23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გამოცდები 2024

spot_img

დღეს აბიტურიენტები, მეორე სესიაზე, გამოცდას ბიოლოგიაში ჩააბარებენ, მასწავლებლის გამოცდების მონაწილეებისთვის კი პირველ სესიაზე გამოცდა ჩატარდება შემდეგ საგნებში:

♦ იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (წერითი ნაწილი);

♦ ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის) (წერითი ნაწილი);

♦ ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (წერითი ნაწილი);

♦ გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (წერითი ნაწილი);

♦ რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (წერითი ნაწილი);

♦ ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) (წერითი ნაწილი);

♦ სპორტი.

მეორე სესია დაეთმობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების წერითი ნაწილის გამოცდას, პრაქტიკულ ნაწილს კი მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები 21 ივლისს, ორ სესიად, ჩააბარებენ.

გუშინ, 18 ივლისს, დასრულდა საერთო სამაგისტრო გამოცდა.

მაგისტრანტობის მსურველებმა ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ჩააბარეს გამოცდა ორ სესიად. საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 79%-ზე მეტი აპლიკანტი, დაგვიანების 4 შემთხვევა იყო.

პირველ სესიაზე გამოცდა წერეს აბიტურიენტებმაც სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. გამოცხადდა 84%-მდე აპლიკანტი. დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

 

◊◊◊

აბიტურიენტებს შორისაა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გიორგი კოჩალიძე, რომელმაც სკოლა ხულოში დაამთავრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობასა და ვარჯიშს ბევრ დროს ვუთმობ, ჩემთვის სწავლა და უმაღლესი განათლების მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სპორტის მენეჯმენტის პროგრამაზე ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. სამივე გამოცდაზე უკვე გავედი და მოუთმენლად ველი შედეგებს. ყველას ვუსურვებ წარმატებას,“ – განაცხადა გიორგიმ.

საინტერესოა, რომ სექტემბერში გიორგი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატშიც, რომელიც ესპანეთში გაიმართება.

 

◊◊◊

საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილე ხატია ცარციძე გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა: „შეიძლება ითქვას, რომ გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ეს ჩემთვის მეოცე გამოცდაა (ვგულისხმობ როგორც ერთიან ეროვნულ, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდებს).

როგორც წესი, გამოცდებს წარმატებით ვაბარებ, თუმცა, ინტერესების მრავალფეროვნების გამო, ხშირად ვიცვლი მიმართულებას. პროგრამა, რომელზეც წელს ვაბარებ, სპორტის მენეჯმენტია.

4 წლიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ვთამაშობდი „ტელევიზიობანას“ ჩემი ხელით გაკეთებული ქაღალდის მიკროფონით და ვაწვდიდი „მაყურებელს“ ინფორმაციას, თუ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე.

ოცნებები ხდება და ჩემი ისტორია ამის მაგალითია – სპორტული ჟურნალისტი ვარ, ახლახან გასაშუქებლად ვიმყოფებოდი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე და შემდეგ – ფინალზე! სიმბოლურად, თამაშზე ჩემი ბავშვობის ქაღალდის „მიკროფონიც“ წავიღე. ემოციებს ალბათ მიხვდებით – ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთი საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

ევროპამ ახალი საქართველო ნახა და გაიცნო.

ჩემპიონატი დასრულდა. მე საქართველოში გუშინ ჩამოვფრინდი და საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც გუშინვე გავედი. პირობა დავდე – თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში იასპარეზებდა, გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოვცხადდებოდი – პირობა, რა თქმა უნდა, შევასრულე.

რატომ მაინცდამაინც თამარ მეფე? ჩემთვის საქართველოს წარმატებასთან, გამარჯვებასთან ასოცირდება. ამ სამოსზე ზემოდან გადაცმული მქონდა საქართველოს ნაკრების მაისური, რომელიც ასევე უკვე იქცა ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ქვეყნის წარმატების სიმბოლოდ“.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები