13 ივნისი, ხუთშაბათი, 2024

გამოცდამ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაიწია, თუმცა, სტატუსის ამაღლების ვადები უცვლელი რჩება – გიორგი ამილახვარი

spot_img

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კიდევ ერთხელ განმარტა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთნილი პროფესიული უნარების გამოცდის გადავადების მიზეზები და ხაზგსამით აღნიშნა, რომ გამოცდამ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაიწია, თუმცა, სტატუსის ამაღლების ვადები უცვლელი რჩება.

„შარშან პირველად ჩატარდა უნარების გამოცდა ახალი სქემის ფარგლებში. ვიცი, იყო გარკვეული წუხილები მასწავლებლების მხრიდან და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გადახედა ამ საკითხს, გაცილებით მეტი დრო უნდათ, რომ დაუთმონ ამ გამოცდას და გარკვეულ ტესტებს გადახედეს. მაგრამ აქვე ერთსაც გეტყვით, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ვინაიდან სისტემა პირველად გადის ახლა  ე.წ. პორტფოლიოების დაცვის, პორტფოლიოების წარმოდგენის პროცესს (რაც პრაქტიკული საქმიანობის დადასტურებას ნიშნავს, რომ მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდეს და შესაბამისი სახელფასო დანამატის ზრდაც განესაზღვროს) და ჩვენ ახლა ვაკვირდებით მას, დროებით, რამდენიმე თვით – შემდეგი წლის დასაწყისისთვის – გადავწიეთ უნარების გამოცდა, რომელიც ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, რომ ის ვადა, რომლის დროსაც მასწავლებლებს უნდა ავუმაღლოთ სტატუსი, 2024 წლის სექტემბრისთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს და, ბუნებრივია, ვინც დაძლევს უნარების გამოცდას და შემდეგ პორტფოლიოს, მათთვის სტატუსის ამაღლების ვადები უცვლელი რჩება,“ – განაცხადა გიორგი ამალახვარმა.

 მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გამოცდის გადავადებით საშუალება მიეცემათ, ცოცხალ რეჟიმში დააკვირდნენ პროცესს და, საჭიროების შემთხვევაში, დახვეწონ როგორც ტესტები, ისე პორტფოლიოს დადასტურების კომპონენტიც.

გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ჰპირდება, რომ სექტემბრისთვის გააცნობს მხარდაჭერის იმ მექანიზმებს, რომელსაც პედაგოგებისთვის გეგმავს. მასწავლებლის პროფესია ჩვენს საზოგადოებაში უფრო მოთხოვნადი და პერსტიჟული რომ გახდეს, მინისტრი ორ კომპონენტზე ამახვილებს ყურადღებას: „ერთი არის ის, რომ საზოგადოებაში უნდა იყოს აღიარებული, დაფასებული პროფესია და მეორე – ბუნებრივია, ვერ იქნება, თუ არ არსებობს მყარი სოციალური და ფინანსური გარანტიები ამ პროფესიის უკან. შესაძლოა, მხოლოდ ფინანსური კომპონენტიც არ ქმნიდეს მის პრესტიჟულობას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ორივე კომპონენტის ნაზავი უნდა იყოს. ამიტომ, ამ კუთხით, რიგი მიმართულებები გვაქვს იდენტიფცირებული და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ახალი სასწავლო წლიდან, ვგულისხმობ ამ წლის სექტემბერს, ჩვენ საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ მექანიზმებს, თუ როგორ ვგეგმავთ მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერას.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტის გვერდი

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები