27 ივლისი, შაბათი, 2024

გამოცდილებითი განათლების კონცეფცია მასწავლებლის პრაქტიკაში

spot_img

ჯონ დიუის განათლების კონცეფცია, რომელიც, სამწუხაროდ, ნაკლებად გადაგვაქვს პედაგოგთა უმეტესობას პრაქტიკაში, ორ ძირითად ამოსავალს ეფუძნება: განათლება უნდა ემყარებოდეს იმ გამოცდილებას (პრაქტიკას), რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს და განათლებას უნდა ჰქონდეს სოციალური ფუნქცია – სოციალური პროგრესი მიიღწევა იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით.

სხვაგვარად დიუის განათლების კონცეფციას უწოდებენ გამოცდილებითი განათლების კონცეფციას. დიუის და მისი მიმდევრების აზრით, განათლება გამოცდილების განვითარებაა, რომელიც პასუხობს დროის მოთხოვნას. აწმყოსთვის მომავალი თაობის მომზადება განათლების ტრაგედიაა, მოსწავლე უნდა სწავლობდეს (ანუ გამოცდილებას იღებდეს) მომავლისთვის. დიუის მოსაზრებით, სკოლაში მიღებული გამოცდილება ცხოვრებისეულ სიტუაციებში უნდა იყოს გამოსაყენებელი. სასწავლო მასალები, მეთოდები და სოციალური ურთიერთობები ისე უნდა შეირჩეს, რომ განათლების თანმიმდევრულობასა (კონსტრუქციულობას) და განგრძობითობას (პერმანენტულობას) შეეწყოს ხელი.

ადამიანის გამოცდილება განვითარების მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს (დემოტივირების შემთხვევაში გამოცდილებას ეკარგება დანიშნულება!) და მნიშვნელოვანწილად უნდა განსაზღვრავდეს „კარგ“ სურვილებს, მიზნებსა და დამოკიდებულებებს. ფიზიკურ-სოციალურ გარემოში მასწავლებელი და მშობელი უნდა ფიქრობდეს, როგორ მოახერხოს მოსწავლის მეტი სოციალიზაცია. სოციალიზაციის გარეშე, მოსწავლისთვის იზოლირებული, ფაქტობრივი ცოდნა ბევრს არაფერს ნიშნავს. როგორც ჩინური გამონათქვამი გვასწავლის, ჭკვიანი ადამიანები სხვის გამოცდილებაზე სწავლობენ, ბრიყვები – საკუთარზე. როგორ ვაქციოთ მოსწავლეები იმ კატეგორიის ადამიანებად, რომლებიც სწავლობენ სხვის გამოცდილებაზე? როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, რა არის კარგი და რა საზიანო? რომელი გამოცდილებაა მისაღები და რომელი დასაგმობი?

წარმატებული ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობისას მოსწავლეს უნდა შეექმნას კეთილგანწყობა და „თეთრი შური“ აღეძრას. თუ ბავშვს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, სხვისი გამოცდილება საკუთრად აქციოს, არ ვაღიარებთ მის წარმატებებს (აღიარება არ ნიშნავს ქებას!) და არ გამოვახატვინებთ, თუ როგორ მიაღწია თუნდაც ოდნავ პროგრესს, ეს უკვე აღსაზრდელისთვის ნიშნავს იმას, რომ მას ასპარეზი არ ეხსნება.

სამომავლო ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გამოცდილების შეძენა-გაზიარება საგანმანათლებლო პოლიტიკის საფუძველი უნდა გახდეს. მასწავლებელი, სასწავლო რესურსები მთლიანად თუ დაექვემდებარება ღირებული გამოცდილების დაგროვებას, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა არ გართულდება.

ვიდრე სკოლა არ გახდება მოსწავლეზე სრულად ორიენტირებული (მასწავლებლის კვალიფიციურობის დადასტურება პირდაპირ უნდა ებმოდეს მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონის განსაზღვრას და მასთან ბავშვის მიყვანას), მანამდე სასწავლო სისტემა ვერ გახდება მაქსიმალურად სასარგებლო.

ყველა ის მეთოდი, რომლითაც ვმუშაობთ მოსწავლესთან, სარგებლის მომტანი უნდა იყოს. სარგებლად ვერ ჩაითვლება ჯილდო, მაღალი ნიშანი, საპატიო დაფაზე ფოტოს გამოფენა, სიგელი და ისეთი გარეგანი მოტივატორები, რომლებიც მანამდეა ეფექტური, ვიდრე მისი მოლოდინია. მასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო ლიდერს, უნდა შეეძლოს ჯგუფის, როგორც ერთი სოციალური ორგანიზმის, ამუშავება.

დიუი გვირჩევს, რომ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფლების ხარისხი. თავისუფლების გარეშე მიზნების დასახვა და განხორციელება წარმოუდგენელია. ფიზიკურად თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი, რომ მოსწავლემ გამოავლინოს თავისი ნამდვილი ბუნება. სიჩუმესა და უსიტყვო მორჩილებაში, რომელსაც ავტორიტარი მასწავლებელი ქმნის, იკარგება ბავშვის პოტენციალი.

გამოცდილებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეა გულისხმობს მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას კეთებით სწავლებისა და სოციალური სწავლების პროცესში. სამწუხარო რეალობაა, რომ მასწავლებლების ნაწილი ბიჰევიორისტული მიდგომებით, ინფორმაციის დატოვება-მიღებით შემოფარგლავს საკუთარ პრაქტიკას, რის გამოც, ძალიან ნაკლებია განათლებისა და სოციალიზაციის ხარისხი.

იმისათვის, რომ აღნიშნული მასალა არ გახდეს მხოლოდ თეორიული გამოცდილების გაზიარება, საკუთარი პრაქტიკიდან მოვიხმობ ერთ მაგალითს:

მოსწავლემ, რომელსაც ვთხოვე, ჩაეწერა ვიდეოფორმატით მრავალნიშნა რიცხვის გაყოფის შესახებ რამდენიმე საინტერესო მაგალითი, ოღონდ საკუთარი გამოცდილებით და არა ონლაინ-სივრცეში მოპოვებული მატერიალების საშუალებით, დავალება დიდი სიამოვნებით შეასრულა, რადგან მან იცოდა, რომ ეს მისი აღიარება იყო მასწავლებლის, ოჯახისა და თანატოლების წინაშე. საკუთარი გამოცდილების მიზნობრივ აუდიტორიამდე მიტანა მისთვის სოციალიზაციაც იყო. ერთ-ერთ ფეისბუკ-გვერდზე მის მიერ ჩაწერილ ვიდეოს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და ამით კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მიეცა მას.

გამოცდილებითი განათლებისთვის ვუწევ რეკომენდაციას ასეთი ტიპის აქტივობებს:

♦ მოსწავლის მიერ საკითხის, თემის, თემატიკის შესახებ სისტემატიზებული მასალების შესრულება კლასის, წრის, სასკოლო საზოგადოების წინაშე წარსადგენად;

♦ იუთუბარხზე მოსწავლის მიერ ჩაწერილი მასალების გამოქვეყნება;

♦ სკოლის ელექტრონულ სივრცეებში სხვადასხვა აქტივობების აღწერა, აქტივობათა ამსახველი ფოტო-ვიდეო და წერილობითი ინფორმაციის განთავსებას;

♦ სასკოლო, სკოლათშორის და დიდმასშტაბიან ღონისძიებებში მონაწილეობა;

♦ უმცროსკლასელთა მხარდაჭერას;

♦ საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ და სოციალურ პროექტებში ჩართვას;

♦ გაკვეთილზე საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციის განსხვავებული ფორმატით წარდგენას;

♦ მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს;

♦ თვითშეფასების რუბრიკების შექმნაში თანამონაწილეობას;

♦ კლუბურ და წრეობრივ საქმიანობაში სპიკერობასა და პრეზენტატორობას;

♦ თანატოლთა ურთიერთსწავლების პრაქტიკას;

♦ თანატოლთათავის სახელმძღვანელოებისა და რესურსების შექმნას.

ხათუნა სვანაძესსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები