გამოცდების დაწყებამდე საორგანიზაციო დეტალები განიხილეს

198

ქვეყანაში ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების დაწყებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ყველა ის საორგანიზაციო დეტალი განიხილა, რაც   საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ და პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფს მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს. ამიტომ შეხვდა იგი საგამოცდო პროცესში ჩართული ყველა უწყების წარმომადგენლებს და გამოცდების სამზადისზე ინფორმაცია მოისმინა. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად შექმნილ საორგანიზაციო ჯგუფში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გარდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ამასთანავე თელასის, ენერგო-პრო ჯორჯიას, მაგთიკომისა და სქაიტელის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაუწევენ ზედამხედველობას.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა უწყებამ სრული მზადყოფნა დაადასტურა, რომ გამოცდები მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული.

მინისტრის მოადგილე, ჯგუფის წევრებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკითხზე, თუ როგორ მოხდება კოვიდ-დადებითი აბიტურიენტების საგამოცდო პროცესში მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველა საგამოცდო ცენტრის აღჭურვა თითქმის დასრულებულია. წელს ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელთაგან   11 თბილისშია განთავსებული, 3 – ქუთაისში, 3 – ბათუმში, დანარჩენი კი – ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.

⇒ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, პირველ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

დატოვეთ კომენტარი