც ოჯახების გაყოფა გამოიწვია.

არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ფონდი „სოხუმის“ ანგარიშში მოცემულია შემდეგი როკომენდაციები:

რეკომენდაციები:

⇒ შესწავლილ იქნეს „სტუდენტური სასწავლო გრანტების“ მოხსნით გამოწვეული ნეგატიური შედეგები სტუდენტებსა და მათ ოჯახებზე და შეფასდეს გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და მართებულობა;

⇒ დაუყოვნებლივ აღდგეს ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, გამყოფ ზოლში მდებარე სოფლებში ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებული სტუდენტების „სასწავლო გრანტებით“ დაფინანსება, მათ შორის წყოუშში, პალურში, საბერიოში მცხოვრები სტუდენტებისა;

⇒ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრებისა და კომუნიკაციის გზით, მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება, თუ რა მიზეზით და რის საფუძველზე მოეხსნათ სტუდენტებს 2020-2021 წლებში „სასწავლო გრანტებით“ დაფინანსება

⇒ ანგარიშის სრული ვერსიის წასაკითხად გადადით შემდეგ ბმულზე: http://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/mshvidoba/item/11282-2021-06-29-07-14-50

მოამზადა ლინდა ჩიხლაძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები