შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გადახალისების მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა -არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი შეერწყა ერთმანეთს და წერითი დავალება გახდა 34-ქულიანი. როგორც ყველა სიახლეს, აბიტურიენტთა უმრავლესობა და პედაგოგიური საზოგადოება კრიტიკულად შეხვდა ამ ცვლილებას. აბიტურიენტთა ნაწილის აზრით, ეს გამოცდის გართულებაა, რადგან 34 ქულის მოპოვება საკმაოდ რთულია, თანაც იმ პირობებში, როცა ამგვარი დავალების ნიმუშები არ მოიპოვება. პედაგოგებისთვისაც საკმაოდ დიდი თავსატეხია, ყველა პროგრამული ტექსტი მოარგონ ისეთ თანამედროვე და აქტუალურ პრობლემას, რომ შესაძლებელი იყოს მასზე ესეს ფორმატის ტექსტის დაწერა და თან მოცემული ტექსტის მხატვრული ღირებულებაც შენარჩუნდეს. თუ მეორე მხრიდან შევხედავთ ამ ცვლილებას, შესაძლოა, გამარტივებადაც აღვიქვათ, რადგან 3 საათში მოსწავლეს აღარ მოუწევს 2 წერითი დავალების შესრულება, არამედ მხოლოდ ერთ ტექსტზე, ერთ პრობლემაზე იმუშავებს.
ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება, თუკი პედაგოგები, ფილოლოგები, კომპეტენტური პირები ანდა თავად აბიტურიენტები შესთავაზებენ განსახილველად საზოგადოებას ახალი ფორმატის ესეს ნიმუშებს, რათა უმრავლესობისათვის უფრო ნათელი იყოს ცვლილების არსი. ამ სტატიაში ვეცდებით, ნიმუშის სახით შემოგთავაზოთ, როგორ წარმოგვიდგენია, მაგალითად, ჯემალ ქარჩხაძის რომან „იუპიტერის სინანულის“ შერჩეული ფრაგმენტის მიხედვით (იხ. 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი, ვარიანტი I) ახალი ფორმატის ესე.
ძალაუფლება არაა მარადიული, მაშინ როცა მარადიულია…
იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს პრობლემა და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.
„ნერონი შავ ცხენზე იჯდა, შავი ლაბადა ეცვა და შავ ღამეს ფრთხილად მიარღვევდა“, – ასე იწყება ჯემალ ქარჩხაძის რომანის მოცემული ეპიზოდი. ავტორი გვიყვება რომის იმპერატორ ნერონზე, რომელიც თავისი სისასტიკითა და ძალაუფლების წყურვილით იყო ცნობილი (ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჯერ დედა მოკლა, მერე ცოლი და როგორც ეჭვობენ, რომიც თავად გადაწვა, რათა ქრისტიანებისათვის დაებრალებინა). მოცემულ ტექსტში იგი გარბის რომიდან, როგორც დამარცხებული მხედართმთავარი, შიშისაგან კანკალებს, ეჩვენება, რომ ქალაქი რომი ამდგარიყო, დაძრულიყო შვიდივე ბორცვიანად და ფეხდაფეხ მისდევდა ლტოლვილ იმპერატორს. მისი ძალაუფლება არ აღმოჩნდა მარადიული (პრეტორიანელთაგან დევნილმა საბოლოოდ თავი მოიკლა). მოცემულ ეპიზოდში ნერონი საკმაოდ მხდალ და გაუბედავ პიროვნებად არის წარმოჩენილი, ამაზე მწერალი არაერთხელ მიგვანიშნებს: „ნაღველში გახსნილ, შიშით გაჟღენთილ გულში დროდადრო მწარე სიცილი უფეთქავდა“, „ნერონის გული – პატარა, გამხმარი, უსიცოცხლო – მკერდის ღრუში უსასოოდ ცახცახებდა“. ამით ცხადი ხდება, რომ სწორედ ისაა უფრო მხდალი და ლაჩარი, ვისაც თავი ქედმაღლურად უჭირავს, ზემოდან დასცქერის ყველას, სინამდვილეში კი წრუწუნას მშიშარა გული უდევს საგულეში. მხდალი გარბის, ხოლო ძლიერი იბრძვის ბოლომდე. ნერონის სიმხდალე ჩანს მხედრების გამოჩენის დროსაც, როცა ერთ-ერთი, ყველაზე დიდი, მხარბეჭიანი, ჩამორჩა რაზმს და მისკენ წამოვიდა, იმპერატორს გული გაუცივდა: „ნუთუ ეს დათვი აირჩია ბედისწერამ მის მკვლელად“. მაგრამ მხედარმა, მისდა გასაოცრად, მიაძახა: დიდება ცეზარს! და გაშორდა. მისი ფიქრები დამფრთხალი ჩიტებივით გაიფანტნენ და ერთი პირობა, იმპერატორმა ისიც კი გაიფიქრა, უკან ხომ არ მიბრუნებულიყო, იქნებ სხვებსაც მის დანახვაზე ვეღარ გაებედათ ურჩობა, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ „ქალაქი – ანთებული, იმედიანი, აღტკინებული – მისი აღარ იყო“.
ავტორის მთავარი სათქმელია, რომ ძალაუფლება მარადიულად არასდროს გრძელდება, მაშინ როცა ხალხის იმედი და მოლოდინია დაუსრულებელი. ადამიანებს სამყაროს დასაბამიდან ჰგონიათ, რომ თუ ერთ ტირანს, მეფეს, იმპერატორს შეცვლიან, მეორე უკეთესი იქნება; ერთ რევოლუციას თუ მოახდენენ, სხვა მმართველი სამართლიანობას დაამკვიდრებს. ბრბოს რატომღაც „სიახლე განახლება ჰგონია“, ავიწყდებათ, რომ ხშირად ახალი მმართველი წინაზე უარესი გამოდგება ხოლმე. ნერონი რომაელებს სულელებს უწოდებს, რადგან მათ აქვთ გულუბრყვილო რწმენა და ცრუ მოლოდინი, რომ თუ მას დაამხობენ და სხვის აღზევებას იზეიმებენ, აუცილებლად დამყარდება სამართლიანობა. ბრბოს აქვს ბერწი მეხსიერება, მას ავიწყდება, რომ წუთისოფელი ბრმა შურისძიებასა და ცრუ იმედებს შორის მერყეობს მხოლოდ და ამაოებას ატრიალებს ყოველ ჯერზე. ცნობილი ირლანდიელი მწერალი, ჯეიმს ჯოისი წერდა: „დრო წარსულს აბრუნებს ყოველ დარტყმაზე“. ცხოვრებაში ყველაფერი, რაც სიახლე გვგონია, ხშირად ძველის განახლებაა მხოლოდ, ამიტომაა, რომ ადამიანებს მუდმივად სძლევთ ცდუნება გადატრიალებისა თუ ხელისუფლების დამხობის გზით მოახდინონ სასიკეთო ცვლილებები, საბოლოოდ კი აღმოჩნდება ხოლმე, წინსვლის მაგივრად, უკან მივდივართ. ნერონს გული სწყდება, რომ იმპერატორობას შეალია მთელი დრო და პოეზიის სამსახური ვერ შეძლო. ავტორი მიგვანიშნებს, რომ მას შეიძლება კარგად ესმის პოეზიის, ხელოვნების მარადიულობა, მაგრამ ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებულს მხოლოდ მაშინ ახსენდება ლექსები, როცა სინამდვილეს გაურბის და თავშესაფრის პოვნას ცდილობს პოეზიაში. ნერონი ამაყად აცხადებს: „ამხელა ხელოვანი ნუთუ ისე განზავდა ამაოებაში, ერთი ღირსეული ლექსი ვერ შეთხზა!“ მწერალი საინტერესო მეტაფორებსა და ალუზიებს იყენებს პოეზიაზე საუბრისას, მისი აზრით, ლექსებით შესაძლებელია მარადიული გაზაფხულის უსასრულო ჭალებში მოგზაურობა, სწორედ ლექსებითაა შესაძლებელი ზეციურ მწვერვალზე ფეხის შედგმა, სადაც დიდ უსინათლო ღმერთებს ებაასება (დიდ უსინათლოში ჰომეროსი იგულისხმება და როგორც ცნობილია, ნერონი სწორედ მას უტოლებდა თავს).
ტექსტში გამოკვეთილი არაერთი პრობლემა დღესაც აქტუალურია. ძალაუფლებისადმი ლტოლვა დღესაც დამღუპველია და სწორედ ძალაუფლების სიყვარული აიძულებს ადამიანს გახდეს სასტიკი, დესპოტი, გააუბედუროს სხვები. მარადიულია ასევე ხალხის პროტესტიც ამგვარი დესპოტების მიმართ, ამბოხი დიქტატურისა და უსამართლობის წინააღმდეგ. ბრბოს მარადიულად სჯერა, რომ თუ ერთ მმართველს მეორით ჩაანაცვლებს, მოსპობს ამქვეყნად ბოროტებას, თუმცა მარადიულად გრძელდება იმედგაცრუებაცა და სკეპტიციზმიც. ძალაუფლება, მატერიალური სიმდიდრე და ქონება რომ წარმავალია და ამაო, ამაზე ალექსანდრე ჭავჭავაძეც საუბრობს ლექსში „გოგჩა“. მისი აზრითაც, არ ღირს წარმავალი დიდებით ტკბობა, რადგან ჩვენი მომავლის ხატი მაინც ნანგრევებია. ალექსანდრე მაკედონელის ანდერძიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მისი სურვილი იყო, რომ დასაფლავების დღეს მისი ხელები დაენახა ხალხს, გაიგონ, ამხელა ძალაუფლების პატრონი მაინც ხელცარიელი მივდივარო ამქვეყნიდან. სამწუხაროდ, დღესაც ხშირად გვავიწყდება, რომ თანამდებობა მარადიული ვერ იქნება, ბრბოზე ბატონობასაც ვერ შევძლებთ მუდმივად. ხალხი მხოლოდ გამარჯვებულს სცემს თაყვანს, დამარცხებულებს წამსვე ისტორიის სანაგვეზე მოისვრიან. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მარადიულ ღირებულებებზე, ვიბრძოლოთ იდეალებისათვის და არა პირადი კეთლდღეობისა და ძალაუფლებისათვის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ის ეზიარება მარადისობას, ვინც შეძლებს საკუთარი სიცოცხლე ლექსებად დაჭრას და ხელოვნების წმინდა ცეცხლზე მიიტანოს მსხვერპლად და არა ის, ვინც ძალაუფლებისა და მომხვეჭელობის სურვილით დაბრმავებული ყველაფერს ამაოებას მიუძღვნის.
ქეთევან ქათამაძე, თბილისის №72 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი