გამოცდილება და თანამედროვე ცოდნა საუკეთესო კომბინაციაა ხარისხის უზრუნველყოფისთვის  – თამარ ქიტიაშვილი

369
გვესაუბრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი   

– ქალბატონო თამარ, ცნობილია, რომ პროფესიულმა კოლეჯებმა პირისპირ სწავლება პირველი მარტიდან განაახლეს. რას გვეტყვით დამატებით, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი?

– ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა, რადგან პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, დისტანციურად ძალიან მცირე რაოდენობის სასწავლო პროგრამის განხორციელებაა შესაძლებელი. ამიტომაც საგრძნობლად შევფერხდით, საჭირო გახდა ჩვენი პროგრამების ლოგიკის და თანმიმდევრობის გადაწყობა და დისტანციური ტიპის სწავლებაზე მორგება. ასე რომ, მხოლოდ თეორიული კომპონენტის მიწოდება შევძელით სტუდენტებისთვის. პირველი მარტიდან კი, პრაქტიკული კომპონენტით განახლდა სწავლა. თუმცა, ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა, ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, თუ ვინმეს თეორიული ნაწილი არ ამოუწურავს, დარჩება ონლაინ რეჟიმში. თითოეული კოლეჯი საკუთარი ლოკალური ვითარების (ეპიდსიტუაცია, სტუდენტების ჩართულობა) გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს სწავლას. ზოგმა შეიძლება პროგრამების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გაიყვანოს პირისპირ სწავლებაზე ან გააკეთოს ჭადრაკული განრიგები, რაც სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს გულისხმობს. განათლების სამინისტროს რეკომენდაციაც ეს იყო – ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიხსნათ და არა ერთბაშად. მთავარია, შეთავაზებული მიდგომა მაქსიმალურად მოქნილი იყოს და ითვალისწინებდეს ეპიდსიტუაციას და სტუდენტის ინტერესებს.

კოლეჯებმა იმუშავეს ამ მიმართულებით, რა ფორმით და რა ინტენსივობით გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, ზოგან რამდენიმე დღე კვლავ დისტანციურად დარჩება, ზოგან კვირაში ერთხელ განხორციელდება რომელიმე პროგრამაზე პირისპირ სწავლება და ა.შ. სამინისტროში კოლეჯებს წარმოდგენილი აქვთ თავიანთი გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მონიტორინგს. ამ პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. ეს გამოცდილება ჩვენ გვაქვს. თავად დავდიოდი რეგიონებში და თბილისშიც სასწავლო დაწესებულებებში და ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა სასწავლო პროცესი. ეს ერთგვარი ხელშემწყობი მექანიზმია, როცა ადგილზე განვიხილავთ ამა თუ იმ კოლეჯის საჭიროებას. ვფიქრობ, ბევრად უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს ეტაპი იმიტომ, რომ ეს გზა შარშან, შემოდგომაზე გავკვალეთ. მაშინ მართლა ბევრი სირთულე და გამოწვევა დავძლიეთ. ეს უკავშირდებოდა სხვადასხვა საშუალებების შესყიდვას, მასწავლებლების ჩართულობას, გართულებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, აუდიტორიების გადაწყობას რეგულაციების გათვალისწინებით. ერთი სიტყვით, ბევრი სიახლე იყო, რაც დღეს გამოცდილებაა. ამიტომ არავითარ გართულებას არ ველოდები.

– სწავლის დაწყების წინ გაიარეს ტესტირება პედაგოგებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა?

–  პროფესიული მასწავლებლების ტესტირების ვალდებულება არ დაკისრებია სისტემას. თუმცა, ვფიქრობ, აქაც რეგიონული პრინციპით ვიმოქმედებთ – სადაც მომატებული რისკია, იქ შესაძლოა ჩატარდეს ტესტირება. რამდენიმე კოლეჯმა გამოთქვა სურვილი. ზოგადად, დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში, ამ მექანიზმს გამოვიყენებთ. წერტილოვანი შეზღუდვების უფლებაც გვაქვს, რაც უკვე გამოვიყენეთ შემოდგომაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის განმავლობაში არანაირი ხარვეზი და დარღვევა არ დაფიქსირებულა, ავადობის შემთხვევები იყო,თუმცა ფართო შიდა გავრცელება არ ყოფილა), რასაც მივყავდით წერტილოვან შეზღუდვებთან. გადაწყვეტილებას მუნიციპალური შტაბები იღებდნენ – დახურულიყო ერთი ჯგუფი, პროგრამა თუ მთლიანად სასწავლებელი.

– ქალბატონო თამარ, როგორც ვიცი, პანდემიის გამო, პროფესიული მასწავლებლის განვითარების სქემაზე მუშაობაც შეფერხდა. რა სტადიაშია პროცესი და რა მოთხოვნებს უყენებს სქემა პედაგოგებს?

– პირველ რიგში, ერთი ტერმინოლოგიური დაზუსტება – ჩვენ ტერმინს „სქემა“ არ ვიყენებთ, რადგან პროფესიულ განათლებაში, ზოგადისგან განსხვავებით, არ არის საფეხურებრივი დაყოფა. ეს იქნება მასწავლებელთა განვითარების მოდელი – ერთი აქტი მინისტრის ბრძანებით, რომელიც არეგულირებს პროფესიული მასწავლებლის  შესვლას პროფესიაში და იმ მოთხოვნებს, რასაც მას სისტემა უყენებს.

დოკუმენტზე მუშაობდა მსოფლიო ბანკის შესაბამისი პროექტი 500-ზე მეტი ადამიანის ჩართულობით, მათ შორის კოლეჯების პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დონორი და საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მთელი პროცესი კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობდა. ამჟამად მუშაობა დასრულებულია, პროექტი უკვე წარმოდგენილია განათლების სამინისტროში, განვიხილავთ და მივცემთ კანონქვემდებარე აქტის ფორმას. იგი ემყარება სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას და ბევრი რამით განსხვავდება სქემისგან. პროფესიულ განათლებაში პედაგოგები აკადემიური სფეროდან კი არ მოდიან, უმეტესწილად, პრაქტიკოსი პროფესიონალები არიან. სწორედ ამ გამოცდილებაზე და სხვადასხვა დარგის სპეციფიკაზე კეთდება ჩვენს სისტემაში აქცენტი, ასევე, ამ დარგების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე მასწავლებელთა განვითარების პროცესში.

კიდევ ერთი არსებითი განსხვავება ისაა, რომ აქ საუბარია დეცენტრალიზებულ მოდელზე, როცა მასწავლებლის განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად კოლეჯს ეკისრება და არა განათლების სამინისტროს. იგი მხოლოდ მოქნილ ჩარჩოს და ერთგვარ სტანდარტს ქმნის თუ როგორი უნდა იყოს პროფესიული მასწავლებელი, ხოლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება, პედაგოგების შერჩევა და მათ განვითარებაზე ზრუნვა უკვე კოლეჯის პრეროგატივა და პასუხისმგებლობაა. მან საბოლოო შედეგის, ხარისხიანი სწავლების უზრუნველსაყოფად, უნდა მოიძიოს როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური და ფინანსური რესურსი. ეს მოდელი ერთგვარად ავსებს პროფესიული სასწავლებლების ავტორიზაციის სტანდარტით შარშან გაკეთებულ განაცხადს, რაც ამ პროცესების დეცენტრალიზაციას ეფუძნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამინისტრო მასწავლებელს, პირდაპირი გზით, არავითარ სერვისს არ სთავაზობს – ჰარმონიულად ვითარდება კოლეჯი თავისი ადამიანური რესურსით.

სქემისგან განსხვავებით, მოდელი არც სტატუსების მინიჭებას ითვალისწინებს. აქ საუბარია სამი ტიპის მასწავლებელზე, ესენია: სასწავლო დაწესებულების მასწავლებელი, რომელიც სასწავლებლის მიერაა დასაქმებული და ძირითად დროს სწორედ სასწავლებელში ატარებს; მოწვეული მასწავლებელი – სასწავლებლის მიერ შერჩეულიპროფესიონალი დარგიდან, რომელიც შედარებით მცირე ინტენსივობითაა ჩართული სასწავლო პროცესში და ბოლოს, ინსტრუქტორი, რომელიც კომპანიის მიერაა დაქირავებული სამუშაო ადგილზე სწავლების (მათ შორის დუალური მოდელით სწავლების) უზრუნველსაყოფად.

– ითვალისწინებს თუ არა ახალი მოდელი მასწავლებლის ანაზღაურების საკითხს?

– რაც შეეხება პროფესიული მასწავლებლის ანაზღაურების საკითხს, პროექტმა ბევრი ფაქტორი და კრიტერიუმი შემოგვთავაზა, მაგრამ მოდელის მიხედვით, ძირითადად, ეს დაუკავშირდება მის მიერ შესრულებულ სამუშაოს, დატვირთვის ხარისხსა და სირთულეს და არა განვლილი ტრენინგების ან კრედიტებში გამოხატული აქტივობების რაოდენობას. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას კოლეჯი მიიღებს დადგენილი მინიმალური ანაზღაურებისა და დამატებითი ცვლადების გათვალისწინებით. მოდელის პროექტში ბევრი ცვლადია წარმოდგენილი. ამათგან რომლის გათვალისწინება მოხდება პირველ ეტაპზე, რომლის – გარდამავალ ეტაპზე თუ მომავალში, ამ მომენტში ამის თქმა გამიჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შევჯერდეთ როგორ შევცვალოთ ანაზღაურების სისტემა ისე, რომ არჩეულმა მოდელმა წაახალისოს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვა და ახალგაზრდებისთვისაც იქცეს კარგ მოტივაციად სისტემაში შესასვლელად. საბოლოოდ, ეს აუცილებლად აისახება განათლების ხარისხზე და სისტემა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, სწორედ ამ მიზნის მიღწევას მოემსახურება.

ახალი მოდელის ცენტრალური ფიგურა, რა თქმა უნდა, კვალიფიციური მასწავლებელია. დანერგვის გარდამავალ პერიოდს კოლეჯები მასწავლებელთა განვითარებისთვის გამოიყენებენ. თუმცა, აუცილებლად ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ თუ დღეს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას კარგი შედეგები აქვს, პირველ რიგში, ეს არა პოლიტიკის შემქმნელების, არამედ სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ამ პროცესების წინა ხაზზეა – კოლეჯები და პედაგოგები, ყველას დიდი მადლობა ამისთვის. პანდემიის პირობებში მათ შეუძლებელი შეძლეს. სკოლებისა და უმაღლესებისგან განსხვავებით სასწავლო გეგმების თავიდან ბოლომდე გადახედვა მოუწიათ. ჩვენი მხარდაჭერით, გაერთიანდნენ დარგობრივ ქსელებში (ეს არის პატარ-პატარა ჯგუფები, სადაც მსგავსი პროგრამების მასწავლებლები ერთიანდებიან), მათთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ურთიერთობის ეს გზა პროგრამების გადამუშავების თვალსაზრისით. ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი უფრო გამოცდილ პედაგოგებთან  მონაწილეობდა ამ პროცესში. თანამედროვე ცოდნისა და უნარების მუდმივად განახლება და გაზიარება აუცილებელია სწავლების გამოცდილების მქონე მასწავლებელთათვის, მაშინ როცა, დარგიდან მოსულ პროფესიონალებს სასწავლო პროცესის წარმართვაში  სჭირდებათ გამოცდილი მასწავლებლების დახმარება აი, ეს ურთიერთსასარგებლო გაცვლაზე დაფუძნებული თანამშრომლობაა სწორედ საუკეთესო გზა ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

– ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სერიოზული ინტერვენციები იგეგმება პროფესიულ განათლებაში ხარისხის გასაუმჯობესებლად, ხარისხის შიდა უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. რას გვეტყვით ამის შესახებ?

–  დიახ, ასეა. ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შევიმუშავეთ ხარისხის ექსპერტის ახალი პროფილი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ექსპერტთა განვითარების სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც ყველამ უნდა დაძლიოს. ახალი პროფილისა და მახასიათებლების მიხედვით უკვე კონკურსიც ჩავატარეთ და ხარისხის ექსპერტთა ახალი კოჰორტაც შევარჩიეთ. ახლა ტრენინგები მიმდინარეობს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ტრენინგებს გადიან აგრეთვე სასწავლებლებში მომუშავე ხარისხის ექსპერტებიც. და ეს ყველაფერი ახალი სტანდარტის დანერგვის თანმდევი პროცესია. საქმე ისაა, რომ კრიტიკულად აუცილებელია, ახალი სტანდარტის შინაარსი და მისი ღირებულებები ერთგვაროვნად ესმოდეს ორივე მხარეს – კოლეჯში მომუშავე ხარისხის მენეჯერსა და იმ დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც კოლეჯში მიდის შეფასების მიზნით. მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეს ორივე მხარემ, რას ითხოვენ და ელიან ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ერთჯერადი ტრენინგით, ცხადია, ვერ დასრულდება. ექსპერტთა კორპუსში მუდმივი ცვლილებებისა და გადინება-შემოდინების გათვალისწინებით, მათი შესაძლებლობების გაძლიერება და სერტიფიცირება, გარკვეული პერიოდულობით მოხდება. ეს „სერტიფიცირებაც“, გარკვეულწილად, სიმბოლური ტერმინია, ასე ვთქვათ, ურთიერთშეთანხმების აქტი, რომ გაზიარებული აქვთ სტანდარტის ღირებულებები. ეს პროცესი კოლეჯების ექსპერტებმა უკვე გაიარეს, ახლა ექსპერტთა კორპუსი გადის. ასე რომ, ეს უწყვეტი ციკლია.

– კიდევ რა სიახლეები იგეგმება მიმდინარე წელს პროფესიულ განათლებაში?

– პირადად მე, სამ მთავარ მიმართულებას გამოვყოფდი. ესაა, პირველ რიგში, კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერება პროფესიულ განათლებაში, დარგობრივი პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაცია; პროფესიული განათლების მართვის სისტემის იმგვარად მოწყობა და გადაკეთება, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე ისმოდეს კერძო სექტორის ხმა, დაცული იყოს მისი ინტერესები.

მეორეა დეცენტრალიზაცია. მიმაჩნია, რომ კოლეჯების გაძლიერება სხვანაირად ვერ მოხდება. ისინი უნდა აღიჭურვონ მეტი პასუხისმგებლობით.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხარისხის განვითარებასთან, ეს არის სისტემის ინტერნაციონალიზაცია. ვფიქრობ, ლოკალურ პრაქტიკასა და ლოკალურ ბაზარზე პოზიციონირება წინსვლაში ვერ დაგვეხმარება. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი გაცვლითი პროგრამები გვჭირდება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიერებისთვის სხვა ქვეყნებიდან ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ცალკეული ინიციატივების ხარჯზე. შარშან, მაისში, მწვავე პანდემიის დროსაც კი, სოფლის მეურნეობის მიმართულების სტუდენტები, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გერმანელი პარტნიორების ინიციატივით, 6-თვიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ; კოლეჯები – „იკარუსი“ და „ახალი ტალღა“ პანდემიამდე მონაწილეობდნენ და მომავალშიც გეგმავენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ტურიზმის მიმართულებით; საექთნო განათლების კერძო კოლეჯებიც თანამშრომლობენ საერთაშორისო კოლეჯებთან და ა.შ. მე იმას ვგულისხმობ, რომ ეს პროცესი სისტემაშია მოსაყვანი. იგი აუცილებლად უნდა იყოს მხარდაჭერილი ისეთი ძლიერი ინსტრუმენტით, როგორიცაა, მაგალითად, „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამა უმაღლეს განათლებაში. ამ მიმართულებით ბევრი რამაა გასაკეთებელი. ავტორიზაციის ახალი სტანდარტი ხომ ევროპული ხარისხის ქსელის მიხედვითაა შემუშავებული, ე.ი. თამასა მაღალია.

გარდა ამისა, წელს დავამტკიცებთ პროფესიულ განათლებაში გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელების  წესს, რაც იმას გულისხმობს, რომ პროგრამას ეყოლება ერთზე მეტი განმახორციელებელი. სისტემის ინტერნაციონალიზაციას ხელს შეუწყობს ისიც, რომ საერთაშორისო განათლების ცენტრს დაემატა პროფესიული განათლების გაცვლით პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობის ფუნქცია. რომ არა პანდემია, ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებული იქნებოდა. ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს აუცილებლად ამოქმედდება ინსტიტუციონალურად მხარდაჭერილი გაცვლითი პროგრამები პროფესიული სტუდენტებისთვის.

ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი 

 

დატოვეთ კომენტარი